მიშას და მის "პადდელნიკს " გვამების გაუპატიურება "შეტენეს"

  • ვერსია
  • 15 აგვისტო 11:21, 2017 წელი

2011 წლის ზაფხულის ერთ დღეს რამდენიმე პატიმარი რუსთავის #17 დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლის კამერაში საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა.

გადაცემაში თქვეს, რომ სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა დაიჭირეს, რომელმაც ის ოჯახი დააყაჩაღა, სადაც ორი ქალი ცხოვრობდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ქალები ჯერ დახოცეს, მერე გააუპატიურეს.


"საქათმის პასაჟირები არიან", _ ჩაილაპარაკეს პატიმრებმა და რადგან მაშინ დაკავებულთა სახეებს არ მალავდნენ, პატიმრებმა დაკავებულებიც დაინახეს.


დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ, "ზონაზე" ახალი ეტაპი მოვიდა. პატიმრების გადანაწილება დაიწყო. მაყურებელი პროცესს მშვიდად უყურებდა, მაგრამ უცებ სახე შეეცვალა და ერთ-ერთ მეგობარს დაუძახა:


_ "ეს ორი არ გეცნობა? ქალების ყაჩაღობა-გაუპატიურებაზე რომ დაიჭირეს, ისინი არ არიან?!" 
როცა დადებითი პასუხი მიიღო, ოფიცერს გასძახა, ეს ორი "საქათმეში" გაუშვიო.


_ "რატომ?" _ გაუკვირდა ოფიცერს.


_ "იმიტომ! მაგათ უკეთ იციან, რატომაც", _ წარბი აწია მაყურებელმა.


_ "ხო, მაგრამ, გლდანიდან არ მოსულა წარწერა ამათ პირად საქმეზე, რომ "საქათმეში'' ისხდნენ, ჩვეულებრივი კამერიდან მოიყვანეს", _ აუხსნა ოფიცერმა.


_ "გლდანს მაყურებელი არ ჰყავს და იმათ რა ვუთხარი, ვინც ესენი კამერაში გააჩერა. საქათმეში-მეთქი", _ ხმას აუწია მაყურებელმა და მის ირგვლივ ე.წ. კაი ბიჭების კორჰოტა ნელ-ნელა შეგროვდა. დიდი შანსი იყო, პატიმრებს "შუმოკი" მოეწყოთ და ოფიცერმაც რაციით რეჟიმის უფროსი გამოიძახა. სანამ რეჟიმის უფროსი მოვიდოდა, ერთ-ერთი პატიმარი მაყურებელთან მივიდა და მშვიდად ჰკითხა:


_ "მაყურებელი ხარ?" 


_ "კი, მაყურებელი ვარ... თან ის მაყურებელი, რომელიც "საქათმეში" გაგიშვებს და შენს კრიახს ყოველ დილით მოვისმენ", _ ზიზღით უპასუხა მაყურებელმა.


_ "უნდა "ვიბაზროთ", _ ჩუმად უთხრა პატიმარმა.


 "რაზე უნდა "ვიბაზროთ"? შენი განაჩენი ხომ გაქვს, მოდი, ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხე და მერე "ვიბაზროთ'' თუ გინდა'', _ უთხრა მაყურებელმა.


_ "უნდა ვიბაზროთ-მეთქი", _ მტკიცედ შეეპასუხა პატიმარი და მაყურებელმა ანიშნა, გამომყევიო.
კამერაში ტევა არ იყო, დაახლოებით 30 პატიმარი შეიკრიბა და მათ შორის ის ორიც, რომელსაც მაყურებელი "საქათმეში" გაშვებას უპირებდა.


_ "ჯერ მე ვიტყვი. თქვენ ყაჩაღობა და გაუპატიურება დაგიმტკიცდათ, თან მიცვალებულების გაუპატიურება. თუ რომელიმე აქ მდგომი იტყვის, რომ ეს საქციელი "საქათმეს" არ იმსახურებს, მოვუსმენ, მაგრამ ვინც ვერ დამისაბუთებს, პასუხს მოვთხოვ'', _ ხმამაღლა თქვა მაყურებელმა.


_ "მე ვიტყვი, რომ არ ვიმსახურებ და დავასაბუთებ, რატომაც, ოღონდ თავიდან ბოლომდე უნდა მომისმინოთ'',


_ თქვა ახლადმოყვანილმა, რომელსაც, როგორც გაირკვა, მიშა ერქვა.


_ "გისმენ", _ კბილებში გამოსცრა მაყურებელმა.


