Digest Logo

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის სიცრუე და ცილისწამება - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე პრემიერის მიერ ბაკურიანის ტყის ოჯახისთვის გადაცემის ფაქტზე

1643381269
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანის ტყე თავის მეუღლეს გადასცა, სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს.

ზაალიშვილი აცხადებს, რომ ხსენებული ტყის ფონდის მასივთან დაკავშირებით 2021 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

მისივე თქმით, აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს და მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა ნუნუ თამაზაშვილმა.

ზაალიშვილი პრემიერის მხრიდან ტყის ფონდის მეუღლისთვის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს:

„როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, მსურს გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას, რასაც „ქართული ოცნების“ ოპონენტებისგან და მათი კუთვნილი ტელევიზიების ეთერიდან ვისმენთ. საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრისთვის, ვითომდა, ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მასივის ჩუქებაზე.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს არის სიცრუე და ცილისწამება! რეალურად, ხსენებული ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჰქონდა.

აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა - ნუნუ თამაზაშვილმა და 5958 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით, მთელი რიგი ვალდებულებების, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო!

მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“.

ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა!
მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ!

ამიტომაც, მსურს მივმართო მათ, ვინც ცდილობს რომ ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებით კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიიღოს - არაფერი გამოგივათ და როგორი პროპაგანდისტული კამპანიაც არ უნდა აწარმოოთ, ჩვენს მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ან ვინმეს ვაჩუქეთ, ან ვინმემ ძალით მიიტაცა! მიტაცება და წართმევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა!

ამიტომაც რამდენიც არ უნდა იყვიროთ, სასურველ შედეგს უბრალოდ ვერ მიაღწევთ, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობის როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ისე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე!“, - აღნიშნულია ზაალიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.