"არავის სჯერა, მაგრამ სააკაშვილი, პრეზიდენტობის შემდეგ, სულ ორჯერ მყავს ცოცხლად ნანახი"

  • ვერსია
  • 20 ნოემბერი 00:10, 2017 წელი

სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, როდესაც ჩვენი თეატრის საკითხი იხილებოდა, მაშინდელი ოპოზიციონერები _ ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ხშირი სტუმრები გახდნენ _ მახსოვს, კიბეზე ჩამომსხდრები რომ უყურებდნენ სპექტაკლებს

გვქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან მიგვაჩნდა, რომ ერთ საქმეს ვაკეთებდით, რასაც ჩამყაყებული ხელისუფლების შეცვლა ერქვა...", - ამ განცხადებას რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი "ვერსიასთან" ინტერვიუში აკეთებს და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს.


- ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მართალია, არავის სჯერა, მაგრამ სააკაშვილი სულ ორჯერ მყავს ცოცხლად ნანახი. როდესაც პრეზიდენტი გახდა, "თავისუფალ თეატრში" მოვიდა და ამით ხაზი გაუსვა, რომ პატივს გვცემს, ვუყვარვართ... მერე აღარც მინახავს მთელი მისი საპრეზიდენტო მმართველობის დროს. ორჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი, ისიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს არ მეხებოდა პირადად მე. საუბარი ეხებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.


_ შენიშვნა მიეცით თუ რჩევა?


_ არა, ამას არ გეტყვით.


_ რა რეაქცია ჰქონდა "იდიოტიკრატიაზე'', როცა გააშიშვლეთ სიმართლე და ბევრ ადამიანს გულიც მოფხანეთ?


_ იმის გამო, რომ მიხელ სააკაშვილს კარგად ვიცნობდი, ხელს ვერ ავიღებდი ჩემს პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა ცხოვრობდეს ნამდვილი თეატრი _ თქვას სიმართლე! ჩვენი თეატრის დევიზია, რომ მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს. უკან ვერ წავიღებდი საკუთარ სიტყვას... სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან ნახევარ წელიწადში გამოვიდა სპექტაკლი "ძმები", რომელმაც, პრაქტიკულად, გადაუარა იმდროინდელ ხელისუფლებას, ასევე "კავკასიური ცარცის წრე"... რა რეაქცია ჰქონდა? _ ვერანაირი რეაქცია ვერ ექნებოდა. ისინი ძალიან კარგად მიცნობდნენ და იცოდნენ, რომ ჩემი გაჩერება წარმოუდგენელია _ როცა რაღაც მინდა, ვაკეთებ ბოლომდე და ბოლომდე ვამბობ სათქმელს. შევარდნაძის დროს არ გავჩერებულვარ და მერე რატომ გავჩერდებოდი?! რამდენადაც ვიცი, სააკაშვილის ოჯახმა უყურა ამ ფილმებს და გულიანად იცინეს.

წყარო: ვერსია