"ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მათი ასაკი ძირითადად 3-დან 12 წლამდეა"

  • თბილისელები
  • 20 იანვარი 16:15, 2018 წელი

ეს წელიწადი ბარბარა სამხარაძისთვის ერთგვარი გარდამტეხია, რადგან ცხოვრებას ახლიდან იწყებს – სოფლიდან დედაქალაქში გადმოდის და სტუდენტობისთვის ემზადება.

– წელს სკოლას ამთავრებ. სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?


– სურვილი მაქვს ჩავაბარო კოლეჯში. კომპიუტერული გრაფიკოსი მინდა, გამოვიდე.


– მე ვფიქრობდი, მუსიკალური კუთხით გააგრძელებდი სწავლას...


– ეს ისეთი პროფესიაა, მუსიკასაც ხელს უწყობს და სიმღერების დამონტაჟებასაც. ანუ, რაც ჩემს მუსიკალურ განვითარებას სჭირდება, ყველაფერს მოიცავს. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი წელი დაიწყო ჩემთვის. სტუდენტი უნდა გავხდე და ახალი ნაბიჯები გადავდგა ცხოვრებაში – წინ წავიწიო.


– პროექტ "ნიჭიერში" მოგებული მანქანა ისევ გყავს თუ გაყიდე?


– მანქანა კი მყავს და ვატარებ კიდეც, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. ჯერ არ მინდა, გამოცდაზე გავიდე, თორემ ჩემი მონდომების ამბავი რომ ვიცი, არ გამიჭირდება მართვის მოწმობის აღება. სოფელში, სადაც მოძრაობა არ არის, იქ დავდივარ და თუ პატრულის მანქანა დავინახე, შიშები მეწყება (იცინის). ისინი კი, მესალმებიან და მეკითხებიან, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება „ნიჭიერის“ მოგების მერეო. წესებს არ ვარღვევ, მოწესრიგებული მძღოლი ვარ.


– წარმომიდგენია, პროექტში გამარჯვების მერე, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება. პოპულარული გოგო გახდი, უამრავი პრიზი მოიგე და მათ შორის, ბინა თბილისში. ფაქტობრივად, ცხოვრება აიწყვე.


– მართალია, ძალიან ბევრი პრიზი მოვიგე და პოპულარულიც გავხდი, მაგრამ ხშირად ამის გამო, უხერხულადაც მიგრძნია თავი. დისკომფორტს მიქმნის, როცა ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მე მიყურებს. ზოგი ვერ გამოხატავს იმ მოზღვავებულ ემოციას, რასაც ჩემი ნახვით იღებს. მე ამას ვგრძნობ და სულ გაღიმებული დავდივარ (იცინის). სოციალურ ქსელში მწერენ, თბილისში დაგინახეთ, სავაჭრო ცენტრში გნახეთ, ქუთაისში იყავიო. ამ დროს, სოფელ ჭაბუკიანს არ გავცილებივარ და ყველა პუტკუნა გოგო, ბარბარა ჰგონიათ (იცინის). ბევრი პუტკუჩა გოგო მწერს, ტაქსის მძღოლმა ფული არ გამომართვა, ბარბარა ვეგონეო.


– გასახდომი პროგრამის წყალობით, წონაში საგრძნობლად დაიკელი. თუმცა, შემდეგ, ისევ მოიმატე. რატომ ვერ შეძელი წონის შენარჩუნება?


– გასახდომ პროგრამაში ვიყავი და საირმეში, „ნანუკას შოუდან“ წავედით. კარგ რეჟიმში ვიყავი და გავხდი კიდეც – ათ დღეში ცხრა კილო დავიკელი. მაგრამ, ამ წონის შენარჩუნება სოფელში რთულია. აქ რომ ნატურალური საჭმელ-სასმელი, ხილი და ბოსტნეულია, ძნელია, წონაზე იფიქრო. მანამდეც, ოცი კილო მქონდა დაკლებული ორ თვეში. მერე დაიწყო კონცერტები, დავარღვიე დღის რეჟიმი და მოვიმატე. თუმცა, არ ვუჩივი – ენერგიაზე ვარ და არ მაწუხებს ჩემი წონა. სულაც არ მინდა, ტანწერწეტა ვიყო, მსხვილძვალა ვარ და არ მომიხდება. აი, 80 კილო რომ ვიყო და მოვიკლო რამდენიმე კილოგრამი, კმაყოფილი ვიქნები. თუმცა, როცა მოვინდომე, დავიკელი. თუ მოინდომე, ადამიანების წინააღმდეგაც წახვალ და გენეტიკისაც (იცინის).


– შეყვარებული არ ხარ?


– შეყვარებული არც ვყოფილვარ და არც ვარ, მაგრამ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. მათი ასაკი შემოიფარგლება, ძირითადად, 3-დან 12 წლამდე და 30-დან ზემოთ. ანუ, ჩემს სტანდარტებში ვერ ჯდებიან (იცინის). სიყვარულზე სხვანაირი შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, როცა შემიყვარდება, ის ურთიერთობა უნდა იყოს მყარი და ბოლომდე მიყვარდეს. და არა ისე, რაღაცის გამო დავშორდე და ხვალ სხვა შევიყვარო. მოკლედ, ჩამოყალიბებული ურთიერთობა მინდა. 15 წლის ბავშვს რომ შეყვარებული ჰყავს იმის გამო, უბრალოდ, ასე უნდა და გატაცება აქვს, ანდა 22 წლისა რომ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, არასწორად მიმაჩნია.


– მერე, გულს სიყვარულს რომ ვერ უბრძანებ და ეგ საქმე ზეცაში წყდება?


– ეგ, მართალია, მაგრამ ბევრი რამ შენზეცაა დამოკიდებული. მე იღბლიანი ვარ, მაგრამ ამის გამო, შენც უნდა იბრძოლო. არავისგან გამორჩეული არ ვარ, უბრალოდ, სხვაზე იღბლიანი აღმოვჩნდი. პირველად რომ სცენაზე გამოვედი და ვიმღერე, იმდენი თაყვანისმცემელი გამიჩნდა და ისეთი რეაქცია წამოვიდა, ვფიქრობ, არავისზე ყოფილა ასეთი. ამას წინათ, ერთმა ემიგრანტმა ქალმა, რომელსაც არც კი ვიცნობ, საბერძნეთიდან 50 ევრო გამომიგზავნა. იმ ფულით ყელსაბამი და სამაჯური ვიყიდე.

წყარო: თბილისელები