Digest Logo

იოსებ ტყემალაძე - ჩემი ინტერესი გარდა ამ ეროვნული პროცესის წინსვლისა, არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს. ის ენერგია, რომელიც ერთმანეთში ჭიდილს ხმარდება, აკლდება განვითარებას - გვჭირდება ამ ენერგიის გაერთიანება

 17:27 სამ. 23 თებერვალი
რაგბის კავშირის
პრეზიდენტობის კანდიდატი
იოსებ ტყემალაძე

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ორგანიზაციის ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე, 24 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს პირველი არხი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს მიმდინარე პროცესებში ჩართვის მიზეზებზე, მის რაგბისთან კავშირზე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, სამომავლო მიზნებსა და განვითარების გეგმაზე გაესაუბრა.

– რა მდგომარეობაა დღეს ქართულ რაგბიში და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ პროცესებში ჩაერთოთ?

– რაგბიმ დაიწყო ძალიან სწრაფად განვითარება და საოცარი შედეგების მოტანა, რასაც დაფინანსების ზრდაც მოჰყვა. ამ ეტაპზე საჭირო იყო შესაბამისი დონის მენეჯმენტი, რისი უზრუნველყოფაც ამა თუ იმ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

წლებია, ქართულ რაგბის თვალყურს ვადევნებ, ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარი. სიახლოვე მეტი მაქვს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ბოლო პერიოდში გამწვავებულ ფონზე გვაქვს დრამატული სურათი. ყოველდღე ვუყურებთ ტელევიზორში, თუ როგორ ზიანდება რაგბის რეპუტაცია, როგორ ჩნდება ესა თუ ის ბრალდება, არაერთი კითხვა და გარკვეული კრიზისი არსებობს. ბოლო დღეებში ჩატარებული შეხვედრებისას მივხვდი, რომ ეს კრიზისი უფრო ხმაურიანად ჩანს, ვიდრე რეალურადაა. ვგულისხმობ იმას, რომ იქ არიან გულანთებული ბიჭები, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი აქვთ იმის გამო, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ესეც განვითარების ერთ-ერთი ეტაპია და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ის, რაც ისმის, უკიდურესად არასასიამოვნოა და კარგად შესწავლა სჭირდება, მაგრამ სწორედ სუსტი მენეჯმენტის დამსახურებაა, რომ პროტესტი გამწვავდა. დაგვიანდა რეაქციები, რასაც პანდემიამაც ხელი შეუწყო. გაიყო ხედვები და სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული მიდგომები გაუჩნდათ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს არ არის ღრმა კრიზისი, ვგულისხმობ იმას, რომ ყველას უნდა არსებული რეალობის ცვლილება, მოწესრიგება. ერთიანი ხედვაა, რომ უნდა განვითარდეს რაგბი, თუმცა ვიმეორებ – ემოციები ჭარბობს, რაც ასევე გასაგებია.

– ამბობთ, რომ ხედავთ გაერთიანების პოტენციალს – როგორ აპირებთ ერთი შეხედვით რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების გაერთიანებას და მათი ენერგიის ქართული რაგბის პროგრესისკენ მიმართვას?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ინტერესი გარდა ამ ეროვნული პროცესის წინსვლისა, არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს. ვთვლი, რომ ის ენერგია, რომელიც ერთმანეთში ჭიდილს ხმარდება, აკლდება განვითარებას. გვჭირდება ამ ენერგიის გაერთიანება. ცოტა დრო მქონდა, რადგან თავად მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩავბმულიყავი საპრეზიდენტო ბრძოლაში. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები – მათ შორის ის, რომ საჯარო რეესტრის პოზიცია უნდა გარკვეულიყო, ლეგიტიმურობა ჩატარებული არჩევნების და ა.შ. რაც მოვასწარი, თითქმის უმეტეს ნაწილს შევხვდი. დასავლეთის გუნდებს, თბილისში, აღმოსავლეთში და ა.შ. და ყველას ვაჩვენებ ერთ სურათს – მე ღიად ვამბობ, რომ სამივე კანდიდატთან ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა კონტაქტი. ყველაზე უკეთ ირაკლი აბუსერიძეს ვიცნობ და ეს ღრმა ბავშვობიდან მოდის, ისევე, როგორც გოჩა სვანიძესთან არაერთი წელია, მაქვს ურთიერთობა და ვცდილობდი, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მაქსიმალურად დავხმარებოდი. ვიცნობ ბაჩო ხურციძესაც, რომელიც დღე და ღამე შრომობდა რაგბის საკეთილდღეოდ. გადავწყვიტე რაგბის სამყაროსთვის ჩემი თავის შეთავაზება, როგორც ნეიტრალური ადამიანის. მთელი ცხოვრება ვაკეთებდი ბიზნესს და მის მენეჯმენტს.

