
პოეტი - ტარიელ ხარხელაური გამოცემა „სარკესთან“ საუბრისას თეატრმცოდნე - ნიკოლოზ წულუკიძესთან შეხვედრის დღეს იხსენებს.
მისი თქმით, ორივეს ერთი დიდი ტკივილი აერთიანებთ, რასაც შვილის გარდაცვალება ჰქვია.
„ვიცოდი, რომ ნიკა ჩემთან მოვიდოდა, ადრე თუ გვიან ველოდებოდი მასთან შეხვედრას. მე გავიარე ეს გზა და ვიცი, რა ტკივილი ხრავს მის გულს. რომ არა ხალხის სიყვარული, რომელიც ჩემი მხრიდან საპასუხო ქმედებას მოითხოვდა, მეც სახლში ჩავიკეტებოდი. თუ შენ ამ ტკივილს ვერ გაუმკლავდი, მაშინ საზოგადოებას უნდა დაემშვიდობო და თავი დაიმარხო.
ეს არის უდიდესი განსაცდელი, მოვლენილი უფლისგან და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავ ღირსეულად ამ განსაცდელს. ცრემლი და ტკივილი განუშორებლად შენთან არის, ოღონდ უფლება გაქვს, მხოლოდ ღამე მისცე ცრემლს გამოსვლის საშუალება, როცა საკუთარ თავთან მარტო ხარ დარჩენილი, ხალხს არ უნდა მოახვიო თავს. სამწუხაროდ, ჩვენნაირი ბევრია და სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.
ნიკა კეთილშობილი კაცია, ნიჭიერი, საზოგადოებისთვის საჭირო, დიდი ენერგეტიკის მატარებელი, ჩვენი კულტურის მოამაგე. ჩვენ მას ის კი არ უნდა ვუთხრათ, ვაი, ეს რა დაგემართაო, არამედ ის, რომ ქვეყანას სჭირდება, რომ უნდა იდგეს ფეხზე, აკეთოს საქმე, რაც საუკეთესოდ იცის, უკან არ დაიხიოს, თავისი ქცევით იმედი მისცეს მის ბედში მყოფ ადამიანებს და სინათლემდე მიიყვანოს“, - ამბობს პოეტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?“ - რას პასუხობს ჰეითერებს გიორგი ყიფშიძე?
🔵ირინა ონაშვილის გზა წარმატებისკენ - რას ჰყვება მოდელი
წყარო: sarkenews.ge