Digest Logo

„3 დედა“ და „ეროსის შვილობა“, „დაწუნებული“ სიძე - ზურა ყიფშიძის პორტრეტი

1611661252
ზურა ყიფშიძე

„როცა აყვავდა ნუში“ ხომ გახსოვთ? მთავარ როლს მსახიობი ზურა ყიფშიძე თამაშობს. როგორც ზურა ინტერვიუებში ამბობს, საშინლად არ მოსწონს ფილმში საკუთარი თავი, დიდი, დაბერილი ვარდიფერი ტუჩებითა და ბაკებით...

ზურა ფილმის პერსონაჟისგან განხსვავებულია.... ის მამიკოს გათამამებული ბიჭი არასდროს ყოფილა. დღეს სწორედ მისი სევდისა და ბავშვობის ტრავმის შესახებ მოგიყვებით.

რომ არა მსახიობობა...

სხვა პროფესია არ მქონია, თუმცა ბავშვობიდან ცხენოსნობაზე დავდიოდი და 13 წლის ასაკში, სწორედ იქედან მოვხვდი ფილმში „მაცი ხვიტია“.

რომ არა მსახიობობა, ალბათ, სიამოვნებით ვიქნებოდი ექიმი. უკვე ძალიან ბევრჯერ ვიწექი საავადმყოფოში ტვინის შერყევის, მოტეხილობის, მენისკის, აქილევსის მყესის, მომტვრეული თითების, ჭრილობების, ანთებების, ინფექციებისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო.

ერთხელ საშინელ ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში სამი თვე გავატარე. არავინ იცოდა, გადავრჩებოდი თუ არა. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ ექიმებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მიმაჩნია, რომ არაჩვეულებრივი სპეციალისტები გვყავს.

მოდელობა

მაშინ 14-15 წლის ჰიპი ვიყავი. მე, გია ეძგვერაძეს, რომელიც გერმანიაში ცნობილი მხატვარი და პროფესორია, ისტორიკოს მამუკა დუმბაძეს და ცნობილ ნუგზარ კვაშალს ჯგუფი გვქონდა სახელად „ჯეჯილი“ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდით.

ქუჩას რომ ავერიდებინეთ, დედაჩემმა მარჯანიშვილის თეატრში წაგვიყვანა და კონცერტებსა და სკეტჩებზე მუსიკალურ გაფორმებებს ვუკეთებდით.

შიგადაშიგ, ჩვენი სურვილის მიხედვითაც ვუკრავდით. როცა მარჯანიშვილში მოდების ჩვენება ჩატარდა, იქ ვიყავი.

ჯინსებში ჩაცმული ერთმა კაცმა დამინახა და მითხრა, ჩვენთან მოდიო. სხვა დროს შეიძლებოდა, არ წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ცოტა გაორება ჰქონდა ყველას – უცბად „ბითლზები“, ჰიპები გამოჩნდნენ და ჩვენც ჰიპები გავხდით.

მოკლედ, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და მოდელობის შემოთავაზება მივიღე. თან, იქ ლამაზი გოგონები დამხვდნენ, რაც დამატებითი სტიმული გახდა...

ინსტიტუტიდან გამოგდება

თავაძე იყო მაშინ რექტორი, კაგებეს პოლკოვნიკი, გვეჩხუბა, შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, რას აკეთებს კაცმა არ იცის, დაანებოს თავი ინსტიტუტს, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო. მახსოვს ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე.

გამომაგდეს ინსტიტუტიდან. არ ვიცი, ჩემი ბრალიც იყო, მოსუვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს, არც ვიცოდი რა არის ეს საქმე. მ

ეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალუ ინსტიტუტში, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო და არც უბრალოდ კინოში გადაღება, გაიხედე მარცხნივ, გაიხედე მარჯვნივ… გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა კინოს, „როცა აყვავდა ნუშის“გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები იქნებოდა...