პრესაში უკვე დასახელდა კიდეც პროექტები, რომლებშიც ამ სფეროში ვმოღვაწეობ. ამის გარდა, კიდევ უამრავ რამეში ვარ ჩართული, დიდი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტის კუთხით და მხარეებს საკუთარი კანდიდატურა აბსოლუტურად უსასყიდლოდ შევთავაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი ინტერესი მხოლოდ ეროვნული პროცესის წინსვლაა. მეც გადავდე საკუთარი თავი, როგორც ყველა მოქალაქემ უნდა გადადოს და იშრომოს. ჩემთვის არ არის ადვილი ოთხი წლის განმავლობაში ეს ტვირთი ვატარო. ერთი დღე არ მივდიოდი ამ გადაწყვეტილებამდე და ყველანაირად ვეცადე, რომ მხარეების ერთობას ჯანსაღი სახე მიეღო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, ჭარბობს ემოციები, ყველა მხარეს გაუჭირდა ნდობის მოპოვება და ამან გადამაწყვეტინა არჩევნებში ჩართვა. კიდევ ერთი ფაქტორია რაგბის დიდი სიყვარული, იმ ხალხისა, ვინც პირველად მაზიარა სპორტის ამ სახეობას – ლეგენდარული ზურაბ ხარშილაძე, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ. პირველად რაგბი მან მანახა. ის დღეს კაცობის ეტალონია. საოცარი ადამიანი, ბათუ კევლიშვილი, უამრავი თაობის აღმზრდელი, „ლელოს“ წარმომადგენელი, რომელიც პრაქტიკულად საბავშვო რაგბის დამფუძნებელია და მან მაზიარა რაგბის.

არასწორია იმაზე აპელირება, რომ ჩემი მეჯვარეა ლევან მაისაშვილი – ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ 20 წლის წინანდელი ამბავია, როდესაც დღევანდელი რეალობა საერთოდ არ არსებობდა და ვერ იარსებებდა. თუ წარმატებული კლუბია „ლელო“, ერთ-ერთი კონტრიბუტორი მეც ვარ ამაში. აქედან ვიცნობ კარგად კლუბის მენეჯმენტს, მის საჭიროებებს, რა თანხებია საჭირო… ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უმძიმესი წლები იყო, სადაც ბიჭებს არ ჰქონდათ მოედნები და ადეკვატური პირობები. ვეხმარებოდით ფინანსურადაც, შედგა პროცესი და შემდეგ უკვე კონტაქტებით და უნარ-ჩვევებით ვეხმარებოდი საქართველოს რაგბის კავშირს, როგორც ნიჟარაძის, ისე სვანიძის პერიოდში და სრულ თანადგომას ვუცხადებდი. ცხადია, მზად ვიყავი, კავშირის მომავალ მენეჯმენტთანაც მქონოდა ამ ფორმის ურთიერთობა, თუმცა, სამწუხაროდ, პროცესები მშვიდობიანად არ წავიდა.

– ახსენეთ, რომ შეხვდით უკვე არაერთი კლუბის წარმომადგენელს. რომელია ის გუნდები, რომელთა მხარდაჭერაც უკვე მოიპოვეთ?

– ჩემი ამოცანა იყო, რომ საკუთარი თავი ყველასთვის გამეცნო. კლუბებს უფრო ღრმად ვიცნობ, ვიდრე მათ ამის შესახებ წარმოდგენა ჰქონდათ. ერთ-ერთი პირველი იყო „ხვამლი“ – გასაოცარი ახალგაზრდა დავით ცხვედიანი, რომელმაც გამაკვირვა თავისი შემართებით და საქმის კეთების უნარით. იმით, თუ როგორ გადაარჩინა და მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა მერიის დახმარებით, რამდენ ბავშვს ზრდის იმ ფინანსებით, რომელიც აქვს და ა.შ.

შევხვდი სხვადასხვა კლუბს – „ყოჩებს“, „აკადემიას“, ღვაწლმოსილ თემურ ბენდიაშვილს („ლოკომოტივი“), რომლის გამოცდილების გაზიარებაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქაც შევაჯერეთ სხვადასხვა ხედვები ემოციებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა დუღს. შევხვდი ქუთაისის სარაგბო სკოლასაც, რომელიც, პრაქტიკულად, ქართული რაგბის მექაა. შთამბეჭდავი იყო „ქართუ ფონდის“ ჩართულობით შექმნილი ინფრასტრუქტურა. ქუთაისში ვნახე სასწაული ადამიანები, თაობების ციკლი, რომლებთანაც საოცარი შეხვედრა მქონდა. გამოჩნდა ღრმა პრობლემებიც, როდესაც საუბარი მქონდა გურიის კლუბების წარმომადგენლებთან. ცალკე უნდა ვისაუბრო ლანჩხუთის გუნდზე, რომელსაც წლიური ბიუჯეტი დღეს არსებული ფედერაციის ერთი თანამშრომლის ხელფასია და იქ 200 ბავშვს ზრდიან. ძალიან მტკივნეული იყო ჭიათურის კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა – რაც ყველამ იცის და გვახსოვს, რა რესურსს იძლეოდნენ, თუმცა დღეს მოედანიც კი არ აქვთ. აქვთ მცირე მხარდაჭერა მერიისგან, მაგრამ ამას სისტემატიზაცია სჭირდება.

კარგი შეხვედრა მქონდა აჭარაშიც – „ბათუმს“ ხელისუფლება ეხმარება და განვითარების კარგი გეგმა აქვთ და ამას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მათი მხრიდანაც მოვისმინე პრობლემები. შეგვიძლია ეს კიდევ ჩავშალოთ – გარკვეულწილად სამართლიანობა, ისევ მენეჯმენტის კუთხით, დაკარგულია რამდენიმე მიმართულებით. არსებობს კითხვები სანაკრებო ვერტიკალში, სხვადასხვა შესყიდვებში, მწვრთნელების ჩამოყვანაში და მეც მაქსიმალურად დავაჯამე მათი მონათხრობი. პრაქტიკულად, ყველა ერთი და იმავეს აფიქსირებს. ამ პრობლემებს სჭირდება მოწესრიგება. ვიტყოდი, რომ ღრმა კრიზისია, თუ მხარეებისგან პრობლემებზე განსხვავებულ დამოკიდებულებას მოვისმენდი, თუმცა ყველა ერთსა და იმავეზე წუხს. უბრალოდ ემოციებმა იჭარბა, არადა არსებობს მზაობა, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში გაიხსნას ეს პროცესი. ყველა დაინახავს, როგორ კეთდება საქმე.

აქვე გამგეობის თემასაც შევეხები – გამგეობა დღეს არ არის არჩევითი, არამედ წევრებს პრეზიდენტი წარადგენს. წესდების ეს მუხლი აუცილებლად შეიცვლება ჩემი გამარჯვების შემთხვევაში. კლუბები შეძლებენ გამგეობის წევრების არჩევას და პრეზიდენტს ეყოლება მხოლოდ ორი-სამი ადამიანი, რათა თავისი ხედვები დაიცვას. ამით კლუბებს საშუალებას მივცემთ მეტად ჩაერთონ კავშირის მართვაში და ინფორმაცია მიიტანონ თავის წევრებამდე, ისევე მოიტანონ ჩვენამდე საკუთარი ხედვები და დამოკიდებულება. ერთგვარი „საპარლამენტო მოდელი“ იქნება. მზად ვარ, პრეზიდენტობის შემთხვევაში, საკუთარ თავს შევუზღუდო უფლებამოსილება – იქნება ეს ფინანსებთან წვდომა, უძრავი ქონების განკარგვასთან წვდომა, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან შეხება და ა.შ. გარკვეული თავისუფლება ექნება პრეზიდენტს, რომ მენეჯმენტში ხელი არ შეეშალოს და ზუსტად ეს არის მხარეების მოთხოვნაც. არსებობს გარკვეული უნდობლობა, რომ პროცესები ზუსტად ასე წავა და სწორედ ამიტომ მქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთანაც, გაფართოებულ წრეში. კარგი საუბარი შედგა, ბევრი იყო სიცხარეც, პირდაპირი კითხვებიც გაიშალა და პრინციპში მე პასუხი ყველას გავეცი. დავაფიქსირე, რომ მომხრე ვარ ყველა პრობლემურ საკითხზე ღიად მივიღოთ პასუხები. არის კითხვები, არსებობს თუ არა მოვლენების ისე განვითარების გარანტია, როგორც მე ვსაუბრობ. ამ ყველაფერზე პასუხს ჩემი განვლილი ცხოვრება სცემს და ისიც, რომ მე ყველა მხარეს ღიად ვხვდები, ჩემთვის მხარეები არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს. ჭარბი ემოციების მიუხედავად, მე კმაყოფილი დავრჩი მათთან შეხვედრით. დარწმუნებული ვარ, რომ რაგბიზე მაღლა არავინ დააყენებს საკუთარ თავს. რაც შეიძლება სწრაფადაა გადაწყვეტილებები მისაღები და მგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

– ისაუბრეთ ადმინისტრაციულ პრობლემებზე. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორია ქართული რაგბის განვითარების თქვენეული ხედვა? წლებია, უკვე მიდის საუბარი ფრანჩაიზზე და პრობლემებზე საკლუბო რაგბიში. როგორ აპირებთ ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას?

– რადგან ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ, ჩემი ხედვა საკმაოდ აგრესიულია. ბევრს, შესაძლოა, ავანტიურულადაც მოეჩვენოს, მაგრამ არც ამ საკითხზე ფიქრისთვისაც დამითმია მცირე დრო. თავდაპირველად მხარეებს გაუჭირდათ ამის გაზიარება. ახლავე გეტყვით ჩემს მიდგომას – ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ უმაღლესი მიზნისთვის, რომელსაც ჰქვია მსოფლიო ჩემპიონობა. იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ქართული რაგბი იმყოფება, ეს შეუძლებელია. ზოგიერთი კლუბის მთელი წლის ბიუჯეტი 5000-6000 ლარია და, ცხადია, რომ ამ მიზნის გაჟღერებამ ძალიან მწვავე რეაქცია გამოიწვია, თუმცა როდესაც საუბარში შევედით, ყველა წამომყვა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უმაღლესი მიზნისთვის, დაიწეროს სტრატეგიული გეგმა, რომელშიც მთელი სარაგბო სამყარო ჩაერთვება და ყველას რესურსს გამოვიყენებთ. საჭიროების შემთხვევაში დავიხმართ უცხოელ სპეციალისტებსაც, რადგან მათ ეს გზა უკვე გაიარეს. შევჯერდებით მოდელზე და ეს დაგვანახებს, რა შედეგს უნდა ველოდოთ 4 წელიწადში, 8 წელიწადში, 12 წელიწადში და დროის უფრო გრძელვადიან პერიოდში. ზოგთან საუბრისას გამოჩნდა, რომ 12 წელიწადში ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. თუ 4 წელიწადში ათეულში შესვლა მოხერხდა, ეს უკვე კარგი შედეგია. ამ გეგმის ქვეშ დავინახავთ, რა ინფრაქსტურქტურა გვჭირდება და სად.

