Digest Logo

„100 %-ით მზად ვარ და გათავისებული მაქვს პოპულარობის კარგი თუ ცუდი ეფექტები“ - გაიცანით ქართულ შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავი

1674563641
მარიამ მამისმედიშვილი

ქართულ შოუბიზნესში ახალი სახე – მარიამ მამისმედიშვილი გამოჩნდა. მან საზოგადოებას თავისი პირველი კლიპი „ოცნება შენზე“ წარუდგინა. 

მომღერალს პირველი ნაბიჯების გადადგმაში პროდიუსერი ქმარი, ბექა ხალათაშვილი, ეხმარება. ბექა დიდი ხანია შოუბიზნესში  საქმიანობს, ამიტომ მომღერალ ცოლს ბევრ საჭირო რჩევას და მიმართულებას აძლევს. მარიამთან დაკავშირებით პროდიუსერს ამბიციური გეგმები აქვს – ბევრი ჰიტი და დიდი პოპულარობა. დანარჩენ დეტალებს კი „სარკიდან“ შეიტყობთ.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

– მარიამ, თქვენი პირველი ვიდეოკლიპი ვიხილეთ. რა გზა გამოიარეთ აქამდე?

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სიმღერა. როდესაც 11 წლის ასაკში მუსიკის პედაგოგმა მომისმინა, დედაჩემს გაბრაზებული ტონით უთხრა, რატომ არ დაგყავთ ეს ბავშვი სიმღერაზეო. ამის შემდეგ დავიწყე პედაგოგთან სიარული და აღმოჩნდა, რომ იმაზე კარგად ვმღეროდი, ვიდრე მეგონა. პარალელურად დაიწყო ჩემი საკონკურსო ცხოვრებაც. კონკურსზე გასული ყოველთვის საპრიზო ადგილით ვბრუნდებოდი, მეორე და მესამე ადგილი არასოდეს ამიღია. ყველა მეუბნებოდა, დიდ სცენაზეც მეცადა ძალები.

– რა იყო თქვენთვის შთაგონების წყარო, ვისი გავლენა იგრძნობოდა?

– უფრო მამის, რადგან ის იყო მსახიობი და მომღერალი. უკრავდა თითქმის ყველა საკრავზე, წერდა სიმღერებს. ძალიან ადრეულ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან და საოცრად დამაკლდა. დედაჩემსაც მუსიკალური განათლება აქვს და ამანაც თავისებური როლი ითამაშა. ძალიან ვამაყობ, რომ მამაჩემის გზას ვაგრძელებ. ბებიაც ყველანაირად ხელს მიწყობდა ამ საქმეში.

– ის სიმღერა, რომელზედაც კლიპი გადაიღეთ, თავად დაწერეთ. ხშირად წერთ სიმღერებს?

– კომპოზიტორობაზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, ლექსებს ვწერ დიდი ხანია. ამ სიმღერის ტექსტიც ჩემი დაწერილია და მუსიკაც თავისით მოვიდა. შემდეგ პროფესიონალებმა დაამუშავეს და მიიღო საბოლოო სახე. ასე გამოვიდა, რომ ეს ჩემი პირველი საავტორო სიმღერაა.

– მოგვიყევით, როგორ შეიქმნა თქვენი კლიპი.

– კლიპი გადაიღო უნიჭიერესმა რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა, ოპერატორი იყო ლევან ლეკიაშვილი, იგივე ბუ. კლიპის გადაღებები ძირითადად მიდიოდა ორ ლოკაციაზე, თელავსა და თიანეთში. სპონსორი იყო ჩვენი მეგობარი ეკა, რომელსაც გამოჩენა არ უყვარს.

კლიპს უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ის არის პორტრეტული და ესთეტიკურად ძალიან ლამაზი. ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა ჩემს პირველ ნამუშევარს მაყურებელი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა.

– შოუბიზნესში დამკვიდრება ადვილი არ არის, ვინ დაგეხმარათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში?

– რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, ბექა ხალათაშვილს. ის, დიდი ხანია, ამ სფეროშია და უამრავი წარმატებული კონცერტი აქვს გაკეთებული. ძალიან ძნელია, ამ სფეროში ერთ დღეში გახდე პოპულარული. დიდი შრომაა საჭირო, რომ მაყურებელმა მიგიღოს. რაც მთავარია, კარგი საფუძველი უნდა ჩაუყარო შენს საქმეს და არ უნდა გაჩერდე. მე ბევრი ეტაპი მაქვს უკვე გავლილი, ვგულისხმობ საკონკურსო ცხოვრებას და ამიტომ გაჩერებას აღარ ვაპირებ.

– რა მიმართულებით ხედავთ საკუთარ თავს შოუბიზნესში?

– ბევრ ჟანრში ვმღერი. ძალიან მიყვარს ბლუზი, კლასიკური მუსიკა, რაშიც უამრავი გრან პრი მაქვს მიღებული, თუმცა პოპსაც ვიმღერებ და სოულსაც. ჩემთვის მრავალფეროვანი რეპერტუარი უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი კონკრეტული ჟანრი.

– პოპულარობას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. მზად ხართ ამ ყველაფრისათვის?

– 100 პროცენტით მზად ვარ და გათავისებული მაქვს პოპულარობის კარგი თუ ცუდი ეფექტები. როცა სცენაზე დგახარ, მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას მოეწონები და ვიღაცას – არა. მთავარია, ისე იცხოვრო, არ მისცე სათქმელი ხალხს, სხვა შემთხვევაში ჭორები ჭორებად დარჩება. ჩემი დევიზია, გიყვარდეს შენი მსმენელი და აფასებდე იმ ადამიანებს, ვინც პოპულარული გაგხადეს.

– სცენაზე დგომისას ყოველგვარი შიში და ნერვიულობა უკვე დაძლეული გაქვთ თუ ამაზეც მუშაობთ?

– ნერვიულობა და მღელვარება კონკურსების პერიოდში უფრო მქონდა. კონკურსგარეშე კონცერტისას საერთოდ სხვა ადამიანი ვხდები. მსმენელს რომ ვუყურებ და სცენაზე ვდგავარ, უდიდესი რელაქსაციაა ჩემთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵„ამ კვირაში მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს

წყარო: sarkenews.ge