Digest Logo

„მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია“ – შვილმკვდარი დედის ამბავი

1652461897
შვილმკვდარი დედის ამბავი

2019 წლის 21 თებერვალს, გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზა კლდიაშვილი გარდაიცვალა – ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა, ტრანსპორტის დასახვედრად ავტომაგისტრალი გადაჭრა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

როდესაც ზაზას დედა, ციცო ქანთარია ამ ტრაგედიის შემდეგ გონს მოვიდა, გადაწყვიტა, ის ქალბატონი მოეძებნა, რომელიც ამ ავარიას შეესწრო და დაშავებულის გადარჩენას ცდილობდა.

როგორც ცნობილია, ქალი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა თუმცა ხელში ჩააკვდა.

„ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა.

თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ, მომწერეთ.

მინდა, ხელები დავუკოცნო, რომლითაც ჩემს შვილს დახმარება ჩაუტარა, ეცადა, მაგრამ ვერ გადაარჩინა.

მინდა, ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად.

მოვალეობად ჩათვალა, არ მიეტოვებინა გასაჭირში. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია დღეს. ვინც იცის, რა დღეში ვარ, ვინც გრძნობს ჩემი სულის ტკივილს, სიმწარეს, შვილმკვდარი დედისას, გთხოვთ, მომაძებნინოთ ის ქალი“, – წერდა 2019 წლის შემოდგომაზე ციცო ქანთარია.

გამოცემა „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ განვითარდა მოვლენები და შეხვდნენ თუ არა ქალბატონები ერთმანეთს.

– ზაზა გზაზე გადადიოდა. ეს იყო ავტობანი. საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დიდი შუქები აუნთია და ამას, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, დიდი შუქისგან ვერ დაუნახავს თითქმის უკვე გზაზე გადასული ჩემი შვილი და დაეჯახა. უცებ ჩაურთიათ საავარიო, ეს ექიმიც გარბოდა თურმე ჩემი შვილისკენ. დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა და რამდენიმე მეტრი ათრია თურმე ჩემი საცოდავი შვილი. ფიქრი არ მასვენებს, ასე რომ არ მომხდარიყო, იქნებ გადარჩენილიყო, პირველი დაჯახების მერე.

პირველ მანქანას ბავშვი მართავდა, 18 წლის. დედას მიუტოვებია, ბებია და მამა ჰპატრონობდნენ. ძალიან განიცდიდა დედის წასვლას და მანქანა უყიდეს, ჩემ დასაქცევად. ჩემი შვილის მოძღვარმა ბევრი რამე ამიხსნა და ვაპატიე. ციხიდან როგორი გამოვიდოდა, არავინ იცის, ჩემს შვილს ვერაფერს უშველიდა, მისი დაპატიმრება და არ დავღუპე, მაგრამ მეორეს არ ვაპატიე და ვერც ვაპატიებ, არანაირი სინანული არ გამოუხატავს. ყველაფერი ღმერთს მივანდე, მის სამართალს ვერავინ გაექცევა.

შემდეგ დავიწყე იმ ქალის ძებნა, ვინც ჩემი შვილის ბოლო ამოსუნთქვა ნახა. რამდენი ვეძებე, თურმე აქვე, ჩემს ქალაქში მყოლია და ვიპოვე. ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს, თამუნა ალხაზიშვილი. ერთი შეხედვითაც მიხვდება ადამიანი, რა დიდებული სულის პატრონია. მე ემიგრაციაში ვარ და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით ჩამოვდივარ – ზაფხულში. აქედან მივწერე, შემდეგ შევხვდი კიდეც. ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი შეხვედრა, ძალიან ბევრი პასუხი გაუცემელი კითხვა მაწუხებდა. ბევრი რამე დამიმალეს, ვიდეოს ამოღებაც შეძლეს, მაგრამ მე არ მაჩვენებენ, შვილმა აუკრძალა ყველას. თამუნასთან შეხვედრის მერე ცოტა დავმშვიდდი, ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია.

ძალიან მინდოდა გამეგო, რა თქვა ჩემმა შვილმა სიკვდილის წინ. თამუნამ მითხრა, კომაში იყო, ბოლოს მოატარა თვალები და გარდაიცვალა კიდეცო. მას ისე ეშინოდა ავად გახდომის, პატარა სიცხეზეც შეშინებული მეკითხებოდა, – რამე ხომ არ მომივაო? მეც ამიტომ ვიყავი განადგურებული, ტკივილს როგორ გაუძლებდა-მეთქი. ჩემი გოგოც ექიმია, მამშვიდებდა, აგონიაში იქნებოდა მაშინვეო, მაგრამ სანამ იმ ღვთისნიერმა არ დამარწმუნა, ვერ დავმშვიდდი.

დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არ უნდა გაიმეტოს ასეთი უმძიმესი ტკივილისთვის უფალმა, ცოდოა ადამიანი ამ დიდი ტვირთის სატარებლად. როცა საღ-სალამათ შვილს სახლიდან უშვებ და საღამოს მკვდარს მოგიყვანენ, სამყაროს დამხობაა დედისთვის. ჩემი შვილის მკვლელებმა, უპასუხისმგებლობით ჩემი ოცნებები ამიტირეს, მოსიარულე გვამად მაქციეს, სამუდამოდ სატანჯველად გამიმეტეს. მადლობა თქვენ, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი ტკივილი, გმადლობ, რომ მომისმინეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

წყარო: primetime.ge