Digest Logo

პომადა არ მაქვს, მაგრამ ვაშლს რომ ვჭამ, ტუჩები მიწითლდება- პატარების „საპრანჭავი დღიურები"

1602239131
6-დან-10 წლამდე გოგონები

დრო მიდის და მასთან ერთად ყველაფერი იცვლება, თუმცა, დედების ტანსაცმელებში, სამკაულებითა და პარფიუმერიით მორთულ ბავშვებს სარკის წინ გამოპრანჭვა ყველა დროში უყვართ.

ქუსლიანი ფეხსაცმელები, უსწორმასწოროდ წასმული პომადა და სასაცილოდ გაკეთებული დიდური ვარცხნილობა თითქმის ყველა ქალის ბავშვობის ნაწილია.

როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე ბავშვებში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. დღესაც პატარებს ისე იზიდავთ დიდების ნივთები, როგორც ყველა დროში ყველა ქალს.

10 წლის ანასტასია გაბოშვილი

anastasia-gaboshvili_o_h.jpeg

გოგო ვარ,თუმცა გაპრანჭვა ძალიან არ მიყვარს, იმიტომ, რომ ალერგიას მაძლევს. უფრო მეტად „ჩაცმულობაში ვიპრანჭები“ და ტანსაცმელებსაც ჩემით ვარჩევ.

კაბებზე მეტად შორტები მიყვარს. განსაკუთრებულად: იასამნისფერი და ყვითელი მიყვარს, მაგრამ ტანსაცმელები ძირითადად, ვარდისფერი მაქვს. თუ სასეირნოდ მივდივარ, ჩანთა მიმაქვს ხოლმე, ცოტა მარაგი რომ წავიღო. მაგალითად: რომ დავისვარო, გამოსაცვლელი კაბა, კოღოების კბენის საწინააღმდეგო მაზი და ა.შ.

8 წლის - კატო კორძაია

kato-kordzaia_o_h.jpeg

მიყვარს საკრესთან რომ დავდგები ხოლმე, თმებს ვივარცხნი, პომადას ვისვამ და ვიპრანჭები. დედიკო მეუბნება, ჯერ პატარა ხარ და პომადები არ შეიძლებაო, მაგრამ ხანდახან შეიძლება. ყურებიც მაქვს გახვრეტილი და საყურეებიც მიკეთია. მომწონს ბრილიანტის საყურეები. მძივებს და სამაჯურებს არ ვიკეთებ, მაგრამ გულის ფორმის ბეჭდები მაქვს და ხანდახან ვიკეთებ. კიდევ ტანის კრემი მაქვს და ვისვამ ხოლმე, რომ კანი არ ამძვრეს. სუნამოც მქონდა, მაგრამ გადავაგდე, აღარ იყო, დამიმთავრდა. გოგო უნდა გაიპრანჭოს, რომ ლამაზი იყოს და ყველას მოეწონოს.

9 წლის ანასტასია მებონია

anastasia-mebonia_o_h.jpeg

ჯერ არ მაქვს გახვრეტილი ყურები , მაგრამ მაინც ვიპრანჭები. სარკესთან რომ ვდგები, ვისვამ პომადას, ტუშს და „რუმიანას“. ყურების გახვრეტა დავაპირე, მაგრამ შემეშინდა და ვერ გავიხვრიტე. სკოლაში წასვლამდე ისევ ვცდი და გავიხვრიტავ. ძალიან მომწონს გულებიანი საყურეები და გავიკეთებ. ტანსაცმელს ხან ჩემით ვარჩევ, ხან დედიკო მეხმარება, მაგრამ, როდესაც ჩემით ვირჩევ, ხშირად გამოცვლა მიწევს, იმიტომ რომ დედიკოს არ მოსწონს. შარვლები და შორტები მიყვარს და კიდევ ლურჯი ფერის ტანსაცმელი. ჩანთაც მაქვს და სახლიდან გასვლისას ამ ჩანთაში ვდებ ხილს და „რაღაცაებს“.

9 წლის ტასო აბზიანიძე

taso-abzianidze_o_h.jpeg

სარკესთან დავდგები, ხოლმე და თმებს ვივარცხნი. პომადას არ ვისვამ, არ მიყვარს. მომწონს, როდესაც ლამაზი, ფერადი კაბები და შორტები მაცვია. ვფიქრობ, გოგო ყოველთვის გაპრანჭული უნდა იყოს, რომ პირველ რიგში, თავისი თავი მოსწონდეს და მერე სხვებსაც მოეწონოთ.

10 წლის ელენე ყალიჩავა

elene-kalichava_o_h.jpeg

ჰიგიენური ფერადი ტანსაცმელი მიყვარს და ვცდილობ, ყოველთვის ლამაზად ჩავიცვა. ზოგჯერ ჩემი გემოვნებით ვიცვამ, ზოგჯერ დედა მეხმარება. პომადას არ ვისვამ, რადგან არ მაქვს. დედა მეუბნება, ჯერ ადრეა შენთვისო. სანამ პომადა არ მაქვს, ვაშლს რომ ვჭამ, ტუჩები მიწითლდება. უფერო და პომადა ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ეგ არ მომწონს. ვფიქრობ, გოგო ყოველთვის გაპრანჭული უნდა იყოს. იმიტომ რომ, როცა სადმე მიდიხარ, იქ ხომ არიან ბიჭები, ფორმაში თუ არ იქნები, სირცხვილია. თუნდაც, სადმე არ მიდიოდე, სახლშიც უნდა იყო გაპრანჭული, იქნებ სტუმარი მოვიდეს, აჩეჩილი ხომ არ დახვდები?

7 წლის მაშო ცაგურია

masho-tsaguria_o_h.jpeg

სარკესთან რომ დავდგები ხოლმე, ვიპრანჭები. დედიკო წითელ პომადას მისვამს. თმებს ხან დედიკო მიკეთებს, ხან - მამიკო. კიდევ მიყვარს სამკაულები, მაგრამ არ მაქვს. მარტო ერთი მაქვს და იმას ვიკეთებ. მაქვს 5 ჩანთა, რომელშიც ვინახავ სათამაშოებს და პომადას. კიდევ სახის კრემიც მაქვს და სუნამოც. ტანსაცმელებს ხან ჩემით ვირჩევ, ხან დედიკო მეხმარება. ძალიან მიყვარს ვარდისფერი. სილამაზის სალონში ჯერ არ დავდივარ, მაგრამ მანიკურების წასმა მიყვარს. ჩემი მეგობარი მისვამს ხოლმე თავის მანიკურს - ხოლმე მუქ ლურჯს, ხოლმე თეთრს, ხოლმე ბრჭყვიალა ვარდისფერს. ყველა გოგო უნდა გაიპრანჭოს, რომ ლამაზი იყოს.