"ძნელი იყო 5 ადამიანზე ძლიერი ვყოფილიყავი... ყოველ კივილზე პირზე ხელის აფარებას ვგრძნობდი"

  • facebook.com
  • 12 ოქტომბერი 18:12

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე.


იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და არალეგიტიმური იყო. სკოლაში მაგაზე არაფერი უსწავლებიათ, არც შესაბამისი ლიტერატურა მქონდა, ძირითადად საბჭოთა წიგნებზე ვიზრდებოდით.


ბათუმში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, არც მაშინ მისწავლია, სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი რა თქმა უნდა მქონდა, მაგრამ რესურსები არა, არც ინტერნეტი, არც შესაბამისი წყაროები, და მქონდა სკოლაში მიღებული ცოდნა შუშანიკზე, შაჰ აბასზე, h2o-ზე, სინუსებზე და კოსინუსებზე, მსოფლიო მიზიდულობის კანონზე, მაგრამ არასოდეს გვილაპარაკია ადამიანის უფლებებზე, არც გენდერზე და სოციუმში მათ მიმართ არსებულ უამრავ პრობლემაზე, არც „ენჯეო“ ვიცოდი და არც ის საკუთარი უფლებები როგორ შემეძლო დამეცვა. შესაბამისად, არც მეგონა კონსტიტუციის მეორე თავი რომ არსებობდა და სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).


მერე მომიტაცეს და იძულებული ვიყავი გამეგო. 2008 წლის აგვისტოს ორი ომი გადავიტანე, ერთი გლობალური და სახელმწიფოებრივი, მეორე პერსონალური. სწორედ იმ დღეს, როცა გავიგე რომ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ზღვიდან სახლში მიმავალს ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, შიგნით ერთი ჩემზე შეყვარებული ადამიანი, დანარჩენი ოთხი კი მისი გულშემატკივრები ისხდნენ. რამოდენიმე წამში ძალით ჩამტენეს მეც, ერთდროულად მებრძოლიც და მორჩილიც, არავის უკითხავს მინდოდა თუ არა იქ ჩაჯდომა, ან იყო თუ არა ეს ჩემი არჩევანი, არც ჩემი ტირილი, ყვირილი, ცრემლები, თხოვნა თუ მუქარა ადარდებდა ვინმეს, მთაში წამიყვანეს, იქ ვერავინ მომაგნებდა. მახსოვს პირველი ემოცია, რაც დამეუფლა დაბნეულობა და გაურკვევლობა იყო, მერე შემეშინდა, რადგან ძნელი იყო 5 ადამიანზე ძლიერი ვყოფილიყავი. მაინც გავბედე და სანამ დასახლებული პუნქტებიდან გავიდოდით ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეკივლა, მაგრამ ყოველ კივილზე პირზე ხელის აფარებას ვგრძნობდი, მანქანის მინის ჩამსხვრევის მცდელობის შემდეგ ხელების და ფეხების გაკავებას. მაგრამ არც ჩემთან იყო პასუხი, ვერავის გავაგონე ჩემი ხმა, ან ვინ იცის იქნებ არც გაიგონეს. ბოლოს დავიღალე და დავნებდი, უკვე ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, როცა აჭარის ერთ-ერთ რაიონში, შუახევში მივაღწიეთ, ადგილი მეცნო, რადგან სწორედ ამ რაიონშია ჩემი სოფელი, თან საპატრულო პოცილიის მანქანა დავინახე, წამებში მივვარდი ფანჯარასთან და კივილი დავიწყე მიშველეთ თქო, მაგრამ წამებშივე მომმვარდნენ და გამაჩუმეს. უკვე მეორედ მოხდა, როცა ჩემს შველაზე გამამხნევებელი პასუხი არავინ გამცა. სამაგიეროდ ვისმენდი მძღოლის არაფრისმომცემ ნუგეშს რომ მისთვის ეს უკვე მე-14 თუ მე-15 გატაცება იყო და ყველა „ბედნიერებით“ დამთავრდა, რომ თავიდან ყველა კივილით იწყებს და ბოლოს დაოჯახებით ამთავრებს. სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ აუცილებლად გამონაკლისი უნდა ვყოფილიყავი.


