Digest Logo

19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ

1642535100
ნათლისღების ფრესკა

19 იანვარს ნათლისღებაა, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განაცხადა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღება არის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი (6) 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურღიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტუალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.

დღესასწაულის განმასხვავებელი ნიშანი არის დიდი წყალკურთხევა. იგი სრულდება თვით დღესასწაულის წინა დღეს და მეორე დღეს, სადღესასწაულო ლიტურღიის შემდეგ. პირველ დღეს წყალი, ჩვეულებისამებრ, იკურთხება ემბაზში, რომელიც ტაძრის შუაში დგას, მეორე დღეს კი – ახლომდებარე ბუნებრივ წყაროზე – რუზე, ჭაზე, მდინარეზე ან ზღვაზეც კი.

მსახურება იწყება განსაკუთრებული საგალობლითა და წყლის სხურებით. აუზი, რომელიც მორთულია ყვავილებითა და სანთლებით, არის ღვთის პირველქმნილი შესაქმის სილამაზისა და ამ ქმნილების ქრისტეს მიერ ცათა სასუფეველში საბოლოო განდიდების სიმბოლო.

იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა. ყოფილა შემთხვევები, რომ ნაკურთხი წყალი წლების მანძილზე ჰქონიათ შენახული, ხოლო როდესაც ჭურჭლისთვის თავი აუხდიათ, წყალს ისეთივე გემო ჰქონია, როგორიც ახალაღებულს. ნაკურთხი წყლის უხრწნელობას ყველაზე ურწმუნო კომუნისტებიც კი აღიარებდნენ (ამას მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების პრესაში დაბეჭდილი მასალები მოწმობს), მაგრამ, მათი მტკიცებით, წყალი იმიტომ არ ფუჭდებოდა, რომ მღვდლები მასში ვერცხლის ჯვარს ავლებდნენ.

ამ მტკიცების გასაბათილებლად ისიც კმარა, რომ ღვთისმსახურნი წყალში ხშირად ხის ჯვარს ავლებენ, მაგრამ ის ისევე ინარჩუნებს უხრწნელობას, როგორც ვერცხლის ჯვრის გავლებით ნაკურთხი წყალი. ეკლესიური მოძღვრებით, ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ღვთის მადლისა და ძალის შედეგია და არა გარემო პირობებისა.

არსებობს მოსაზრება, რომ წყლის კურთხევა, მისი დალევის და პკურების ჩვეულება წარმართული ქმედებაა და იგი მხოლოდ შეცდომით შემოვიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს ჩვეულება ძველ აღთქმაში არსებობდა და ქრისტიანულ ეკლესიაში მას ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აზრი აქვს.

როცა ღვთის ძემ ადამიანის ხორცი შეისხა და შთაიფლა იორდანეს დინებაში, მასში მთელი მატერიალური სამყარო იკურთხა და განიწმინდა ეშმაკისა და ადამიანის ცოდვისაგან ნამემკვიდრევი სიკვდილის მატარებელი თვისებებისაგან.

უფლის განცხადებაში მთელი შექმნილი სამყარო ისევ „ფრიად კეთილი“ ხდება, ისეთი, როგორიც დასაბამიდან შექმნა და დაინახა თავად უფალმა, როცა „სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (და ბად. 1:2) და როცა მასში მყოფობ და „სული სიცოცხლისა“ (დაბად. 1:30; 2:7). როცა სამყარო სიბინძურით,ხრწნილებით და სიკვდილით ივსება, უფალი ისევ იხსნის მას სულიწმინდის მადლით ქრისტეში „ახალი ქმნილების“ მოვლინებით. ამ დღეს წყლის კურთხევით მთელი სამყარო (მისი „პირველ საწყისი ელემენტი“ – წყალი) დგება კოსმიური შესაქმის, უფლის სასუფევლის კურთხევისა და განდიდების პერსპექტივაში. „ახალი ზეცა და ახალი მიწა“, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით აღგვითქვა, უკვე ჭეშმარიტად იმყოფება ჩვენთან ქრისტესა და მისი ეკლესიის საიდუმლოში.

ამგვარად, ნათლობის წყლის კურთხევა წარმართული რიტუალი კი არ არის, არამედ ადამიანის, მისი ცხოვრებისა და მისი სამყაროს ქრისტიანული თვალსაზრისით ხედვაა. ესაა ლიტურღიკული მოწმობა იმისა, რომ შექმნილი სამყაროს მოწოდება და ხვედრი არის აღვსება „ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა“ (ეფ ეს. 3:19).

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია