
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მელია დაკავებამდე 2 წუთით ადრე სწორედ მას ეძებდა:
„კარი უკვე ირყეოდა – სულ ორი წუთი რჩებოდა სპეცრაზმის ოთახში შემოჭრამდე და ნიკა მელიას დაჭერამდე, როცა მისი ყვირილი გავიგე:
– ბოცო, ბოცო სად არის?
იქვე ვიყავი და რა იყო, აქ ვარ მეთქი…
– ფბ კადრებში მომეჩვენა, თითქოს დერეფანში იყავი და გული გქონდა ცუდადო, – მიპასუხა.
ორ წუთში შემოამტვრიეს კარი და წაიყვანეს; ყურში ჩამესმის, როგორ მკითხულობდა თავის განსაცდელამდე წუთით ადრე” - წერს ნუგზარ წიკლაური და ნიკა მელიას ფოტოს აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.