6 საათამდე ვიყავით გზაში, სანამ მთაში ავიდოდით. მახსოვს მანქანიდან არ გადავდიოდი, ვიცოდი რომ ვერც ამაში მოვიგებდი, რადგან 5 ადამიანის ძალა უფრო ძლიერი იქნებოდა ვიდრე ჩემი, მაგრამ ასე თითქოს მათ ძალადობას ვაპროტესტებდი, ბოლოს მაინც მომიწია ქოხში შესვლა, მაგრამ პროტესტის ნიშნად ამჯერად შიმშილობა გამოვაცხადე. ძილი მოვითხოვე, რა დამაძინებდა, უბრალოდ ცოტა ხნით მარტო დარჩენა მინდოდა, თან ფანჯრებს გისოსები არ ჰქონდა და იმედად მესახებოდა, იქნებ გადავიპარო, გავიქცე, ვინმესთან მივალ ქოხში და დამეხმარონ მეთქი. რადგან გზაში შევამჩნიე რომ რამოდენიმე სახლიდან სინათლე გამოდიოდა და სწორედ ეს ნათელი იყო პატარა ნუგეში ჩემთვის. თან გამტაცებლებს შეატყობინეს, რომ ჩემმა მშობლებმა განცხადება შეიტანეს მათ წინააღმდეგ პოლიციაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. მშობლებმა იცოდნენ იქამდე ჩემი ყოფილი შეყვარებულის მოტაცების მუქარების შესახებ, მათთვის არაფერი დამიმალავს, სწორად ივარაუდეს ჩემი გაუჩინარების მიზეზიც, რომელიც შემდეგ ბიჭის მშობლებმაც დაუდასტურეს. პოლიცია ჩემს მოძებნას არ ჩქარობდა, ჯერ 48 საათი უნდა გასულიყო რომ ძებნა დაეწყოთ. როგორც კი განცხადების შეტანის შესახებ გაიგეს დამემუქრნენ, რომ პოლიციაში მამაჩემს პრობლემები შეექმებოდა, დაიჭერდნენ, ახლობლები ყავდათ იქ. თან ერთი კვირა კიდევ დამტოვებდნენ მთაში. მე კიდე ამ აბსურდის შემეშინდა და დავიჯერე, ამიტომ იძულებული ვიყავი დამერეკა სახლში და მეთქვა რომ ჩემი ნებით გავყევი და განცხადება უკან გამოეტანათ. სხვა ვერაფრის თქმა მოვასწარი. ყურმილი რამოდენიმე წამში დაიკიდა. ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ უნდა გავქცეულიყავი, რადგან ჩემი დარეკვის შემდეგ შემეშინდა, რომ აღარავინ მომძებნიდა.


ოთახის კარი ღია დატოვეს და ყოველ პატარა ხმაურზე შემოდიოდნენ, სწორედ იმ მომენტში, როცა ფანჯარა გავაღე და უნდა გადავმხტარიყავი, შემომისწრეს და დამიჭირეს. სხვა გზა აღარ მქონდა, სხვა გეგმებზე უნდა გადავსულიყავი, ან „მათიანი“ უნდა გავმხდარიყავი ან ბასრი საგნით დამეზიანებინა, ერთადერთი საფრთხე რაც მემუქრებოდა გაუპატიურება იყო, რომლის გამოც ალბათ ადამიანს მოვკლავდი, მაგრამ ერთი ვიყავი. ვერ გავბედავდი მაგას. ამიტომ გარდავიქმენი „მათიანად“ და დავიწყე საუბარი იმაზე, როგორი ლამაზი ოჯახი გვექნებოდა, რომ ვიფიქრე და გადავწყვიტე „დარჩენა ცოლად“, რომ ღამე გავათენე უკვე ბიჭთან ერთად და მაინც ყველა იფიქრებდა რომ „მოსახდენი მოხდა“ და როცა ყველა იფიქრებდა, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი, არავინ წამომიყვანდა უკან, სახლში. ეგრე იყო მიღებული მაშინ. სწორედ ასე გადავურჩი მორიგ ძალადობრივ ფაქტს. მაშინაც და ახლაც, ჩემთვის ეს მიზეზი სასაცილოა, ისიც ვიცოდი რომ პირველ რიგში მშობლების სიყვარულში გამიმართლა და მათთვის ამ წვრილმან ფაქტებს მნიშვნელობა არ ექნებოდა და „მონატაცების“ იარლიყის გამო მოძულებული შვილი არ ვიქნებოდი.