3 დედის შვილობა

ძალიან რთული იყო, რადგან დედა და დეიდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. სამივე ძალიან მიყვარდა... მათ შორის პირველი დედაჩემი გარდაიცვალა. როგორც შემეძლო, ვუვლიდი, რაც ვიღაცეებს უკვირდათ. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, დედასთან და დეიდებთან გარბის მოსავლელად, როგორი შვილი ყოფილხარო, – მეუბნებოდნენ.

აბა, რა უნდა მექნა?! დეიდა ქეთევანი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ლოგინად ჩავარდნილი და მე მასთან ერთად ვიყავი. ამ გზით, ჩემი ჭკუით, თითქოს მადლობა გადავუხადე მათ.

ზურას დედა

ზურა ყიფშიძის დედა, ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. როგორც ყიფშიძებიის ოჯახთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონიათ.

„მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა.

მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო?

ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო.

მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში.

იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ, ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში“,- იხსენებს ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი, ნუნუ ებანოიძე.

მსახიობის დედა სიმსივნით, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნუნუ ებანოიძე:
ერთი-ორჯერ ენაზე ცუდად იკბინა. ერთხელაც, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი სცენა ჰქონდა – იატაკიდან ამოდიოდა. უცებ მძიმე სარქველი თავში მოხვდა და მაშინაც ენაზე იკბინა. არ მიაქცია ყურადღება და სიმსივნე განვითარდა.

დაახლოებით რვა წელი ებრძოდა მძიმე სენს. მის გვერდით მხოლოდ მე და ზურა ვიყავით, სხვას არავის უშვებდა თავისთან.

ყოველდღე დავდიოდი, ვუვლიდი. ზურა გადაყოლილი იყო დედაზე. გაიგებდა, სადღაც ვიღაც კარგ წამალს ამზადებსო და მაშინვე გარბოდა მოსატანად. არაფერი დააკლო დედას.

ნუნუ, იცი, ბავშვები მოვიდნენ და ბურთით გამიფუჭეს ტელევიზორი. ვუყვირე, გადით აქედან-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერესო. მივხვდი, რომ რაღაცები ეჩვენებოდა. გავედი და ნაცნობ ტელევიზორის ხელოსანს დავურეკე. ვუთხარი, რაშიც იყო საქმე და გავაფრთხილე: რომ მოხვალ, არ თქვა, რომ არაფერი სჭირს ტელევიზორს, ვითომ მართლა დაზიანებულია, ეჭვი რომ არ შეეპაროს-მეთქი. ამ დროს ზურაც მოვიდა და ეს ამბავი ვუამბე. ცოტა ხანში ლენას მწარედ დაასხა ოფლმა. ზურას ვუთხარი, პირსახოცის საბანი მაქვს და, წამოდი, გამოგატან, გამოუცვალე-მეთქი. არაფრით არ წამომყვა – წავალ და ვიშოვიო. რას იშოვი ამ შუაღამისას, დაკეტილი იქნება ყველაფერი-მეთქი. ნახევარ საათში მირეკავს და მეუბნება: აი, შენს ჯინაზე გადასარევი ლურჯი საბანი ვიშოვეო. მეორე დღეს ისევ მირეკავს – ლენა აღარ არისო. მთელი ღამე საწოლში დედამისთან ჩახუტებული იწვა და ტიროდა.

„ეროსის ბიჭობა“

მახსოვს, სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი, მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ… 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი. აღმოჩნდა რომ ძმაც მყავს თურმე უფროსი, ისიც ზურიკო. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა, მიმიღეს და მეც მივიღე.

მამაჩემი ძალიან კარგი ტიპი იყო, რაღაც უცბად გაიარა მთელმა ცხოვრებამ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. მამაჩემი მაინც დამნაშავედ თვლიდა თავს, მიუხედავად იმისა რომ დედაჩემს არაფერი მოუთხოვია მისგან, არც თავიდან არც შემდეგ. არ უთხრა, გინდა თუ არა ოჯახი დაანგრიე და მე წამიყვანეო…

ზურას მამა

დედას პირველი მეუღლე იყო ეროსი მანჯგალაძე, სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა, დაშორდნენ, ეროსის ცოლი აღარც მოუყვანია. ის კი არა, მახსოვს, ეროსის დამ დაწერა გაზეთში, სიცოცხლის ბოლომდე ლენა უყვარდა ეროსისო...

