
იტალიაში წასული ემიგრანტი ლალი იმედაიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დედაშვილობაზე წერს.
„დედაშვილობაზე მინდოდა დამეწერა... ყველაზე კარგად ოჯახებს მოწყვეტილმა, უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდოდა!
თავისუფალი ნება არ ჰქვია მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს, ან მოსწყდე ყველაფერ ძვირფასს, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ან უპერსპექტივო მომავლისთვის გაწირო შვილები. ქართველი დედების ძალიან დიდი უმრავლესობა პირველს ირჩევს!
ვერავინ, ვერცერთი ახლობელი ამქვეყნად, შვილიც კი, ვერ გაიგებს შენს ტკივილებს, უმწეობას, სასოწარკვეთას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის იმავეს.
ადამიანებს თანაგრძნობა შეუძლიათ, სხვათა ტკივილების თანაგანცდა - არა.
ბნელ და გაყინული 90-იანებში ჩემმა მშობლებმა, ჩემს მოსანახულებლად თბილისში გადაწყვიტეს წამოსვლა. იმ ჩოჩქოლში და ალიაქოთში, მძიმე ჩანთებით ხელში, დედაჩემმა თურმე ვერ მოახერხა მატარებლის კიბეზე შედგომა და ჩანთებიანად ვაგონის ქვეშ ჩავარდა. რომ ჩამოვიდნენ და ეს ამბავი მიამბეს, რა თქმა უნდა, განვიცადე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მაშინ ვერც კი გავიაზრე, რა მსხვერპლზე მიდიოდა მთელი ცხოვრება შვილების გულისთვის. მაშინ მეგონა რომ ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო. ისე წავიდა იმქვეყნად, სამაგიერო ვერ გადავუხადე თავდადებისთვის, უანგარო მზადყოფნისთვის, საკუთარივით მიეღო ჩემი ტკივილები.
დაახლოებით იმ ასაკში ვარ, დედაჩემი რომ იყო მატარებლის ვაგონის ქვეშ ჩავარდნისას და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ვერასოდეს შევძლებთ, სამაგიერო მივუზღოთ დედებს, ჩვენთვის გაკეთებული საქმეების გამო. მხოლოდ ერთი შეგვიძლია, ჩვენც იგივე გავაკეთოთ შვილებისთვის. ესაა სწორედ ვალის გამოსყიდვა. ამიტომ ვარ აქ, შენი ვალი რომ გადავიხადო, დე“, - წერს ლალი იმედაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„ორსულები მახინჯები ვართ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მხოლოდ 9 თვე“ - ნუკი კვალიაშვილი (ფოტო)