Digest Logo

„საცნაურ არსს გზანი უფლისანი“, ასე არ არის მეუფე ნიკოლოზ? - გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზს

1636377725
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩაშვილი

„საცნაურ არსს გზანი უფლისანი“ – ასე არ არის მეუფე ნიკოლოზ? საჯაროდ მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენი განცხადებაც საჯარო იყო. ორმოცდღიანი მშრალი მარხვა რომ 39 დღით განისაზღვრება და ხბოს ღვიძლის შეზავებული ფაფის მიღებით შეინახება, ეს თქვენგან გავიგე პირველად“, - ასე მიმართავს რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მან ყოფილი პრეზიდენტი აზიარა.

„პრეზიდენტყოფილი საკუთარ ეროვნებასა და ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს რომ იტყვი და პროდუქტის გადასატანი მაცივრით ქვეყანაში შემოიპარები, ეს რომ „დიდი ღვაწლი და მსხვერპლი“ ყოფილა „ქვეყნის თავისუფლებისთვის და გაძლიერებისთვის“, ესეც თქვენგან გავიგე პირველად. „მშრალი მარხვის“ ყველა დღეს საზოგადოების და ოპონენტების შეურაცხმყოფელ უსტარებს რომ აგზავნი ციხიდან, ესეც თუ „ერთმანეთის სიყვარულისთვის და სიძულვილის ენის სამუდამოდ დავიწყებისთვის“ შეიძლება იყოს გამიზნული, ესეც თქვენგან გავიგე პირველად.

მიშა სააკაშვილს, მის წარსულ და აწმყო საქმიანობას დავით მეფსალმუნის, დავით აღმაშენებლის და დემეტრე თავდადებულის ღვაწლს რომ გაუტოლებ, მაპატიოს უფალმა, მაგრამ ასე მგონია, არც შენ წარსულს უნდა სცემდე პატივს და არც მომავალს; არც შენს ერს, არც ქართულ სახელმწიფოს; არც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და არც მის მრევლს!

და ბოლოს, დღეს საღამოს, მშრალი მარხვით „ნამარხულევი“ და თქვენგან ნაზიარები მიშა სააკაშვილის მიერ დამოძღვრილი ზონდერები, „სიყვარულისა და სიძულვილის ენის სამუდამოდ დავიწყების“ საბაბით და „ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთვის“ პოლიციას რომ შეუტევენ და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი კერების მოწყობას შეეცდებიან, იქნება მაშინ დაფიქრდეთ იმაზე, რომ მღვდელმთავრის მაღალი წოდება უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეკლესიის, ერის, მრევლის და უფლის წინაშე!“ - აღნიშნულია გოგა ხაინდრავას მიმართვაში.