მამის ფენომენი ცოტა რთული და გაუგებარი იყო ჩემთვის. უკვე დიდი ვიყავი და დედაჩემს ვეკითხებოდი: ლენა, გამაგებინე, ვინაა მამაჩემი-მეთქი?!

მერე მითხრა და დავძმაკაცდი კიდეც მამასთანაც და ძმასთანაც, რომელიც ჩემზე უფროსი იყო. რამდენიმე წლის წინ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა ძალიან კარგად მიმიღო. მამაჩემის ცოლი გადასარევი ქალი იყო და მასთან ვძმაკაცობდი. მამაც ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი – ავთანდილ ვერულეიშვილი.

პირველი სიყვარული

სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი მეუღლე პირველად დავინახე. მოსკოვში ვსწავლობდი და თბილისში ვასო გოძიაშვილის გასვენებისთვის ჩამოვედი. რატომღაც მეგონა, რომ დიდუბის პანთეონთან ცხოვრობდა და იქ დავდიოდი ხოლმე. თუმცა, რა თქმა უნდა, არ შემხვდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ნახალოვკაში ცხოვრობდა.

გავიგე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა და მივაკითხე, მაგრამ იგნორი გამიკეთა. მერე ახალი წლის დილას შემხვდა ქუჩაში, ტაქსს ელოდა. ცოტა ხნის შემდეგ დავურეკე და რატომღაც ჩემი ხმა იცნო. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მეუბნებოდნენ: ბიჭო, მაგას გადარეული მამა ჰყავსო, მაგრამ, რა მექნა, მე თვითონაც გადარეული ვიყავი. ბოლოს დიდი ომების, მალვებისა და გაქცევების შემდეგ, როგორც იქნა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მამამისმაც მიმიღო.

არაჩვეულებრივი კაცი იყო ლევან თურმანიძე – ძველი „სუხიშვილების” მოცეკვავე, რომელიც, სხვათა შორის, მთავარ როლს თამაშობს ბაბლუანის ფილმში „ძმა“.

დაქორწინების შემდეგ, შესარიგებლად თუ მათ პატივსაცემად, რესტორანში ვიყავით: მე, ჩემი ცოლი, სიმამრი და სიდედრი.

მაშინ კი მითხრა, კარგი ბიჭი ყოფილხარო. ერთი ბოთლი ღვინო დავლიეთ და ფეხით მოვდიოდით. ცირკთან გამოვიარეთ და კიბეებს რომ გავუსწორდით, ეს კაცი ახტა, ხელებზე დახტა და კიბეებზე ხელებით გაიქცა. იქ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მელოდა.

ვიფიქრე, ესენი თუ ხელებით დახტიან, სასწრაფოდ მეც უნდა ვისწავლო, ან სხვა გამოსავალი ვიპოვო-მეთქი.

შვილები და მამობა

ერთ წელიწადში გიორგი გაგვიჩნდა. მახსოვს, დიპლომს არ მაძლევდნენ, რადგან „მეცნიერული კომუნიზმი“ არ მქონდა ჩაბარებული.

ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მთელმა ოჯახმა მოითათბირა და მოსკოვში გამაგდეს, რომ იქ ჩამებარებინა.

იქ ვიყავი, როცა მეუღლეს მშობიარობა დაეწყო. მაშინვე წამოვედი და გზაში მთელი ამბები გადამხდა. ყველამ იცოდა, რომ ჩემი მეუღლე მშობიარობდა და მთელი თვითმფრინავი „მბალელშჩიკობდა“.

თუმცა სამშობიაროდან გამოიქცა, სანამ ზურა არ ჩამოვა, არ ვიმშობიარებო. რომ ჩამოვფრინდით, სანამ ტრაპს მოაყუდებდნენ, ჩამოვხვტი და ლამის ფეხი მომტყდა.

დედაჩემი და ჩემი ძმაკაცი მეძახდნენ: ნუ ღელავ, ჯერ არ დაბადებულაო. როგორც იქნა, მოვასწარი დროულად მისვლა.

როცა მამა ხდები, გგონია, რომ ცხოვრებაში მთავარი უკვე გააკეთე. ეს ასეცაა, მაგრამ შემდეგ იწყება გაუთავებელი ქეიფი და ღრეობა. კიდევ კარგი, ჩემს ოჯახში ბევრი ქალი იყო და ბავშვს ისინი უვლიდნენ. მე ხომ ქალების გარემოცვაში გავიზარდე. სამი დედა მყავდა – დედაჩემი და მისი ორი და – ერთი ფიზიკოსი, მეორე ინგლისურის პედაგოგი. გაუთხოვრები იყვნენ და მთელი ცხოვრება მე შემალიეს.

ცოტა თავქარიანი ვიყავი, ვერ ვიტყვი, იდეალური მამა გამოვდექი-მეთქი, თუმცა როგორც შემეძლო, ვცდილობდი. გიორგი საჯაროდ ხუმრობს: ზურა ორჯერ მოვიდა სახლში. გამოიცვალა, ზოოპარკში ჩაგვიყვანა, ორი სურათი გადაიღო და ჰგონია, ესაა საკმარისი. სულ ორჯერ მყავს ბავშვობაში ნანახიო, – მაიმუნობს.

ასე არ იყო, მაგრამ ჩემს პროფესიას მართლა ბევრი დრო მიაქვს. თუმცა, გადაღებებზეც დამყავდნენ. რომ წამოიზარდნენ, უფრო მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, ზედმეტადაც კი.

ამიტომაცაა, რომ მამას არ მეძახიან და სახელით მომმართავენ. გოგო ძალიან ხასიათიანი ქალია, რითაც დედაჩემს ჰგავს. სახელიც მისი ჰქვია. სულ ვეუბნები – საწყალი შენი ქმრები-მეთქი. ამას ადრე დედაჩემს ვეუბნებოდი და ახლა მას. ისიც გიჟდებოდა და ესეც გიჟდება...

უცნობი ამბავი


ჩხუბში მოვყევი, ფანჯარაში მომიხვდა ფეხი და გადამეჭრა აქილევსის მყესი. ედიშერ მაღალაშვილმა გადამარჩინა, გამაქანა პოლიკნინიკაში, სადაც მთვრალი მორიგე დაგვხვდა, კინაღამ მოკლა ედიშერმა, მერე გამაქანა ტრამვატიოლოგიურში და იქ ბედად დამხვდა ახალგაზრდა ექიმი ბიჭი, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა აქილევსის მყესზე.

იმან გადამარჩინა, თორემ სერიოზულად იყო საქმე, წელიწადნახევარი სახლში ვიყავი, ჩირქი მდიოდა, ჭრილობის გარშემო ტროფიული წყლული მქონდა, ყავარჯნებით დავდიოდი, საერთოდ ეგონათ რომ მოსაჭრელი გამიხდებოდა ფეხი… მაგრამ იმ ბიჭმა გადამარჩინა. სხვათაშორის ის ბიჭი მერე მოსკოვში ვნახე, თვითონ მიცნო, მიღიმოდა, გამიკვირდა, რა იყო მეთქი, მეო თქვენს ფეხზე დისერტაცია მაქცვს დაცულიო…


აგრეთვე წაიკითხეთ:

მსახიობობა არ მინდა, „ვირთხები მე გავუშვი“, ჟურნალისტი ვარ - ცოტა რამ „აგნესას“ შესახებ

3 ცოლი, დანგრეული ოჯახი, ალკოჰოლი, „ქუჩური ცხოვრება“ და მორჩილობა - „უძინართა მზის“ დათოს პორტრეტი

ვინაა თბილისელი „მამაშა“, რომელიც დიდი ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობდა