Digest Logo

მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ

 13:45 სამ. 27 აპრილი
მსახიობი კახი კავსაძე

კახი კავსაძე ცნობილი მომღერლების, კავსაძეების შთამომავალი იყო. ბაბუამისმა სანდრო კავსაძემ სალოტბარო ტექნიკა და ნოტები სიმონ გოგლიჩიძისგან ისწავლა. 

შემდეგში ქართულ სიმღერას გორის სასულიერო სემინარიაში ეუფლებოდა და იქვე ბავშვთა ანსამბლი ჩამოაყალიბა. ანსამბლში სოსო ჯუღაშვილი, იგივე სტალინიც მღეროდა. სანდრო კავსაძე სიმღერისა და ცეკვის პირველი პროფესიონალური ანსამბლის დამაარსებლად მიიჩნევა.

სანდრო კავსაძე

მამა - დავით, იგივე დათაშკა კავსაძე, ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს 14 წლიდან ლოტბარობდა. თბილისის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩაირიცხა. მუსიკისადმი სიყვარულს უღვივებდა თავის ორ შვილს: კახისა და იმერს.

კავსაძეები ვორონცოვზე ცხოვრობდნენ. იმავე სახლში ცხოვრობდნენ აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, თამარ ჭავჭავაძე, ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, ალიო მირცხულავა და სხვები.

კახი ექვსი წლის გახლდათ, მამა მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა, მაგრამ იქვე სიმღერისადმი სიყვარულმა საოცარი გზა აპოვნინა - ქართველ ტყვეთა შორის მომღერლები შეკრიბა და ეთნოგრაფიულ გუნდს ხელმძღვანელობდა.
1946 წლის ზამთარში შეატყობინეს, რომ მამა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. ცოლ-შვილი სადგურზე ელოდა.

დათაშკა კავსაძე, თამარ ცაგარეიშვილი, იმერი და კახი კავსაძეები

დათაშკა გზაში აუყვანიათ და არ დასცალდა ოჯახის მონახულება. საბჭოთა ხელისუფლების ბრალდების მიხედვით, ის სამშობლოს მოღალატედ ჩათვალეს.

მას შემდეგ კახიმ მამა სულ ორჯერ ნახა - „კა-გე-ბეში“ და ორთაჭალის ციხეში. ამით ამოიწურა მასთან ურთიერთობა...

ერთ დღესაც ციხეში „პერედაჩი“ აღარ მიიღეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მამა ციმბირში გადაასახლეს. რეპრესირებულის ოჯახში ბევრი ვერ ბედავდა მისვლას, დახმარებას, თანადგომასა და ელემენტარულად სტუმრობასაც კი. მაშინ „მოღალატეების“ ოჯახებს შუა აზიაში ასახლებდნენ. დათაშკას ოჯახი გადასახლებიდან კანდიდ ჩარკვიანმა იხსნა, რომელიც მაშინ „ცეკას“ პირველი მდივანი გახლდათ.

დათაშკა კავსაძე

დედა, თამარ ცაგარეიშვილი (კაკალა), ექიმი იყო, კარგად ხატავდა, მაგრამ ვერც იმ და ვერც შემდგომ წლებში ვერ შეძლო, ამ საქმიანობისთვის დრო გამოეყო. კახი ფორტეპიანოზე უკრავდა, იმერი – ვიოლინოზე. მარტოხელა ქალს უჭირდა ორი ბიჭის მოვლა და ლუკმა-პურზე ზრუნვა. იყო ასეთი ფაქტიც, როცა ძმებს სკოლის ფორმა არ ჰქონდათ, დათაშკას ჩოხის დაჭრა გადაწყდა და იქიდან ბიჭებს როგორღაც გამოუყვანეს სკოლისთვის შესაფერი სამოსი.
ერთადერთხელ შეძლო დედამ მეუღლის - დათაშკას ციმბირში მონახულება. მას შემდეგ აღარ უნახავს, კაცი იქვე გარდაიცვალა.

16 წლის შემდეგ, როდესაც ლოგინს მიჯაჭვული თამარი სიკვდილს ებრძოდა, უკანასკნელ სიტყვად ქმრის სახელი წარმოთქვა...

