ფონიჭალის ნარკობაზრის კულუარები _ პატიმარი სქემას შიფრავს

  • ვერსია
  • 21 აგვისტო 14:55, 2017 წელი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი-მეორის მიყოლებით, რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა.

შედეგად, შსს-ს განცხადებით, დაკავებულნი არიან ნარკორეალიზატორები, რომელთა უმრავლესობაც ფონიჭალელია. ზოგადად, ფონიჭალა ყოველთვის იყო ძალოვნების "აქილევსის ქუსლი" და "ბარიგების" ყველაზე დიდი ნავსაყუდელი, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ერთი პერიოდი, ეს პრობლემა მოგვარდა. პრობლემა თითქოს ამ ხელისუფლების პირობებშიც მოგვარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფონიჭალა მაინც რჩება აუღებელ ციხე-სიმაგრედ _ იქ, ადრე თუ გვიან, მაინც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკს ყიდიან.


რა თქმა უნდა, ხელს არავისკენ ვიშვერთ და სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს, უდანაშაულობის პრეზუმფციასაც ვიცავთ, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ ათეული წლებია, ნარკოდანაშაული სწორედ ამ უბანთან ასოცირდება...


"ჩემზე დამპალი ნარკონამი არ არსებობდა საქართველოში და ეს ვინ ყოფილა, ბიჭო? არა, წამლის გულისთვის რა სისულელე არ გამიკეთებია, მაგრამ ასე თავის გამეტება? _ ნახე, რა, ფეხები რას უგავს, ასე თავის გამეტება იქნება? დალპები, შე ჩემისა, დალპები", _ რუსთავის #17 დაწესებულების აბანოში საქართველოს მასშტაბით ცნობილი ნარკომანი ახალ პატიმარს ფეხებზე უყურებდა. იმ ახალს მთელი ბარძაყები მუქი ყავისფერი ლაქებით ჰქონდა დაფარული. 


"ეს რა არის?" _ ინტერესით იკითხა #0578-მა, რომელიც მსგავს იარებს პირველად ხედავდა. 


"რა არის, ჩემო მეგობარო და, ცუდ წამალს რომ იკეთებ, ის არის. გაიკეთებს წამალს, მინაბავს თვალს კაიფში და მერე, ორი დღის შემდეგ, ნემსის დანარტყამ ადგილზე თითი შედის ნახევრამდე, ლპება ხორცი, გესმის? _ შავი ლაქები რჩება", _ აუხსნა ცნობილმა ნარკომანმა. 


"მდაა... და შენ სულ ნარჩევს იკეთებდი, არა?" _ გაეცინა #0578-ს. 


"ეეე... რას ამბობ? მთელი ზემო და ქვემო ფონიჭალა ჩემი აშენებულია", _ ხელი აიქნია ნარკომანმა. 


"ეგ როგორ?" _ დაინტერესდა #0578 და საკნისკენ მიმავალ ნარკომანს უკან გაჰყვა. 


"როგორ და, მარტივად _ ფული როცა არ გაქვს, წამალში ყველაფერს იხდი, სახლიდან ნივთები გაგაქვს... მეც წავიღე, რისი გატანაც შეიძლებოდა, ოღონდ სახლიდან კი არა, სამსახურიდან", _ გაეღიმა ნარკომანს. 


"და სად მუშაობდი?" 


"სამშენებლო სამმართველოში. დაჯექი, მოგიყვები", _ თქვა ნარკომანმა, ჩაი დაადგა და თავადაც მოკალათდა. 


"კომუნისტების დროს ასე არ იყო, ახლა ყველა რომ ნარკომანია. მაშინ ცოტა თუ იკეთებდა და ძირითადად, ის ხალხი იკეთებდა, ვისაც მაყუთი ჰქონდა. სასწავლებელი რომ დავამთავრე, მამაჩემმა თავის ძმაკაცთან გამიშვა სამშენებლო ტრესტში საწყობის უფროსად. სამასი მანეთი მქონდა ხელფასი, მაგრამ დღეში ვაკეთებდი მაგაზე მეტს. თუ ვინმე სახმარი იყო თბილისში, ვიხმარე და ახალი განცდები მინდოდა. ასე გავედი წამალზე და კეთება დავიწყე. მაშინ სუფთა წამალიც იყო, ახლა რომ არის, ასეთი კი არა და ნარკოტიკმა დამავიწყა ქალიც, კაციც, ოჯახიც... ყველაფერი. ფონიჭალაში ვიღებდით მაშინაც წამალს და ერთ დღეს, როცა მაყუთი არ მქონდა, ,,პოსლეზე'' უნდა წამომეღო. ყველა მიცნობდა და მენდობოდა. მივედი ბარიგასთან, ის კიდევ ბლოკზე ევაჭრება ვიღაცას. რა ხდება-მეთქი და, სახლს ვაშენებ და ბლოკი მინდაო. აგერ, არ ვარ-მეთქი და ავუტანე ჯერ ბლოკი, მერე _ ცემენტი და არმატურა, მოკლედ, სახლი გავუმართე. მერე მეზობელს დასჭირდა რაღაც და... დამიჯერე, ყველა არა, მაგრამ დაახლოებით, 17 სახლი ჩემი აშენებულია მანდ, 17 სახლის სამყოფი წამალი მაქვს ერთ წელიწადში ვენაში გაშვებული. მერე აქ სიტუაცია აირია, სპეცოპერაციების ჩატარება დაიწყეს და რამდენიმე ბარიგა დაიჭირეს. რუსეთში წავედი, იქ ვყიდულობდი წამალს და მოვდიოდი. შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ხომ ამბობენ, 37 მანეთად მოსკოვში მივფრინავდით, ვგულაობდით და მოვფრინავდითო... მე წამლისთვის დავფრინავდი იქეთ. მერე მითხრეს, ყველაზე სუფთა წამალი ყაზანშიაო და იქ წავედი. არ გამჭირვებია ჩემი წრის ხალხის მონახვა და იქაც მალე გავერკვიე სიტუაციაში... ყაზანმა დამღუპა... 


კულტურის სახლს აშენებდნენ და იქაური "პრარაბი" ვნახე, ვუთხარი, საქართველოდან ჩამოგიტან ცემენტს და სამშენებლო მასალას-მეთქი. გაეცინა, ჩვენიც საკმარისად გვაქვსო, მაგრამ ისეთი ფასი ვუთხარი, დამთანხმდა. ჰოდა, დავიწყე აქედან ყაზანში სამშენებლო მასალის ზიდვა. მამაჩემის ძმაკაცი დაიღუპა იმ პერიოდში და არავინ მაკონტროლებდა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დანიშნეს დირექტორად და ორ კვირაში ისიც წამალზე შევსვი. მოსკოვში წავიყვანე, ვითომ ქალების თემაზე, იქ წამალი გავაძრე და... ერთ წელიწადში სამშენებლო ტრესტი გაკოტრდა და მეც, ჩემი დირექტორიანად, დამიჭირეს. 


რომ გამოვედი, არავინ გამიკარა. ცოლი მოვიყვანე, ძმა ჰყავდა იმ გოგოს გაჩითული და ძმამ სამსახურში წამიყვანა. ისიც მალე შევსვი წამალზე და შეიძლება ითქვას, ჩვენ ნარკომანების ელიტა ვიყავით!.. მაგას ვინ ჩივის, ცოლიც წამალზე შეჯდა. იმდენი ჭკუა კი მეყო, შვილი აღარ გავაჩენინე, ერთი გვყავდა უკვე და მეორე როგორი გამოვიდოდა ნარკომანი მშობლების ხელში, კაცმა არ იცის. მერე და მერე, "ვლასტი" შეიცვალა, წამალიც გაფუჭდა და ახლა ღვიძლის მაგივრად ქვა მიდევს მუცელში. ალბათ, კაიფში მოვკვდები, როცა იქნება, მაგრამ... ისეთი ფეხები არასდროს მექნება რა, იმ სირს რომ ჰქონდა", _ დაასრულა მოყოლა ნარკომანმა. 


"ვისაც როგორ შეუძლია, იმას იკეთებს", _ თქვა #0578-მა. 


"არა, არ დაიჯერო შენ ეგ. მაგას ბევრი ფული რომ მისცე, მაინც იმ საწამლავს გაიჩხერს, მიჩვეულია და იმიტომ. საკუთარი თავისთვის ფული არ უნდა დაგენანოს, არა... მაგრამ... თუ ცხოვრება გინდა დაკარგო და დაიღუპო, წამლის კეთება უნდა დაიწყო. აი, მაშინ ყველაფერი მთავრდება, ადამიანობას კარგავ, ყველაფერს კარგავ და... ნარკომანობა დაავადებააო, ხომ ამბობენ, მაგრამ დაავადება კი არა, ყველაზე დიდი სისულელეა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს..."


პატიმარი #0578.

წყარო: ვერსია