კომპანიები სიგარეტის გაძვირების მიზეზებს ასახელებენ

  • M2B
  • 18 იანვარი 14:56, 2018 წელი

საქართველოში რამდენიმე ბრენდის თამბაქოს ნაწარმის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. სუპერმარკეტებში გაძვირებული სიგარეტი დღეიდან გაიყიდება.

როგორც "პირველს" "ფილიპ მორის საქართველოში" განუცხადეს, სიგარეტის გაძვირება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებამ და გასულ წელს გაზრდილმა აქციზმა გამოიწვია. 


მათივე თქმით, გასულ წელს აქციზის ფაზის ზრდის შემდეგ მოახერხეს თამბაქოს საფასური მხოლოდ ნაწილობრივ გაეზარდათ, თუმცა მიმდინარე წელს ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.


"ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა "მარლბორო", "პარლამენტი", L&M, "ჩესტერფილდი" და "ბონდ სტრიტ".


პროდუქციის ღირებულება არ გაუზრდია JTI (Japan Tobacco International) თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიას. მის პორტფოლიოში არის შემდეგი ბრენდები: Sobranie, Winston, Camel, Winchester, და LD. 


2017 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.1%-ით გაიზარდა. 


2018 წლის 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

სრული ვერსიის ნახვა M2B