ვინ დადგა 10 სექტემბრის "მიშას შოუ"

  • ვერსია
  • 11 სექტემბერი 16:51, 2017 წელი

გაზეთი "ვერსია" დღევანდელ ნომერში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას განიხილავს და ვარაუდობს, რომ ის, რაც მოხდა კონკრეტული პირის ინტრესები იყო.

"მატარებელი ვერ წავიდა ანუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გეგმა "ბ'' ჩაუვარდა, რაც ნიშნავს, რომ იძულებული გახდა, შემადგენლობა დაეტოვებინა და პოლონეთიდან უკრაინის საზღვრამდე ავტობუსით მისულიყო. რატომ აამუშავა ექსმა გეგმა ,,ბ''? _ ამის შესახებ ბევრი ითქმევა და დაიწერება, თუმცა სანამ დასკვნები გაკეთებულა, „ვერსია“ ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას მოგაწვდით: 9 სექტემბერს, საღამოს, სააკაშვილმა ვარშავაში, ქართულ რესტორან „გეორგიაში“ ივახშმა. ეს ინფორმაცია უტყუარი რომაა, „ვერსიას“ ბრძოლის წინ გამართული პურობის ფოტოებიც მოაწოდეს", - წერს გამოცემა.

"რაც შეეხება მღელვარე 10 სექტემბერს, ამ დღეს ოდესის გუბერნატორმა გეგმა მოულოდნელად შეცვალა და, როგორც აღვნიშნეთ, უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მატარებლით განიზრახა, თუმცა მას შემდეგ, რაც მატარებელი იმის გამო არ დაიძრა, რომ იქ უსაბუთო მგზავრი იმყოფებოდა, სააკაშვილმა მატარებელი დატოვა...


საბოლოოდ, ისევ ავტობუსში ჩაჯდა და „ოთხთვალაც“ დაიძრა, თუმცა მიშამ აქაც ერთგვარი წარმოდგენა გაითამაშა _ თავიდან ამბობდა, რომ უკრაინის სანახებს „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტიდან მიუახლოვდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მივიდა. ოდესის გუბერნატორს უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლები და რადა-ს დეპუტატებიც ახლდნენ", - ნათქვამია სტატიაში.


"ამასობაში, ითქვა, რომ საზღვარი დანაღმული იყო, შესაბამისად, მესაზღვრეების უფროსმა „დაუპატიჟებელი სტუმრები“ გააფრთხილა, რომ მათი სიცოცხლე შესაძლოა, საფრთხის წინაშე დამდგარიყო. უკრაინელი ოპოზიციონერები მესაზღვრეებს კარგა ხანს უმტკიცებდნენ, განცხადებას დავწერთ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, ოღონდ უკრაინაში შევიდეთ და მზად ვართ, ამისთვის დავიხოცოთო. ამ დიალოგში მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა და მხოლოდ ერთხელ განაცხადა, ყველაფერი ეს, რაც აქ ხდება, დებილობააო! მერე, მიშამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, თავისი „წითელი მესაზღვრეობაც“ გაიხსენა და ხელი ჩვეულ ოპოზიციურ პათოსს მიჰყო, მესაზღვრეები არაფერ შუაში არიან, უბრალოდ, პოროშენკოს ჩემი ეშინია და რაკი ასეა, სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს, რათა ქართულ სახელმწიფოს გადამცესო...
მოკლედ, მიშამ ბევრი ისაუბრა, უკრაინის პრეზიდენტს სულ ავტოკრატი და „უკრაინელი პუტინი“ ეძახა. მიშას კვერი იულიამაც დაუკრა და საზოგადოებას სიმართლის მხარეს დადგომისკენ მოუწოდა.
მოკლედ, ხანგრძლივი ლოდინისა თუ „ნერვების ომის“ შემდეგ, უკრაინის მხარეს შეგროვილმა სააკაშვილის მომხრეებმა მესაზღვრეების ცოცხალი ჯაჭვი გაარღვიეს, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სააკაშვილი, უკრაინელ დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში „გაიტაცეს“ ანუ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების ყველა კორდონი გაარღვიეს. ამის შემდეგ, სააკაშვილის მომხრეებმა სახელდახელო მიტინგი გამართეს და სკანდირება დაიწყეს: „სლავა უკრაინე!“


ისე, ჩვენში დარჩეს და, ყბადაღებული სიმღერა _ „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში “, 10 სექტემბერს რეალობად იქცა: მიშა პოროშენკოში ანუ უკრაინაში შევიდა!


სხვათა შორის, ის, რაც 10 სექტემბერს უკრაინაში მოხდა, მეტ-ნაკლებად ნაცნობი სცენარი იყო. ყოველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბერშიც მოვლენები დაახლოებით ასე განვითარდა. ეგაა ოღონდ: მაშინ მიშამ შევარდნაძის ჩაი დალია. დალევს თუ არა პოროშენკოს ჩაისაც, ამას დრო გვიჩვენებს!


დრო ასევე იმას გვიჩვენებს, როგორ მოხდა, რომ ძალოვნებმა, მით უმეტეს, ჯარმა, რომელიც შემთხვევის ადგილას იყო მობილიზებული, სააკაშვილი, როგორც ქვეყნის საზღვრის უკანონო გადამკვეთი, არ დააკავეს? გასაგებია, რომ სისხლისღვრას მოერიდნენ, მაგრამ იგივე სააკაშვილის მხარდამჭერები არც იმდენნი იყვნენ, რომ ძალოვნებს მათთვის წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ. ამიტომაც ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ 10 სექტემბრის შოუს დადგმა ვიღაცას, ალბათ, აწყობდა..."- წერს "ვერსია".

წყარო: ვერსია