Digest Logo

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი?! - კოვიდინფიცირებულის ემოციური მიმართვა

1605091761
ნათია ინფიცირებული

სოციალური ქსელის მოხმარებელი ნათია დანელიშვილი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ოჯახის სამ წევრს კორონავიუსი დაუდასტურდა, ორზე კი უარყოფითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ისინი თავს ცუდად გრძნობენ.

როგორც დანელიშვილი წერს, ის უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს მისი ოჯახის წევრებს ტესტი გაუკეთონ, მაგრამ როდესაც რეკავს ოჯახის ექიმთან და 112-ში კვალიფიციურ პასუხს არ სცემენ:.

„დაიჯესტი“ ნათია დანელიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ოჯახის სამ წევრს დაგვიდასტურდა კოვიდი, ორს - არა. ვისაც დაგვიდასტურდა, კარგად ვართ. ვისაც უარყოფითი პასუხი მოუვიდა - ცუდად, აქვთ კოვიდის ყველა სიმპტომი, არიან რისკჯგუფში, 9 დღეა სიცხე აქვთ, სამი ღამეა არ სძინავთ, სუსტად არიან და ადგომა უჭირთ. სიმპტომებს ემატება სუნთქვის უკმარისობა. ყველა ვართ იზოლაციაში.

გვინდა, რომ აუცილებელი გამოკვლევები ჩაიტარონ კლინიკაში, მაგრამ რადგან კოვიდ დადებითებთან კონტაქტში არიან, ეკრძალებათ სახლიდან გასვლა. სამი დღეა ვრეკავთ ყველგან, თუ სადმე შეიძლება დარეკვა და პასუხი ვერ მივიღეთ, როგორ მოვიქცეთ. წრეზე ვტრიალებთ.

თავიდან, ოჯახის ექიმს რომ დავურეკეთ, კი, გამოკვლევები გჭირდებათ, მაგრამ მე როგორ დაგეხმაროთ, როგორმე მიდით კლინიკამდეო. თქვენს გვერდით უბანში კაცი რომ გარდაიცვალა კოვიდით, ისიც მასეთი სიმპტომებით იყოო. ეს სიტყვები როგორ იმოქმედებდა თვითონ განსაჯეთ.

დავრეკეთ 112-ში. იმათ - ოჯახის ექიმს მოგამაგრებთ, დაგირეკავთ და გადაწყვეტს გადასაყვანები არიან თუ სახლში უნდა იმკურნალონო.

ნახევარი დღე ველოდეთ ოჯახის ექიმის ზარს და შემდეგ დავრეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.

-24 საათი დაელოდეთ და თუ არ დაგირეკათ, მერე დაგვიკავშირდითო.

-24 საათში რამე რომ გართულეს-მეთქი?

- ვერაფრით დაგეხმარებით. 24 საათი უნდა დაველოდოთო.

კაი.

გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში დავრეკეთ და 112-ში უნდა დარეკოთ, საპატრულოსგან ნებართვა აიღოთ, რომ იზოლაციას დაარღვევთ კლინიკამდე გადასაადგილებლად და პრობლემა არააო.

დავრეკე ისევ 112-ში, არაო, ეგრე არ ხდებაო, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ და ე, ეგენი გეტყვიან რა იქნება თქვენი საშველიო.

დავრეკეთ ისევ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და 112-ში დარეკე... თო რომ უნდა ეთქვა, ამომასხა.

-ორი დღეა წრეზე დავდივართ, ვრეკავთ და ვერავინ გვეუბნება პასუხს როგორ მივიდეს ორი ადამიანი კლინიკამდე, რომ გამოკვლევები ჩაიტაროს, მდგომარეობა რომ გართულდეს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას მეთქი? დამელოდეთო. დაველოდე. ოჯახის ექიმის ზარს უნდა დაელოდოთ და ის გადაწყვეტს გადაიყვანენ თუ არაო.

-ჩვენ რომ დავარღვიოთ იზოლაცია და გადავუყვანოთ, ხომ ჯარიმაა მეთქი?

-კიო, 2000 ლარიო.

-აბა, როგორ გადავიყვანოთ, იქნებ ოჯახის ექიმი არ რეკავს საერთოდ თქო?

- სამწუხაროდ, პროტოკოლი ჯერ არ არსებობს, როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაშიო.

მანამდე კიდევ, აქ, ადგილზე რამდენი ვრეკეთ, ხან ექიმებთან, ხან ეპიდემიოლოგებთან, რომ ჩვენი ძალებით მოგვეგვარებინა პრობლემა და 112 არ დაგვეკავებინა, ეგ სხვა თემაა.

კაი, გავიდა 24 საათი. დღეს დილას დავრეკე ისევ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და ვუთხარი, რომ გავიდა ისე ძვირფასი 24 საათი და არავინ შეგვხმიანებია. გადავცემთ მონიტორინგს და დაგირეკავენო. გავიდა 4 საათი, დავრეკე კიდევ. ამჯერად პაციენტების პირადი ნომრებიც ჩაიწერეს და კიდევ დაგვპირდნენ, დაგირეკავენო. გავიდა კიდევ არვიცი რამდენი საათი და არსაიდან ხმა, არსით ძახილი.

ხოდა, გასაგებია რომ პანდემიაა ქვეყანაში. გასაგებია, რომ რესურსი არ გვყოფნის და გასაგებია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას დედა არ ჰყავს, მაგრამ, რადგან ადამიანი კანონს იცავს და იზოლაციას არ არღვევს, უნდა მოკვდეს?!

არც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოცდენას ვითხოვთ, არც იმ მწირი რაოდენობის საწოლის დაკავებას, რაც კლინიკებშია. უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი მანქანით, ჩვენი ხარჯებით მივიდნენ კლინიკამდე, ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები და დაბრუნდნენ სახლში და ამის უფლებას არ გვაძლევენ, რადგან თურმე პროტოკოლი არ აქვთ!!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი თქვენი პასუხი რა არის ამ ყველაფერზე - ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი?!“,- წერს ნათია დანელიშვილი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გადავადდება თუ არა სესხები? - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტება

პირბადე და აკნე - ექიმის რჩევები, როგორ დავიცვათ კანი გაღიზიანებისგან

მიუხედავად მილიონობით გრანტისა, ტესტებით ვერ უზრუნველგვყოფენ - „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ინფიცირებულია

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი 112-ს ვერ უკავშირდებით?