
დღეს, 23 თებერვალს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.
ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური ლიდერები აპირებენ გამათავისუფლებელი აქციების ჩატარებას და მოითხოვენ როგორც ნიკანორ მელიას აგრეთვე გიორგი რურუასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
„მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან.
მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე. ვინც დაიჭირა და ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ძალიან დიდი ხნით ჩაჯდებიან.
ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ და როგორ დამარცხდით.
ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში.
ჩვენი საქმე არის მართალი და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელს საქართველოში ფრონტის გახსნა.
შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა.
ივანიშვილს უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ექნება თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით”, – განაცხადა ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.