დაწყებით კლასებში სექსოლოგიის სწავლება ინერგება - დასვენებების ხანგრძლივობა იზრდება

  • ვერსია
  • 18 სექტემბერი 19:13, 2017 წელი

განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში აფასებს.

გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:

_ რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, 12 წელია, ბარიერის აწევაზე ვსაუბრობ. გამოკვლევებიც ჩავატარე, დასკვნებიც დავდე. შეფასების ათობით შკალაზე თუ დავდებთ ეროვნული გამოცდების ქულებს, გამსვლელი არის 2; 2.5; 3, რომლებიც არადამაკმაყოფილებელ შეფასებად ითვლება. ეს დანაშაულია. კარგია, ალექსანდრე ჯეჯელავა ამაზე რომ ალაპარაკდა, მაგრამ ეს პრობლემა ახლა კი არა, მოსვლის დღიდან უნდა მოეგვარებინა.


_ თუმცა, ბარიერის აწევას ალბათ მოსწავლეებისა და მშობლების უკმაყოფილება მოჰყვება.


_ მოსწავლემ და სტუდენტმა უნდა გაიგოს, რომ რეალურად უნდა ისწავლოს და ტყუილად არ დაუწერონ ნიშნები. 11 000 ბავშვის ჩაჭრაზე სახელმწიფო აგებს პასუხს. ნაციონალურმა მოძრაობამ გაატარა არასასურველი რეფორმები, არც "ოცნებას" შეუტანია ძირეული ცვლილებები სისტემაში და სწორედ ამის შედეგებს ვიმკით. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სტანდარტები და პროგრამებია, ცუდი სახელმძღვანელოებია, არ ტარდება ღრმა რეფორმები. ხომ არიან მომთხოვნი პედაგოგები, რომლებსაც მოსწავლეებიც მიჰყვებიან და შედეგი დადებითია? ვეკითხები მასწავლებლებს, რატომ დაუწერეს იმ ჩაჭრილ 11 000 მოსწავლეს დადებითი ნიშანი?


_ ეს მენტალობის ბრალი ხომ არაა, ნაცნობობა რომ წყვეტს ბევრ საკითხს დღესაც?


_ რა თქმა უნდა, მავნებლური ჩაწყობის ინსტიტუტი საქართველოში ყველგან არის _ ნაცნობობა ყველგანაა, მაგრამ მაგალითად, გერმანიაში არავინ დაუწერს ნიშანს მოსწავლეს ან სტუდენტს, თუ მას არ ექნება შესაბამისი ცოდნა. პირადად, არასოდეს ვწერ დაუმსახურებლად ნიშანს. ოქროს მედალი გამიფუჭებია მოსწავლისთვის, რისთვისაც მოსაკლავად დამდევდნენ და ნათესავებთან ვიმალებოდი. მაშინ მედალს ძალა ჰქონდა... იცით, რამხელა ზეწოლა განვიცადე კოლექტივისგანაც? სხვათა შორის, მაშინ მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო და სამინისტრომ მხარი დამიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაკრიტიკებდი. სხვათა შორის, კორუფცია ყოველთვის იყო ამ სისტემის პრობლემა. კორუფცია მხოლოდ კონვერტით ფულის მიცემა კი არა, გარიგებები, საჩუქრომანიაა... რაც დღესაც ხდება.


_ ძირეული შეიძლება არა, მაგრამ გარკვეული რეფორმები მაინც ტარდება. რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს. მართლა შემოდის დაწყებით კლასებში აზარტული თამაშებით სწავლება?


_ ამ საკითხს ჯერ არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ საინტერესოა, აზარტულ თამაშთან დაკავშირებით საპატრიარქოს დაეკითხნენ? როცა გაუჭირდებათ, მაშინ ხომ გარბიან ყველაფერზე პატრიარქთან? სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულია კონკორდატი, შესწავლილი მაქვს მსოფლიო გამოცდილება და ეს დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს, ეკლესიას, მის პირველ პირს ჰკითხოს და აიღოს ლოცვა-კურთხევა გარკვეულ საკითხებზე; მაგალითად, ეს აზარტული თამაშები ანდა სექსოლოგიის სწავლება უნდა შემოვიდეს თუ – არა.


_ სექსოლოგიის სწავლება გადაწყდა?


_ საპატრიარქოს განათლების კომიტეტსა და სამინისტროს შორის ამ საკითხებზე იყო შეუთანხმებლობა. კონკორდატის არსი საქართველოში უკუღმა ესმით, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ასეთი შეთანხმების საფუძველზე განათლების, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს ეკლესიას უთანხმებენ.


_ სექსოლოგიის საკითხები საბავშვო ბაღებშიც ემატება ხომ?


_ დიახ, მაისში დაიდო ხელშეკრულება გაერო-სა და განათლების სამინისტროს შორის, რომლის საფუძველზეც განიხილება სხვადასხვა საკითხი. მაგალითად, არ მოხდეს სქესის იდენტიფიცირება სახელით მიმართვისას.


_ მშობელს შეეძლება, წინასწარ გაეცნოს ამ პროგრამას?


_ აქ საჭიროა ერთიანი წინააღმდეგობა, რაც არჩევნებზე უნდა აისახოს. ავადმყოფობის მიმართ მებრძოლი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არაა საჭირო... არ შეიძლება, ადრეულ ასაკში ბავშვებს ძალად მოახვიო თავს და უთხრა, როგორც უნდათ, სქესი ისე აირჩიონ. ეს არ ჯდება ჩვენს ტრადიციებში და ამას რჯულის კანონიც გმობს.


_ ქალბატონო მანანა, ე.წ. საზეპიროების გაუქმებას ეთანხმებით?


_ საზეპიროები მოშალეს, ლექსებს არ აზეპირებინებენ ბავშვებს, ქართული ენის გრამატიკა არ ისწავლება. ბავშვს ზეპირობის უნარი რომ არ აქვს, სხვა საგნებში სწავლაც უჭირს, არადა ქიმიაში, მათემატიკაში... რაღაცები დასაზეპირებელია. ბავშვები ვერაფერს იმახსოვრებენ.


_ რადგან საკვები ახსენეთ, ვაშლებზეც გკითხავთ... მოგწონთ განათლების მინისტრის ინიციატივა მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგების შესახებ?


_ ძალიან კარგია ეს ინიციატივა. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არაა სასადილოები, სადაც ცხელი კერძები გაკეთდება და ჯანსაღად კვება შეიძლება. სადილის დროს ადამიანმა და მით უმეტეს ბავშვმა, ნორმალურად უნდა ისადილოს. ევროპაში სწავლას დილის 7 საათზე იწყებენ. აქაც ასე დაიწყონ. როცა სახელმწიფოს იმის თავი არ აქვს, სასადილოები გააკეთოს და ჯანსაღი კვება შესთავაზოს მოსწავლეებს, დაიწყოს სწავლა ადრე და ბავშვი სახლში იქნება სადილის დროს. კვებით ქიმიას ვასწავლი სამედიცინო უნივერსიტეტში და ვიცი, როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა. საუზმე, სადილი და ვახშამი თუ მეცნიერულად დადგენილ დროს არ მიიღო, ავადდება. რატომ ვაშლი? _ ნებისმიერი ექიმი ამბობს, რომ ყოველთვის უნდა გვედოს ვაშლი ჩანთაში, ძალიან სასარგებლო პროდუქტია, დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მაგრამ როგორც ვიცი, კვირაში მხოლოდ ერთხელ დაურიგებენ ბავშვებს...

_ გაკვეთილებს შორის დასვენების ხანგრძლივობა იზრდება...


_ ერთი დასვენება 20-წუთიანი, დანარჩენები კი 10-15-წუთიანი ხდება. მტვერში, ნაგავში, არასათანადო პირობებში, რომელიც სკოლების უმეტესობაშია, იქ, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არადამაკმაყოფილებელია, გათბობა არაა საკმარისი, სასადილოები არ არსებობს, დასვენების გადიდებით ხომ უნგრევენ ჯანმრთელობას მოსწავლეებს?


თუმცა, ამას გარდა, ბევრი პრობლემაა. მეგონა, გონიერება ეყოფოდათ და 15 სექტემბერს, პარასკევს სწავლა არ დაიწყებოდა. უდისციპლინობასა და გაცდენას რატომ უწყობს სახელმწიფო ხელს, არ მესმის. ხომ იციან, რომ 15 სექტემბერს დასწრება 20% იქნება? ჯერ ერთი, საინტერესოა, რატომ არ იწყება სწავლა პირველ სექტემბერს. ნაციონალებს ეგონათ, ეს თარიღი კომუნისტების შემოღებულია, რაც ასე არაა. ლამის ერთი საუკუნე მიმდინარეობდა მეცნიერული დავა-კამათი მსოფლიო პედაგოგიკის კლასიკოებს შორის და ბოლოს დაადგინეს სწავლის დაწყების თარიღად 1-ლი სექტემბერი, მაშინ დედამიწაზე კომუნიზმი არ არსებობდა.





წყარო: ვერსია