
„ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის უძლეველობის მითი უკვე დამსხვრეულია და ოკუპირებული ტერიტორიები ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში არ უნდა არსებობდეს.
„ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?
კარგად ვხედავთ დღეს ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები. დღეს 26 მაისია და ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო ქვეყნის გამარჯვება და გამთლიანება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.