თამარ ცაგარეიშვილი და დათაშკა კავსაძე

კახი კავსაძეს ჯერ ცნობილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის შვილიშვილად მოიხსენიებდნენ, შემდეგ მის ბიოგრაფიაში დათაშკას სახელი ფიგურირებდა; მას შემდეგ, რაც კახი კინოსა და თეატრში გამოჩნდა, დაამახსოვრდათ მისი როლები.

იყო კიდევ ერთი რამ, რამაც კახისადმი პატივისცემა საზოგადოებაში ერთი-ორად გაზარდა. სიყვარული ქალისადმი, ანუ ბელა მირიანაშვილთან ურთიერთობა.

კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი

დღეს ამ ორი ადამიანის სახელი გაერთიანებულია, თუ ერთს ახსენებ, მაშინვე გონებაში მეორე ამოტივტივდება და პირიქით. ცნობილია, რომ კახი კარგი ქმარი იყოო, ავადმყოფ ცოლს ხელით დაატარებდა, ბავშვებს უვლიდა, ჭურჭელს რეცხავდა და გამუდმებით ახალი წამლის ძიებაში იყო, რომ ცოლისთვის ფიზიკური ტკივილი და ყოფა შეემსუბუქებინაო.

მაგრამ თვითონ ამ ამბავზე ღიზიანდებოდა და აღნიშნავდა, რომ თავად ბელა იყო არაჩვეულებრივი და მის საქციელში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

ბელა

ბელა მირიანაშვილი თბილისში 1938 წლის პირველ აპრილს დაიბადა. მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა, უმაღლესი განათლება კი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე მიიღო.

ჯერ კიდევ სტუდენტი კინოში სათამაშოდ მიიწვიეს, ხოლო მეოთხე კურსიდან უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობების გვერდით იდგა, ამავე თეატრის სცენაზე სპექტაკლებში აკავებდნენ. ჰოდა, სწორედ ეს მანდილოსანი კახიმ მესამე კურსზე სწავლისას დერეფანში შენიშნა. მაშინ ბელა პირველკურსელი იყო. იდგა, იცინოდა და გურანდა გაბუნიას ესაუბრებოდა. ერთი ნახვით შეყვარება სწორედ ამას ჰქვია - მაშინვე მოიხიბლა და ქალზე ფიქრმა შეიპყრო. იმის მაგივრად, რომ ბელასთან დაახლოება ეცადა, პირიქით იქცეოდა, გაურბოდა, ერიდებოდა და „შორით ეტრფოდა“.

კახი კავსაძემ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. თავიდან მთავარი როლები არ ჰქონია, ეპიზოდებში აკავებდნენ. თეატრში ერთმანეთს ისე ხვდებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი კოლეგები. კახი ისევ დუმდა, მაგრამ ბოლოს როგორღაც წლობით ნაგროვები სათქმელისთვის თავის მოყრა გადაწყვიტა და ქალს „მიუახლოვდა“ ... მაინც არაფერი თქვა, ანუ გრძნობებზე არ ულაპარაკია, უბრალოდ დიდ ყურადღებას აქცევდა, გვერდიდან არ შორდებოდა, ერთი ადგილიდან მეორემდე აცილებდა.

მაშინ ბელას უკვე ჰყავდა შვილი - გოგონა, ნანუკა ხუსკივაძე. ბავშვის მამას კი გაშორებული იყო. თუ დროს „დავითვლით“ , სანამ ბელა და კახი ერთად იქნებოდნენ, ანუ დერეფანში დანახვიდან თანაცხოვრების დაწყებამდე, 12 წელი გავიდა.

ბოლოს კახიმ ყოველგვარი სიყვარულის ახსნისა და სცენების გარეშე მეგობრების წრეში გამოაცხადა: „გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლია“ და ბელაზე მიუთითა...

მაშინ ნანუკა წლინახევრის იყო. შეუღლდნენ ყოველგვარი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. ეს ორი განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანი ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდა და საერთო შვილი - ირაკლიც გაჩნდა...

კახი საოცრად ემოციურია და ხმამაღალი ლაპარაკი უყვარს, თუმცა ცოლისთვის ხმა არ აუწევია. ბელა მშვიდი იყო, უთქმელი, ბევრს არ ლაპარაკობდა. იქნებ, სწორედ ამიტომაც იყო წყვილს შორის იდილია?! ისინი ერთმანეთს აბალანსებდნენ და სრული ჰარმონია ჰქონდათ.

ბელა მეორე შვილზე, ირაკლიზე იყო ფეხმძიმედ, როცა ვირუსი შეხვდა. სპექტაკლი დანიშნული იყო და მაღალი სიცხით მაინც ითამაშა „ჭინჭრაქას“ ერთ-ერთ მორიგ წარმოდგენაში. იმ წარმოდგენის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ავადმყოფობა გაურთულდა, თან ფილტვების ანთებაც დაერთო. ყველა ფიქრობდა, რომ მომჯობინდებოდა, მაგრამ მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა... ირაკლი ჯანმრთელი დაიბადა. მის უფროს დასა და ბელას კახი უვლიდა.

თანაცხოვრების 26-დან 23 წელი ქალი ავადმყოფობდა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე ბოლო პერიოდი გამოდგა. არ წუწუნებდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, მაგრამ ძველებურად ენერგიული რომ ვეღარ იყო, ამას ყველა ხედავდა.
1992 წლის აგვისტო ილეოდა. კახი მოსკოვში იყო გადაღებებზე. 25 აგვისტოს სატელეფონო საუბარში ბელა მეუღლეს თავისთან უხმობს და ჩამოსვლას სთხოვს.

კახიმ იგრძნო რომ აღსასრული ახლოა. ის მაშინვე თბილისში მოფრინავს და მეორე დღეს უკვე ერთად ატარებენ, მაგრამ... მარიამობა დილით, გამთენიისას, ბელა იღვიძებს და კახის სთხოვს, ლოგინში წამოაჯინოს. და ამბობს საოცარ სიტყვებს: „მე ახლა სუბსტანციას ვგრძნობ, დამანებე თავი, ხელს ნუ მიშლი ნეტარებაში ნუ მაწუხებ“ ... ეს მისი უკანასკნელი ფრაზაა. ბელა მირიანაშვილი 54 წლის ასაკში 1992 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა...

კახი კავსაძის წერილი ბელაზე

– ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი.

კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას… მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა.

ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! – ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია.

როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად… ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის…

ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი

მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა.

დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!! მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია. მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა.

საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი… ინსტიტუტში მოსვლიდან მალევე მოხვდა კინოში, „საბუდარელ ჭაბუკში“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველშიც“ გადაიღეს და საკმაოდ პოპულარული გახდა.

ძალიან მაგარი გოგო იყო, ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული, ადამიანებისადმი კეთილგანწყობილი. ყველა თვისება კარგი ჰქონდა. მისი სცენური და ეკრანული ხიბლი, ნიჭიერების გარდა, პიროვნულობიდანაც მომდინარეობდა.

ბალეტის სკოლა ჰქონდა გავლილი, ინსტიტუტის ფერია იყო. შინაგანი სინორჩე ბუნებით მოსდგამდა. დახვეწილი მანერებით და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა ერთპიროვნულად. ყველა მოწიწებით ექცეოდა. თვით ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი ილია თავაძე, საკმაოდ მძიმე კაცად რომ ითვლებოდა, ბელას წინაშე სხვაგვარი ხდებოდა – უფრო რბილი და დაშქარული… ზოგჯერ სხვადასხვა კურსის სტუდენტებს ერთად გვიტარდებოდა სასცენო მოძრაობა, ამ დროს ბელასთან ხელით შეხებაც მიწევდა, ყოველმხრივ ვცდილობდი, გრძნობა დამეფარა.

