Digest Logo

იმის მტკიცებას, რომ ყინვაში არ ვცივდებით, ცეცხლში არ ვიწვით, ვირუსი არ გვეყრება, ღმერთის გამოცდაა - თეოლოგი

1611210350
თეოლოგი და ნათლისღების რიტუალი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ნათლისღების დღესასწაულზე დამკვიდრებულ ტრადიციას, წყალში განბანვის რიტუალს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მინდიაშვილი წერს, რომ გაყინულ წყალში რელიგიურ დღესასწაულზე ბანაობა სახარებისეულად ღმერთის გამოცდაა.

მისივე თქმით, ცრუ სასწაულებითა და დაავადებული ცნობიერება ადამიანებისთვის გამანადგურებელია.

„გაყინულ წყალში მღვდლების მიერ მოტყუებული ადამიანების ჩაყურყუმელავებას რა კავშირში აქვს ქრისტიანობასთან? - არანაირი! ვინმესთვის იმის მტკიცებას, რომ აი, ყინვაში არ ვცივდებით, ცეცხლში არ ვიწვით, ვირუსი არ გვეყრება, კოვზით ვიკურნებით, ჯიპი ლოცვით იქოქება, ხვლიკი ნესვს ჭამს, ან თუნდაც, წმ. გიორგი ჩვენს მტრებს შუბებს სტყორცნის, სახარების მიხედვით, ღმერთის გამოცდა, ურწმუნობა და უკეთურებაა.
ამგვარი სასწაულების ბოროტებას საფუძვლად უდევს საეკლესიო ძალაუფლებით ტკბობა, დამღუპველი ამპარტავნება და ხიბლი, ან სხვისთვის თუ საკუთარი თავისთვის იმის მტკიცების მცდელობა, რომ მართლა რაღაც შეიძლება არსებობდეს, ან, ვთქვათ, ჩემი ღმერთი შენსაზე მაგარი ჯადოქარია.

საქმე ისაა, რომ ასეთი სასწაული არაა რწმენის სფერო. ამ ტიპის სასწაული რწმენას აქცევს მდაბიო და ცრუ ცოდნად, რწმენას კი არ აძლიერებს, პირიქით, ანადგურებს, რამდენადაც ახდენს მის ყალბ მატერიალიზაციას. გვწამს ის, რაც შეუძლებელია იყოს გასაგნებული და ხელშესახები. გვწამს ის, ვინც არ ვიცით, ვის არსებობას ცოდნით ვერ ვადასტურებთ. ასეთი რწმენა, პავლე მოციქულის თანახმად, ხსნის საფუძველია.
სახარებაში სასწაული ბოროტის დაყოლასთანაა გაიგივებული (გამოცდა უდაბნოში), სასწაულთა მაძიებლებს კი უკეთურთა, მემრუშეთა მოდგმას უწოდებს თავად იესო ქრისტე: „მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს (მთ. 16. 1-4)

ასკეტიკური ტრადიციის მიხედვით, ადამიანი მუდამ ფხიზელი, ნათელი გონებით უნდა გაურბოდეს ყოველგვარ ზებუნებრივს, იქნება ეს გამოცხადებები, ხმები, სიზმრისეული ხილვები თუ მფრინავი ნიანგები. რატომ? იმიტომ, რომ ესაა ღმერთისა და გონიერების ღალატი, სულიერი მანკიერება, ესაა მაცდური გზით სიარული პირდაპირ წარწყმედისაკენ.

სასწაულია ის, რაც ღმერთის შესახებ მეტყველებს და არა ის, რაც ღმერთის ადგილს იკავებს.

ამიტომ ნამდვილი სასწაული თავადაა მთელი უნივერსუმი, სიცოცხლე და სიკვდილი, სასწაულია გონება, სასწაულია ბავშვის დაბადება, მწვანე მოლზე გვირილა და ხის ტოტზე ბეღურა; სასწაულია სიყვარულის, სიკეთისა და მარადიული ბედნიერების შესახებ მოძღვრება, რომელიც ღმერთს ადამიანად აქცევს, ხოლო ადამინს ღმერთად. სასწაულია სინანული და მოწყალება.

არსებითად, აი, ამ ტიპის სასწაულის, როგორც იესო ქრისტე ამბობს, იონას სასწაულის გარდა, სხვა სასწაული, ადამიანს არც მიეცემა. სხვა ყველაფერი, პირდაპირი მნიშვნელობით, დამღუპველია სულისა და სხეულისთვის.

ცრუ სასწაულებით, ცრურწმენებით მოჯადოებული და დაავადებული ცნობიერება საკუთარი თავისა და სხვების გამანადგურებელი იარაღი ხდება. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა აგერ, ჩვენი ჯოჯოხეთური საეკლესიო რეალობა და გაყინულ წყალში დიდებისა თუ პატარების ჩაყუდება“, - წერს ბექა მინდიაშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდეგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

🔵„კულინართა საძმოს“ წევრობიდან SPConsulting–ის უფროს პარტნიორობამდე - ცოტა რამ ირაკლი ალასანიას შესახებ

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი