
ინგა გრიგოლია ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და წერს, რომ კომუნისტი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას სახელმწიფოზე შეტევას არქმევენ.
„არც ერთი სპეცრაზმელი, არც ერთი სამართალდამცველი არაა დაკავებული 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, ხალხს თვალები რომ დათხარეს, აი, მაგის გამო და კომუნისტი გავრილოვის აქ ჩამოთრევის მიზეზით გამართულ საპროტესტო აქციას პარლამენტის აღების მცდელობას და სახელმწიფოზე შეტევას არქმევენ.
ნიკა მელია კი გადაიტანს ამ პატიმრობას, კარგად ვიცნობ და მაგარი ბიჭია, მაგრამ თქვენ რას უტოვებთ ამით ისტორიას? გავრილოვის გამო ოპონენტები ციხეში ჩავყარეთო? რა სიმბოლურია მართლაც, მისი დაჭერა 23 თებერვალს“- წერს ინგა გრიგოლია.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.