_ "ნაკოლი" მოგვცეს, რომ ეგ ქალები ევროპიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და დაახლოებით, 50 ათასი ევრო ჰქონდათ ჩამოტანილი. დაღამებას დაველოდეთ და კარზე დავაკაკუნეთ. კარი არავინ გაგვიღო და უფრო მაგრად დავაკაკუნეთ. ისევ არავინ გვიპასუხა და კარის გატეხვა გადავწყვიტეთ, მაგრამ არ დაგვჭირდა, სახელური ჩამოვწიეთ და "ბაითში'' შევედით. ოთახები დავიარეთ და საძინებელში ეს ქალები ვნახეთ, დახოცილები და შიშვლები. ჩემმა "ბრატმა", აგერ, გვერდით რომ მიდგას, საძილე არტერიაზე დაადო ხელი ორივეს, ეგებ, ცოცხლები არიანო, მაგრამ ორივე "ტრუპი" იყო. ბაითი დავათვალიერეთ, მივხვდით, დაგვასწრეს და რომ უნდა წამოვსულიყავით, პოლიცია დაგვადგა. ჩვენ შეგვტენეს ის ყაჩაღობა და გაუპატიურებაც.


სასამართლოზე პროკურორმა ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, სადაც ეწერა, რომ ქალები გარდაცვალების შემდეგ იყვნენ გაუპატიურებულები, თუმცა ჩვენთვის ანალიზი არ აუღიათ, ესენი იყვნენ ბინაში და სხვა ვინ გააუპატიურებდაო. ასე მოგვარჭვეს 20-20 წელი, მაგრამ გავასაჩივრეთ. ახლა სააპელაციოს გადაწყვეტილებას ველით. ორი დღის წინ აგვიღეს ანალიზი და სააპელაციოზე აქედან ვივლით. აი, თუ სააპელაციო ჩვენი ანალიზის შემდეგ დაადგენს, რომ ის ქალები ჩვენი გაუპატიურებულები არიან, მაშინ საქათმეში კი არ გაგვიშვათ, აქვე დაგვხოცეთ", _ დაამთავრა მოყოლა მიშამ.


მაყურებელი ჩაფიქრდა, მერე თავი ასწია და ჩუმად დაიწყო:


_ "გავიგე, მაგრამ... ორი ვარიანტია, თქვენ ან მართალს ამბობთ, ან ტყუით, მესამე ვარიანტი არ არსებობს. თუ იტყუებით, გამოვა, რომ რომელიმე კამერაში უნდა იყოთ და მერე იქიდან საქათმეში წახვიდეთ. ეს კი იმ კამერისთვის "გრეხია". ჰოდა, რომელ კამერაში შეგიშვებენ, არ ვიცი. მე რომ ვიყო, არ შემოგიშვებდით ჩემთან და დანარჩენებმა თავის საქმე იციან ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ზონაზე კამერის მოძებნა გაგიჭირდებათ'', _ აუხსნა მაყურებელმა.


_ "კი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მართალს ვამბობ და მართალი კაცი "საქათმეში" რომ წავიდეს, პასუხი მოგეთხოვებათ. გამოსავალი არ არსებობს?'' _ იკითხა მიშამ.


_ "არსებობს. მაქსიმუმ, ორი თვე დაგჭირდებათ სასამართლოსთვის, მანამდე კარცერში წადით, მე გაძლევთ პირობას, რომ არც ჩაი მოგაკლდებათ და არც _ სიგარეტი. ორი თვის შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ ვინ არის", _ თქვა მაყურებელმა.


_ "გასაგებია. სხვა გზა თუ არ არის, ორი თვე იქ ვიქნებით. მერე კი იმედია "სროკსაც" ჩამოგვიკლებენ და აქაც ნორმალურად ამოვალ", _ თქვა მიშამ და წამოდგა.


_ "შენ გეუბნები _ ამათ დღეში თითო კოლოფი სიგარეტი, ორ დღეში ერთხელ, ერთი კოლოფი ჩაი, საპონი და ტუალეტის ქაღალდი არ მოაკლდეთ. თავით აგებ პასუხს", _ მიუბრუნდა ზონის მაყურებელი კარცერის მაყურებელს და იმანაც უხმოდ დაუქნია თავი.


***
სასამართლო პროცესი სამ თვეს გაგრძელდა და... ბიჭები გამართლდნენ. უფრო სწორედ, სასამართლომ დაადგინა, რომ არც ერთ მათგანს ქალები არ გაუუპატიურებია და სააპელაციოს მოსამართლემ... მხოლოდ ორი წელი ჩამოაკლო _ ორივე 18-18 წლით გაისტუმრა გისოსებსმიღმა.


პატიმარი #0578

წყარო: ვერსია