Digest Logo

„ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო - რაღაც სასწაულ შედეგებს ნამდვილად არ ვგეგმავდი“ - ლაშა ტალახაძე

1639980234
ლაშა ტალახაძე

„ჩემი მთავარი მიზანი გამარჯვება იყო. რაღაც სასწაულ შედეგებს ნამდვილად არ ვგეგმავდი. როდესაც შევხედეთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ჩვენს ასპარეზობას, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმაც არ დააყოვნა და გადაწყვიტა, რომ აქამდე დაფიქსირებული რეკორდები უნდა გაგვეუმჯობესებინა და, მეც, რა ვიცი, ჩავერთე...“, - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობიდან საქართველოში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, შედეგის მიღწევის შემდეგ, „ნერვიულობაც მოეხსნა“.

„რთული ნამდვილადაა, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურ წონაზე გიწევს ასპარეზობა და ნერვიულობ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა და კმაყოფილი ვარ იმით, რაც წელს შევძელი“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიგო. გარდა ამისა, ტალახაძე შეჯიბრის საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდპანდემიის გამო, 1 წლის დაგვიანებით, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის ჯილდოც გადაეცა.