როცა გოგოსთან ცეკვავ ან ვარჯიშობ და ხელის შევლება გიწევს, ძალიან ცუდი ტონია, შეეხო ისე, კაცს რომ არ ეკადრება…

ერთხელ ინსტიტუტი თავის თვითშემოქმედებას თბილისის საოპერო სცენაზე წარადგენდა. ბელასთან ერთად აკრობატულ ნომერს ვასრულებდი. საშინლად ვნერვიულობდი – კონცერტზე, ერთ–ერთი რთული ილეთის შესრულებისას, მოულოდნელად ხელიდან გამივარდა, როგორ შევრცხვი! ბოლო მომენტში ფეხებით დავიჭირე, თავით რომ არ დაცემულიყო სცენაზე.

ბელას პირველმა ქორწინებამ ჩემს დამოკიდებულებაში რაღაც შეცვალა. ინტუიციით ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდა. როდესაც ნანუკას მამას გაშორდა, თავს შევუძახე: „კახი, ბოლოს და ბოლოს დროა, „შორით დაგვა“ შეწყვიტო, გრძნობა გაუმჟღავნო და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თორემ…“ შეიძლებოდა ეს ქალი სამუდამოდ დამეკარგა.

მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლო მომეღო ამ «უთავბოლობისთვის». არასდროს მითქვამს, მიყვარხარ–მეთქი. მხოლოდ ქცევით ვაგრძნობინებდი… სერიოზულ ყურადღებას ვიჩენდი, სადაც მიდიოდა, ყველგან ვაცილებდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ბავშვობის ამხანაგმა, ავთო საყვარელიძემ, წვეულებაზე დამპატიჟა, ბელაც თან წავიყვანე, როგორ კოლეგა, თუმცა… – ეს ქალი ჩემი ცოლია, – წარვუდგინე მეინახეებს, ასევე – დედაჩემსაც, როცა ბელა სახლში მოვიყვანე.

იმ დღიდან ჩემი მარტოობა დასრულდა. მას შემდეგ ჩემთან ვცხოვრობდით. ეს ბელას პირველი ნახვიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. ნანუკა გადასარევი ბავშვი იყო. რომ შევუღლდით, მაშინ წლინახევრის გახლდათ, შემდეგ ირაკლი დაიბადა…

ლეგენდარული სიყვარული და ოჯახი ჰქონდათო, ამბობენ, თუმცა არ მესმის, რატომ იყო ლეგენდარული, ან სად გადის ზღვარი ლეგენდასა და სინამდვილეს შორის.

ბელა ყოველმხრივ ფანტასტიკური მეუღლე იყო, ყოველთვის მაკვირვებდა თავისი სიბრძნით, პრაქტიკულობით, ზომიერებით, პიროვნული სიდიდით… ხომ გახსოვთ სიმღერა: „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო“… შინ მოსვლა ყოველთვის მიხაროდა, ვინაიდან ჩემი კეთილმოსურნე, ჩემი შვილების დედა, უახლოესი ადამიანი მხვდებოდა – დიდი სითბოთი და გაგების უნარით.

შინიდან რომ გავდიოდი, არ მახსოვს შემთხვევა, არ გავეცილებინე. სახლში მოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, თუმცა «კარში გავარდნაც» მჩვეოდა, ძმაკაცებში და მეგობრებში სიარულს არ ვიკლებდი. ამის გამო საყვედური არასდროს უთქვამს. არაფერი ეშლებოდა, ზომა–წონა იცოდა, არასდროს ჩაერეოდა ჩემი და ძმაკაცის ურთიერთობაში, არასდროს უკითხავს, ფული რამდენი გაქვს, რა ჯამაგირი აიღეო, არც ჩემს ჯიბეში ჩაუყვია ხელი.

ჩემს შესრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილად მეტყოდა თავის მოსაზრებას, თავზე არ მომახვევდა, არც შენიშვნის სახეს მისცემდა.

ავადმყოფობის მიუხედავად, ოჯახის ბურჯი იყო. საჭიროებისამებრ, ძალიან ძლიერი ხდებოდა.

26 წელი ვიყავით ერთად, აქედან 3 წელი ჯანმრთელად იყო და დაფრინავდა, 23 წელი იავადმყოფა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დამიძახა და მითხრა, ცუდად ვარო… არ ტყდებოდა, ღირსების უმაღლეს საფეხურზე იდგა ყოველთვის.

ის დაავადება რომ არა – დღეს ჩემი მეუღლე გაგიღებდათ კარს…

ირაკლიზე იყო ფეხმძიმედ, ვირუსული გრიპი შეხვდა. 40 გრადუს სიცხიანმა დილის სპექტაკლი «ჭინჭრაქა» ითამაშა, ამის შემდეგ გაურთულდა და ფილტვების ანთებაც დაერთო. წამალი ვერ მიიღო, ნაყოფის დაზიანებას მოერიდა.

ბავშვი კი დაიბადა ჯანმრთელი, მაგრამ თავად იგრძნო, რომ ძალა ეცლებოდა. ექიმებმაც არ ატეხეს განგაში, სისუსტე მშობიარობის შემდგომ პერიოდს დააბრალეს…

ბოლოს მიელოპოლირადიკულონევრიტი დაუდგინეს. ნელ–ნელა პოზიციებს თმობდა, მაგრამ ამას ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია… მთელი ოჯახი მასზე იყო მინდობილი, თავს არ შეიბრალებდა, არ ზოგავდა.

გადაღებაზე რომ მივდიოდი, მის იმედზე ვტოვებდი ბავშვებს, გადაადგილება უჭირდა, მაგრამ მობილური ტვინი ჰქონდა.

დღესაც, რაიმე განსაცდელი რომ მოდის, ყოველთვის ვამბობთ – აბა, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა ბელა შალვოვნა!.. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო, არაჩვეულებრივი კულინარიც გახლდათ.

მიხსენებენ ხოლმე, ხელით ატარებდიო… კიბეზე რომ ვერ ამოდიოდა, ავიყვანდი და ამოვარბენინებდი, აბა, რას ვიზამდი?!

ერთხელ ნათელა არველაძისთვის (თეატრმცოდნე) უთქვამს, თავგანწირული თავდადება თუ არსებობს, კახი სწორედ ასეთია ჩემ მიმართო. ბელა ყოველმხრივ ჩემზე მაღლა იდგა. მე ალბათ ის კაცი ვიყავი, ვინც ამას ხედავდა და უბრალოდ აფასებდა.

ვფიქრობ, მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორიც ეკუთვნოდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში… მოსკოვში ვიყავი, 26 აგვისტოს დავურეკე: – 2 სექტემბრამდე ვაპირებ დარჩენას, როგორ ხარ? – ჩა–მო–დი! – მითხრა დამარცვლით. – რა იყო, ბელა, ცუდად ხარ? – ჩა–მო–დი…

სასწრაფოდ გავქანდი აეროპორტში, მეორე დღესვე ჩამოვფრინდი, 28 აგვისტოს გარდაიცვალა, გამთენიისას… ჩემთვის ეს თავზარდამცემი იყო, შეიძლება უფრო მეტიც… „რა მეშველება?! რა მეშველება?!“ – ერთთავად ვიმეორებდი მძიმე დღეებში.

– კახი, რა გაქვს სადარდებელი?!.. რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა? – მკითხა მერაბ კოკოჩაშვილმა, ამით ჩემს ნუგეშისცემას შეეცადა. – დიახ, – შევხედე გაკვირვებით. – მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი დღეც არ გაუხარიათ, შენ კი 25 წელი იცხოვრე ბედნიერმა!.. ვერაფერი ვუპასუხე.

მართლაც, მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში.

ბელას დაღუპვის შემდეგ კახის სხვა ცოლი აღარა შეურთავს და მთელი თავისი ენერგია კარიერას მიუძღვნა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პოეტი, მომღერალი და არაჩვეულებრივი თამადა - ინოლა გურგულიას უცნობი ისტორიები

გურამ ფანჯიკიძის ცხედრის გამოტანისას ზღვამ უკან დაიხია – ცოტა რამ ფანჯიკიძეების ოჯახზე

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

გარდაცვალების შემდეგ, მომზადებული დამტოვა - ახალგაზრდა ქვრივის, მარიამ ჯაშის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია


მსგავსი სიახლეები

„ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო...

1 წუთის წინ

ხაინდრავა პაიჭაძე

როგორი იქნება COVID-19-ის მეხუთე ტალღის...

16 წუთის წინ

გარდაცვლილი პაციენტი

„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟ...

30 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე