რურუა დე ფაქტო აფხაზეთში ჩავიდა – მითხრეს, ბოლოს და ბოლოს, გახლეჩილი გერმანია გაერთიანდაო"

  • ასავალ დასავალი
  • 31 ოქტომბერი 15:33, 2017 წელი

ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა და იქ ორი დღე დაჰყო.

რომან რურუა აფხაზეთში მოჭიდავეებმა მიიპატიჟეს და იქ ორი დღე დაჰყო. შთაბეჭდილებებს კი, გაზეთ "ასავალ-დასავალის" მკითხველს გადმოსცემს.


მისი თქმით, იგი აფხაზეთში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდა, მათ შორის ისეთებსაც, ვინც შეაიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა მიიღო.


"ბოლო დროს აფხაზეთის ჭიდაობის ოჯახის წარმომადგენლები აქტიურად მიკავშირდებიან. ძველი და ახალი თაობის აფხაზ სპორტსმენებს ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე და ჩემთანაც დავპატიჟე. მართლაც ორი ახლაგაზრდა ჩამოვიდა, ჩემთან სახლში ცხოვრობდნენ, ჭიდაობის შეჯიბრს დაესწრნენ და ორი დღის შემდეგ გავაცილე, თან შევპირდი, რომ მეც აუცილებლად ვესტუმრებოდი და პირობა შევასრულე. აფხაზეთში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის ისეთებსაც შევხვდი, ვინც შეიარაღებულ კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირთანაც მქონდა შეხვედრა. აფხაზეთის სანაპიროც დამათვალიერებინეს და საკუთარი თვალით ვიხილე ომის ნაკვალევი – დამწვარი შენობები, გაპარტახებული, მიტოვებული სახლები. ერთი მტკაველი მიწაც კი, არ არის დამუშავებული და ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს დღეშია.


იმ აფხაზებს შორის, რომლებსაც შევხვდი და ვესაუბრე საქართველოს მიმართ ზიზღი, არავის გამოუხატავს, პირიქით, აშკარად ეტყობოდათ პატივისცემის განწყობა ქართველების მიმართ.


მათ მითხრეს – ქართველების მხრიდან, უმეტესად, ქურდები და ყაჩაღები გვეომებოდნენ, რადგა ომის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი დაწესებულება, არცერთი ოჯახი, რომელიც არ გაძარცვეს და არ დააყაჩაღესო. მათი თქმით, წამებისა და გაუპატიურების ფაქტებიც მრავალად იყო. იძულებული ვიყავით, ჩვენი ოჯახი და ჩვენი ხალხი დაგვეცაო- აღნიშნეს ჩემთან საუბარში.


მართლაც, ჩვენც ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოს სიყვარულით გულანთებულ მებრძოლებში ბევრი ქურდი, ყაჩაღი და ხელმოცარული ადამიანიც ერია- ისეთები, ვინც ომში ქონების მოსახვეჭად წავიდა. საერთოდ, მინდა ავღნიშნო, რომ აფხაზები არამარტო ქართველებს, არამედ რუსებსაც არ ემადლიერებიან. აფხაზები მშვენივრად ხვდებიან, რაც სჭირთ და თავიანთ მძიმე მდგომარეობას აანალიზებენ. მათ მითხრეს- ბოლოს და ბოლოს, ჩვენ კი არა, ორად გეხლეჩილი გერმანია გაერთიანდაო", – აცხადებს რომან რურუა.
ამასთან, რომან რურუა ხელისუფლებას სთავაზობს, რომ აფხაზეთიდან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები ჩამოიყვანოს და პროფესიონალებად გაზარდოს, თუ ამის ხელშეწყობა და პირობები იქნება, რაზეც აფხაზებისგან თანხმობა მიიღო.


"ჩვენ უნდა შევუქმნათ კარგი პირობები აფხაზ ახალგაზრდებს. შეთავაზებაზე, რომ ნიჭიერი და პერპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები დასაოსტატებლად თბილისში გამოგზავნონ, აფხაზები სიამოვნებით დამთანხმდნენ. აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვებს თბილისსა თუ ჩვენს სხვა ქალაქებში ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ! აფხაზებმა უნდა იგრძნონ, რომ ქართული სახელმწიფო მათ შვილებს პატრონობს", – აცხადებს რომან რურუა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.

წყარო: ასავალ დასავალი