"ვიდრე “ციანიდის სკანდალი“ აგორდებოდა, მანამდე, მეუფე იაკობი ტყვიით უნდა მოეკლათ"

  • ასავალ დასავალი
  • 8 მაისი 14:02, 2017 წელი

„ვიდრე “ციანიდის სკანდალი“ აგორდებოდა, რამდენიმე კვირით ადრე, კიდევ ერთი მკვლელობა იგეგმებოდა, რომელიც ასევე ჩაიფუშა!” – აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

ადვოკატი გამოცემას მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის დეტალებს უამბობს. მისი თქმით, მან იცის იმ პირის ვინაობაც, რომელსაც ბოდბეში მეუფე იაკობი უნდა მოეკლა, თუმცა მის ვინაობას საჯაროდ არ ასახელებს. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მეუფე იაკობი განათლებული სასულიერო პირია. მისი თქმით, მეუფე იაკობს წარმატებით აქვს დამთავრებული თბილისში, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ამასთანავე, ადვოკატის ინფორმაციით, მეუფე იაკობი აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის დროს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საქართველოს დასაცავად ომში წავიდა, სადაც დაიჭრა. მისივე თქმით, მეუფე იაკობი ერთადერთი იყო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ამხელდა და უპირისპირდებოდა.


„საპატრიარქოში იგეგმებოდა გადატრიალება, რომლის მიზანიც პატრიარქის გადაყენება და მისი ერთგული ხალხის საიქიოს გაგზავნა იყო! ეს ეხებოდა ქალბატონ შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე იაკობს. სხვათა შორის, „ციანიდის საქმის“ გახმაურებამდე ორი სამი კვირით ადრე, გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბოდბეში მეუფე იაკობის მკვლელობა იგეგმებოდა! ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება იყო ყოფილი სამხედრო თუ პოლიციელი, რომლის სახელი და გვარიც ცნობილია! ეს ამბავი ჩემი მეგობარი სასულიერო პირისგან შევიტყვე! ვერ გეტყვით, ამ ფაქტზე გამოძიება არის თუ არა დაწყებული, თუმცა მითხრეს, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ვისაც მეუფე იაკობი უნდა მოეკლა, იმის სახელი და გვარი ცნობილია. პიროვნებამ, რომელიც ბოდბეში უნდა ჩასული და მეუფის მოსაკლავად, მარჯვე დროს ელოდა, ტყეში დამალვა მოახერხა და სამართალდამცავებს ამ გზით დაუსხლტა. როგორც მითხრეს, მან ქვეყნიდან გასვლა შეძლო“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე ინტერვიუში.


ამასთანავე, შალვა ხაჭაპურიძე მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის უკან პარტიულ ინტერესებს ხედავს და კონკრეტულად „ნაცმოძრაობას“ ამხელს.


„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ „ციანიდის საქმესა“ და მეუფე იაკობის ვერაღსრულებული მკვლელობის უკან “ნაცმოძრაობა” არ დგას! დღეს ნაცმოძრაობა ცდილობს, ქვეყანაში შექმნას ქაოსი, ეიფორია და მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. არავის დაავიწყდეს ისიც, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას საპატრიარქოში დატოვებული და ჩანერგილი ჰყავთ თავიანთი მომხრე სასულიერო პირები, რომლებიც ნებისმიერ სიბინძურეზე მოაწერენ ხელს! ამდენად, ეჭვი არ მეპარება, რომ მეუფე იაკობის მკვლელობა და „ციანიდის საქმე“ საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებმა – “ნაცებმა” დაგეგმეს!“ – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო: ასავალ დასავალი