ვიკიპედია 17 წლის გახდა

  • რეზონანსი
  • 15 იანვარი 10:25, 2018 წელი

მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია "ვიკიპედია" დღეს 17 წლის გახდა.

ამჟამად, ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს ფლობს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია "ფონდი ვიკიმედია" (Wikimedia Foundation). პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.


ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა. ნებისმიერ სტატია, რომელსაც ნებისმიერ ვიკიპედიაში ხედავთ, შექმნილია მოხალისეთა მიერ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ვიკიპედიაში ჩართვა და მისი გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა უზრუნველყოფს.


დღეისათვის, ვიკიპედია 288 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს 40 მილიონზე მეტ სტატიას. უდიდესი განყოფილებაა ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც 5 550 490 სტატიას შეიცავს. „ფონდ ვიკიმედიის“ ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ვიკიპედიაში ყოველთვიურად ფიქსირსდებოდა 18 მილიარდი გვერდის ნახვა და 500 მილიონი უნიკალური ვიზიტორი. ამ დროისათვის, ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის. ამჟამინდელი სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში, ინგლისურ ვიკიპედიაში, წელიწადში 90 მილიარდზე მეტი გვერდის ნახვა ფიქსირდება.


2005 წელს, ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა ენციკლოპედია ბრიტანიკისა და ვიკიპედიის 42 სამეცნიერო სტატიას. აღმოჩნდა, რომ ვიკიპედიის სიზუსტე ბრიტანიკისას უახლოვდებოდა.


ვიკიპედიის განყოფილებებს შორის, სტატიათა რაოდენობით ინგლისურს მოჰყვებიან შვედური, გერმანული, ფრანგული, ნიდერლანდური, რუსული, იტალიური, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით.


2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობა 120 175-ია და 288 ვიკიპედიას შორის ქართული ვიკიპედია 58-ე ადგილს იკავებს. შედარებისათვის, პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი — ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას მოიცავს.


რეგიონში ლიდერია სომხურენოვანი ვიკიპედია 237 000 სტატიით, აზერბაიჯანულს კი 130 700 სტატია აქვს.


სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში, ქართულ ვიკიპედიაში 67 500 000-ზე მეტი გვერდის ნახვა დაფიქსირდა.


ამჟამად, ქართულენოვან ვიკიპედიას 3 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 28 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 95 000 მომხმარებელზე მეტი.

წყარო: რეზონანსი