მეორე დღეს დავბრუნდით ბათუმში. ბათუმამდე გზად ბიჭის ნათესავის ოჯახში შევიარეთ, სუფრა იყო გაშლილი, ოჯახის შექმნას გვილოცავდა ყველა, ყველა ბედნიერი იყო, მე კიდე მაგიდის კიდეში ვიდექი და ვტიროდი, თვალებზე ცრემლები ჩამომდიოდა და მეგონა, რომ ვერავინ მხედავდა, უჩინარი ვიყავი, ვერ დავიჯერე, რომ არავის აინტერესებდა ჩემი განცდები. არავის გამოუხატავს სოლიდარობა, არავინ შეწუხებულა, არავის უკითხავს რა მინდოდა და რატომ ვტიროდი. რეალობის შეგრძნებას საგნებზე ხელის მოჭიდებით ვცდილობდი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ნამდვილად იქ ვიყავი, ნამდვილად დადიოდა ჩემს ირგვლივ ამდენი უგრძნობი სულიერი, რომელთათვისაც არ ვარსებობდი და ფიქრობდნენ, რომ ბუნებრივია, როცა ქალები გათხოვების წინ ტრადიციულად ტირიან.


ბათუმში რომ ჩამოვედით, მითხრეს რომ დაკითხვაზე უნდა შევსულიყავი, როგორც აღმოჩნდა მშობლებმა ჩემი განწირული თანხმობის ზარს არ დაუჯერეს და განცხადება არ გაუტანიათ, ამიტომ გამოძიება გრძელდებოდა. მოვითხოვე, სანამ დაკითხვაზე მივიდოდი მშობლები უნდა მენახა, იქ მისულს მშობლებთან ერთად, დეიდაჩემი და მისი მეგობარი იურისტი, თამუნა კორძაია დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ თუ არ დავრჩებოდი, მამაჩემს არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა, არც მაშინ დაემუქრებოდა საფრთხე თუ ვუჩივლებდი, და ჩემი გადასაწყვეტი იყო რას ვიზამდი, მინდოდა თუ არა დარჩენა ამასაც მე ვწყვეტდი და საერთოდ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა. იგივე გამიმეორეს მშობლებმაც და სწორედ მათი მხარდაჭერა და ნდობა იყო იმ მომენტში მნიშვნელოვანი. პირველად, სწორედ მაშინ გავიაზრე რომ სამართლებრივად იმის უფლება მქონდა, რაც მინდოდა ისე, რომ სხვას ამით ზიანს არ მივაყენებდი. იყო განსხვავებული დამოკიდებულბებიც სხვა ადამიანებისგან, „მონატაცები ქალი ხარ“, რომელსაც უმრავლების აზრით არც მომავალი აქვს პირად ცხოვრებაში და არც წარმატება ელის კარიერაში და ჯობია დარჩე. მე ეგრე არასოდეს მიფიქრია, მაგის რომ შემშინებოდა ხომ დავრჩებოდი, მაგრამ წამოვედი, ავდექი და წამოვედი. მაგრამ სამწუხაროდ არც მიჩივლია, დაკითხვისას ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავყევი, უამრავი შეუსაბამო მომენტი იყო, რაც სრულიად არადეკვატურს ხდიდა ჩემი საქციელის ნებაყოფლობას, მაგრამ დეტალებით არავინ დაინტერესებულა, ერთადერთი, რასაც ვხედავდი გამომძიებლის მხრიდან ის იყო როგორმე სწრაფად დაეხურა საქმე. შენობიდან გარეთ რომ გამოვედი ერთ მხარეს ჟრიამული და გაბედნიერების მოლოცვები ისმოდა, ბიჭის მხარე უკვე ქორწილსაც გეგმავდა, მეორე მხარეს იყო გლოვა, მშობლების ფერმკრთალი და ნაღვლიანი სახეები და სწორედ მაშინ ვიგრძენი საკუთარი უპირატესობა, როცა მივხვდი, რომ მე შემეძლო, ის მხარე ამერჩია, რომელიც მინდოდა. რა თქმა უნდა, მე „გლოვის“ მხარე ავირჩიე, იქ, სადაც არჩევანის თავისუფლება მელოდა. მერე იყო მოკითხვები, რომ იქნებ მოვრიგდეთ ოჯახები და ამჯერად უკვე ქორწილიც გადავიხადოთ, იყო შემპარავი ფრაზები გარე ადამიანებისგან „იქნებ ისევ იმას გაყვე, მაგრამ ქორწილით“ და ვერაფრით ხვდები რატომ არცხვენ ამ ახლობლებს შენი გადაწყვეტილებით. ვიცი რომ აუცილებლად დაისმევა კითხვა, რატომ არ ვუჩივლე, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, შეიძლება მაინც მეშინოდა, ან შემეცოდა. ჩემზე პატარა იყო, 17 წლის, და ისიც იმ საზოგადოების მსხვერპლი იყო, სადაც ჯერ კიდევ გმირობად ითვლებოდა ცოლის ძალადობით შერთვა, და თუ იმდენს მოახერხებდა, რომ გოგო მასთან დარჩებოდა, ღირსების ორდენსაც დაკიდებდნენ. ჩინ-მედლებით ვერ დაჯილდოვდა, მაგრამ წლების მერე საკუთარი საქციელის გამო პატიება ითხოვა.


