
დღეს, 23 თებერვალს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.
ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური ლიდერები აპირებენ გამათავისუფლებელი აქციების ჩატარებას და მოითხოვენ როგორც ნიკანორ მელიას აგრეთვე გიორგი რურუასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
სწორედ ამ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა მომღერალი, სოფო ბათილაშვილი და აღნიშნა, რომ მისთვის უზენაესი საქართველოს თავისუფლებაა.
„ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო იმედს უნდა ამყარებდეს.
ძალიან ძნელია, ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად მორღვეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
რაც დილის გადაცემაში ვმუშაობ, უფრო ახლოს მომიწია სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გაცნობა და უფრო მეტად მაღიზიანებს ხელისუფლების უსაქმურობა.
მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ოპოზიციაზე შურისძიება იყო მოტივი და არა კანონი.
კანონი და მორალური ღირებულებები რომ ადარდებდეთ, გავრილოვს პარლამენტში ურცხვად არ ჩასვამდნენ.
ოპოზიციური ლიდერი კანონის აღსრულების მოტივით დაიჭირეს მათ, ვინც არჩევნები გააყალბა და საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებსა და შვილებს ხმები მოპარა.
ჩრდილოეთზე ბევრი მსმენია და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ მინდა მაგ რეალობაში ცხოვრება.
არ მინდა რუსული პოლიტიკა, არ მინდა რუსეთი! არ მინდა არც კარიერული წარმატებისთვის, არც ფულისთვის და არც ბროლის კოშკებისთვის.
ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს “,-– წერს მომღერალი.