Digest Logo

თეოლოგი: სახარება არ ასწავლის, რომ მღვდლები უნდა იყვნენ კუშტები, მკაცრები და თანაც მსუნაგები

1602093215
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქრისტიანობისა და სახარებისეული სწავლების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მინდიაშვილი წერს, რომ სახარების მიხედვით, პატრიარქი და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ, მილიონერები, უმაგრესი ავტოფარეხის, იახტებისა და თვითმფრინავების პატრონები.

ამასთან, თეოლოგი აღნიშნავს, რომ დიდი ქრისტიანი ღვთისმტეყველების სწავლების თანახმად, მთავრია ჯვარცმული ღმერთისა და ნებისმიერი ცოდვილი ადამიანის, თავგანწირული სიყვარული და მსახურება.

„არც სახარება, არც მოციქულთა წერილები და არც ერთი დიდი საეკლესიო ღვთისმეტყველი არ ასწვლიან, რომ ეკლესია უნდა იყოს სიმდიდრესა და ფუფუნებაში ჩაქცეული, რომ ტაძრები უნდა იყოს დიდებული და მდიდრული, ხატები უნდა იყოს თვალმარგალიტით მოოჭვილი, არ ასწვლიან, რომ მხოლოდ ტაძრებშია ღმერთი და ხატებშია მადლი

ქრისტიანობა არ ასწვლის, რომ მღვდლები უნდა იყვნენ კუშტები, მკაცრები და თანაც მსუნაგები, ხოლო მღვდელმთავრები გოროზები, გაბღენძილები, ძველიბიჭები და ჯიპებსა და ტახტრევნებს შესისხლხორცებულნი არ ასწავლის, რომ მათ უნდა ემოსოთ უმდიდრესი სამოსი და ეკიდოთ უძვირფასესი ჯვარ-პანაგიები, რომ პატრიარქი უნდა იყოს, სულ მცირე, მილიონერი, უმაგრესი ავტოფარეხის, იახტებისა და თვითმფრინავების პატრონი არ ასწავლის წესებსა და რიტუალებს, კელაპტრების დანთებას, ღოღვასა და ფორთხვას, არ ასწვლის სამღვდელოებისადმი ყრუ მორჩილებას, მათ ფერხთქვეშ გაგებასა და მათი ხელების ლოშნას

არ ასწავლის არაფერს, რაც შეიძლება ცდებოდეს სინდისსა და საღ აზრს, რაც შეიძლება მაგიის სფეროში იყოს შეჭრილი, არ ასწავლის შელოცვებსა და გამოლოცვებს, ცხვრების, კურატებისა და დეკეულის შეწირვას, არ ასწავლის ბედის გახსნას, ვუდუს თოჯინების ჩხველატას და საერთოდ არაფერს ამბობს მარტორქის რქის ენერგიებზე

არ ასწავლის მაყუთის კეთებას, ჩალიჩს, ბარიგობასა და წილებში ჩაჯდომას, არ ასწავლის იმას, რომ ეკლესიას სახელმწიფო უნდა უხდიდეს მილიონებს, ხოლო ეკლესია სახელმწიფოს სამსახურში იდგეს, ხელისუფლებას აქებდეს და ადიდებდეს

არ ასწავლის მესიანიზმს, შოვინიზმს, რელიგიურ ამპრატავნებას, არ ასწავლის რუსეთის მონობას, არ ასწავლის მონარქიის აღდგენასა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მტრობას, არ ასწავლის სიძულვილსა და ბოღმას, არ ასწავლის შუღლის გაღვივებასა და ძალადობას, არ ასწავლის დედის გინებას

პირიქით, - ყოველივე ამას იესო ქრისტე, მოციქულებიცა და დიდი ღვთისმეტყველებიც, უკანასკნელი სიტყვებით ამხელენ და უმკაცრესად გმობენ, როგორც უდიდეს, სულის დამღუპველ უკეთურებას ღმრთისა და ადამიანის წინაშე

ერთადერთი რამ, რასაც სახარება, მოციქულები და დიდი ქრისტიანი ღვთისმტეყველები ასწავლიან, და რასაც მთელი სამღვდელო იერარქია შეგნებულად არ ასწავლის, არის ჯვარცმული ღმერთისა და ადამიანის, ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი ცოდვილის თავგანწირული სიყვარული და მსახურება“, - წერს ბექა მინდიაშვილი.