ამ ფაქტს გვერდითი ეფექტივით თან ახლდა საკითხები, რომლებიც მაშინ მარტივი არ ყოფილა, რადგან არ გაქვს პასუხები, რატომ არის ასეთი უნდობლობა ქალისადმი და როგორი საფუძველგამოცლილი არგუმენტებით ამართლებენ მოძალადეს. როგორ განსხვავდება შენი რეალობა საზოგადოების წარმოდგენებისგან. როცა მხოლოდ ერთეულ ადამიანებს სჯერათ, რომ არჩევანის თავისუფლება არ გქონია, მითუმეტეს ჩემი „აღიარების“ შემდეგ. აპრილში საგარეჯოში მოიტაცეს გოგო ცოლად შერთვის მიზნით, მაშინ გავაცნობიერე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ საკითხზე დღემდე უცვლელია, რადგან იმ შემთხვევაშიც და ჩემი მისამართითაც ხშირად ვაწყდებოდი მსგავს რეპლიკებს: „ალბათ საბაბს მისცემდა“, „ძალით ვინ მოიტაცებდა“, „უნდოდა ალბათ და გაყვა“, რითიც ფაქტობრივად ამართლებ დანაშაულებრივ ფაქტს.


სინამდვილეში კი, ეს მაშინაც შეიძლება არ იყოს მართალი, როცა ამას „მოტაცებული“ ამბობს. რომ შეიძლება ცდებოდეს სოციუმი და მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს მართალი. და შენ ვალდებული ხარ მისი გჯეროდეს, რადგან სადღაც, შორს, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის არც სამოქალაქო განათლების შესაბამისი დონე, არც ინტერნეტი, არც წვდომა აქვთ სხვა რესურსებზე, იქ ისევ ეგრე ფიქრობენ, ისევ სისტემური პრობლემაა, ისევ ვაწყდებით ათასგვარ არაჯანსაღ პოლემიკებს ამ საკითხებზე, სადღაც ისევ ტოვებენ გოგოებს ძალით ვიღაცების ცოლად.


შეიძლება ამ ამბავში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ არის საკითხები და თემები, რომელიც მგონია რომ ბევრჯერ უნდა გაიმეორო, რადგან შეიძლება აქ, „ბასიანზე“ თუ „ხიდზე“, როცა თავისუფლების თუ არჩევანის სულ სხვა დონეებს აღწევ, მსგავსს ვერაფერს წააწყდე, მაგრამ არის ადგილები, და არიან გოგოები რომლებსაც ჯერ კიდევ ეშინიათ და მაგიტომ რჩებიან და არიან მშობლები, რომლებსაც რცხვენიათ უკანმობრუნებული შვილების და მაგიტომ ტოვებენ. ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე მომეყოლა ეს ისტორია, მათთვის ვინც ეს გამოსცადა, ან ვისაც პოტენციური საფრთხე ემუქრება დღესაც, 2017 წელს, და პირველ რიგში საზოგადოებისთვის მეთქვა, რომ ცდება, ძალიან ხშირად და უსამართლოდ, და მხარდაჭერაა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი. და უნდა ვასწავლოთ უფრო მეტი ჯერ კიდევ პატარებს აკვნებში, სკოლებში, სახლებში, თუ ქუჩებში, რადგან როცა მეტი იცი, უფრო ნაკლებად გეშინია და უფრო გაბედული ხარ გადაწყვეტლების მიღებისას. რადგან ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თამუნა კორძაია არ გამოგეცხადოს ან მშობლების სიყვარულს, საზოგადოების მარწუხებმა სძლიოს“.


ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური

სრული ვერსიის ნახვა facebook.com