მარიამ ჯაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე: მზად ვარ ვიყო თანაავტორი

  • liberali.ge
  • 14 სექტემბერი 11:13

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯამში "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ მომზადებულ ვიდეომასალში ნარკოპოლიტიკის შესახებ, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებს.

მისი თქმით, როგორც მარიხუანის, ასევე ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა შემთხვევაში მხოლოდ მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს. ჯაშის თქმით, საქართველოს არსებული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტი დაბალანსება სჭირდება იმისთვის, რომ პრევენციასა და რეაბილიტაციაზე მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს.


„არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, არამედ მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკით, გამოცდილებითა და მტკიცებულებით უპირატესი ალტერნატივა ბუნებრივია, არის სახელმწიფოს მხრიდან  რეაბილიტაციის პროგრამებსა და არარეპრესიულ პოლიტიკაზე უფრო მეტი ინვესტიციის დაბანდება“, - აღნიშნავს ჯაში.


 



პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ავტორობით მომზადებული ნარკოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. 


"კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმავე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი. ამ უკანასკნელი ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრ სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, კომერციული მიზნის გარეშე, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც აშკარაა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. დაიხვეწა ნარკოტიკული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები და მათი თანმდევი შედეგები, ხოლო ზოგიერთი მუხლი გაერთიანდა (მაგ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გაერთიანდა სსკ-ის 260-ე მუხლთან და ამ ქმედებაზეც ზოგადი წესით განისაზღვრა სანქციები)", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

სრული ვერსიის ნახვა liberali.ge