მნიშვნელოვანია საბავშვო რაგბის განვითარება – უმაღლესი სტანდარტებით თუ ვიმუშავებთ მათთან და მეტ რესურსს დავუთმობთ, აუცილებლად მივიღებთ შედეგს. აუცილებელია სამწვრთნელო და საექიმო გადამზადებები, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმების და მძიმე დაზიანებების სამწუხარო ფაქტები. რისკები მაღალია და ბავშვები დაცულნი უნდა იყვნენ. სამსაჯო გუნდის გადამზადებაც უნდა გაგრძელდეს, რათა თამაშისას არ დაიკარგოს კეთილი ინიციატივები არასწორი გადაწყვეტილებების გამო.

ამ მიზნის მისაღწევად ფრანჩაიზიც გვჭირდება – რადგან რაც მეტი მაღალი დონის მატჩები გვექნება, მით უფრო სწრაფი იქნება პროგრესი. გვაქვს შანსები, რომ ჩავერთოთ „რვა ერში“ ან „ექვს ერში“, რადგან თავადაც ნახავდით, რომ იტალიას არ აქვს კარგი პრესა ბოლო პერიოდში. მქონდა წინარე მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან და ვხედავ ამაშიც პოტენციალს. მეორე საკითხია, რამდენად მზად ვართ ჯერ ამისთვის, როდესაც ქართულ რაგბიში ასეთი სიტუაციაა.

შეიძლება სხვა ალტერნატივაც ვეძებოთ, რათა ინტენსიური მატჩები გვქონდეს. არ არის საკმარისი მორაგბეების რაოდენობაც და ამაზე ხუთჯერ, ექვსჯერ მეტი რესურსი გვჭირდება, რათა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

ვიმეორებ – სტრატეგიული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს უმაღლესი მიზნისკენ და თუნდაც ამ გეგმის არქონა მენეჯმენტის მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს გეგმა არ იქნება ჩემი დაწერილი, ის მთლიანი გუნდის ჩართულობით შეიქმნება და მეტად გამოჩნდება, რა გზით უნდა ვიაროთ.

– გარკვეულწილად ისაუბრეთ ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი. როგორ აპირებთ როგორც ერთი, ისე მეორე სახის რესურსის შექმნას და მოზიდვას?

– დავიწყებ იმით, რომ მთავრობას აქვს მზადყოფნა, სათანადო გეგმის არსებობის შემთხვევაში გაიზიაროს ჩვენი მიზანი, რადგან ეს ეროვნული პროექტია და მხოლოდ რაგბის არ ეხება. 2015 წლამდე ფონდი „ქართუ“ შეუჩერებლად ახორციელებდა ინვესტიციებს. შემდეგ ამანაც იკლო და სავარაუდოდ იმის გამო, რომ კითხვები გაჩნდა შიგნით, რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესების მიმართ. როდესაც სახელმწიფოს რესურსი საკმარისი არ იქნება, ფონდი მუდამ მზად არის და ჩემს პრეზიდენტობამდეც და შემდეგაც ედგება ქართულ რაგბის გვერდში.

გადავიდეთ თქვენს შეკითხვაზე – ფინანსურ რესურსზე მნიშვნელოვანი ზოგჯერ ნამდვილად არის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ჭირს ისედაც ქვეყანაში. კლუბებში, რომლებსაც ვხვდებოდი, ვაკვირდებოდი, რა კითხვები მოდიოდა, როგორი ხედვები ჰქონდათ. იყო ძიების პროცესი, რომ გამეკეთებინა ადამიანური რესურსის ანალიზი და საკმაოდ კარგი სურათი დავინახე. თქვენ იცით, რომ კარგი მენეჯერების მოსაყვანად დიდი თანხაა საჭირო. უცხოეთში არიან ბიჭები, ვინც დაამთავრეს რაგბის თამაში წარმატებულად. ზოგს არ უნდა პროცესებში ჩართვა, იმიტომ, რომ არ სურს არეულობაში მონაწილეობის მიღება და ა.შ. როგორც ვთქვი, დავინახე რესურსი და ამაზე სამუშაო იქნება.

უცხოეთში მყოფი რამდენიმე ქართველი პროფესიონალისთვისაც მსურს შეთავაზების გაკეთება. მათთანაც მინდა კონსულტაცია გავიარო. ადგილობრივადაც არის რესურსი და კმაყოფილი ვარ რამდენიმე ადამიანით, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტია საჭირო.

ფინანსურ პროგრამას რაც შეეხება – აქაც არ გვაქვს მარტივად საქმე. კომენტარები კეთდებოდა, თითქოს 600 მილიონ ლარზეა საუბარი, რაც გამორიცხულია, რადგან ეს არარეალისტური რიცხვებია. არა მარტო რაგბისთვის, არამედ ზოგადად – ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა ვიყოთ მოზომილები და გავაკეთოთ არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია. ფინანსების ოპტიმიზაციით უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა თანაბარი განაწილების პრინციპებით, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა.

ვისაუბრეთ მენეჯმენტის პრობლემებზე, ფინანსურ პრობლემებზე, მცირე ადამიანურ რესურსზე და არჩევანის სიმწირეზე, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მაინც მე-12 ადგილზე ვართ. ეს, რა თქმა უნდა, ბიჭების და მათი უნარების დამსახურებაა, მაგრამ გენეტიკაც მუშაობს.

მივუბრუნდები ფინანსურ ნაწილს – საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციები გავიარე იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც დღეს ქართულ რაგბიშია, რადგან გარკვეული მოლოდინების გარეშე გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდებოდა. კონკრეტული ციფრი არ არსებობს. უნდა ვიყოჩაღოთ, დავანახოთ მთავრობას, რომ რაგბის ოჯახში ერთობა, წესრიგი და ფინანსების კონტროლია. რეგრესის შედეგად, ცხადია, ჩნდება კითხვები, რომ მთავრობის რესურსი არასათანადოდ იხარჯება და ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ. სწრაფად უნდა აღვადგინოთ რაგბის შებღალული რეპუტაციაც, რათა გულანთებულ ხალხთან და სპონსორებთან ერთად შევუდგეთ საქმეს. ნუღა გავაფუჭებთ სხვადასხვა განცხადებით და გაუაზრებელი ემოციებით რაგბის სახელს. მე ერთიანობის მომხრე ვარ და მხარეს არ წარმოვადგენ. ბუნებრივია, რომ მოლოდინი საკმაოდ მაღალი მაქვს. ვიცი, თითოეული კლუბის ბიუჯეტი რა შეიძლება იყოს. მეტი წილი უნდა გავუშვათ საბავშვო რაგბის განვითარებაში. მივცეთ პრემიალური დაფინანსება გუნდებს, რომლებიც თაობებს ზრდიან და ამით გავუჩინოთ მეტი მოტივაცია. მწვრთნელები უცხოეთში უნდა გავუშვათ, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ. ამას ყველა ამბობდა, მაგრამ პრობლემები იყო განხორციელების ნაწილში და ეს უკვე კარგი მენეჯმენტის საკითხია.

კიდევ ერთი რამ – ქართული რაგბისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო არის თამაშებზე დასწრება, რომელიც კონტრიბუციაა თვითონ კლუბების დაფინანსებაში. ბოლო წლებში ეს თანხა თითქმის მილიონ ლარამდე ადიოდა და თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ, რესურსი შეიძლება გაორმაგდეს, ან კიდეც გასამმაგდეს. დიდი თანხაა ორი-სამი მილიონი ლარი, როდესაც პირველი ლიგის გუნდს წლიური ბიუჯეტი 70,000 ლარი აქვს. იქ გაზრდილი ბავშვები, რომლებიც 16-17 წლამდე რომ თამაშობენ და შემდეგ ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო უწევთ სპორტისთვის თავის დანებება – დაკარგული ტალანტია. ამ თანხით შეიძლება მათი ბიუჯეტის ორჯერ, ან სამჯერ გაზრდა და ნიჭიერი ახალგაზრდების შენარჩუნება.

– გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებთ თქვენს კონკურენტებთან თანამშრომლობას?

– რა თქმა უნდა და არამხოლოდ მათთან. მზად ვარ, ვითანამშრომლო კლუბებთანაც, რომლებიც სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს და ჩემთვის ეს ფაქტი არაფერს შეცვლის. პირიქით, ე.ი. მათ სწორად ვერ დავანახე საკუთარი ხედვა და მეტი უნდა ვიმუშაო ამ საკითხზე. ამ ეტაპზე მაქვს ხმათა უმრავლესობა და საკითხი დგას ქვორუმზე. იცით, რომ ჯამური არის 74 ხმა და იქიდან ორი მესამედი, ანუ 50 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პირველ ტურში ეს ვერ მოხდება, სამწუხარო იქნება, რადგან კიდევ ორი კვირა დასჭირდება, რომ გამგეობა შეიკრიბოს და გაიმართოს სხდომა, რომელზეც ქვორუმი აღარ არის საჭირო და ხმათა უმრავლესობა იმარჯვებს. აქაც რაგბი დაკარგავს მნიშვნელოვან დროს და ყველას მოვუწოდებ გონიერნი იყვნენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

მუდმივად მაქვს შეხვედრები და მესმის, რომ მოკლე დროა, თუმცა მე ჩემი წარსული მაქვს და ახლაც ღიად გამოვედი საზოგადოების წინაშე. არ დავმალავ – ვცდილობდი, რომ ღიად არ ჩავრთულიყავი პროცესებში, რადგან ვთვლიდი, რომ ეს საჭიროება არ იდგა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. იყო საუბარი მამუკა გორგოძეზეც, რომელიც ქართული რაგბის სახე და კაცობის ეტალონია. მან თქვა, რომ ვერ ჩაებმებოდა ამ პროცესში, რადგან ჯერ არ აქვს ის გამოცდილება და აუცილებელი არაა, რომ მართვის პროცესში იყოს ჩართული, რათა ქართული რაგბის საქმე აკეთოს. ეს არის ღირსეული დამოკიდებულება, რომ საკუთარ თავზე მაღლა რაგბის და მის სიყვარულს აყენებს. ბევრი სხვა მსჯელობა და მცდელობა იყო. სამწუხაროდ, ვერ გამოინახა გამოსავალი და ჩემს უამრავ სხვა ტვირთთან ერთად, ეს ტვირთიც ვიკისრე, რომელიც ამავე დროს პატივია. შეიძლება ნაჩქარევად ვამბობ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რაგბი არა მხოლოდ ჩვენი თამაში, არამედ ჩვენი სამშობლოა.

– რას ეტყოდით გულშემატკივრებს?

– მინდა დავაიმედო და ვუთხრა, რომ ყველაფერი სწრაფად აღდგება და მალე მოვა ის შედეგები, რაც მათ უნდათ, რომ ნახონ. აგრეთვე ვპირდები, რომ მათ სამშობლოს, რაგბის, არავინ შეეხება. ვპირდები ყველას გამჭვირვალე პროცესს და ეს მარტივად მიღწევადია. ვადებიც შემჭიდროვებულია – სამიდან ექვს თვემდე, რომ პირველი შედეგები დავინახოთ.

შევხვდი გულშემატკივრებს ქუთაისში, აჭარაში და სხვა რეგიონებში, რომლებიც დარდობენ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ბრალდებებზე და აქვთ კითხვები, მართლაც მოიპარეს თუ არა ქართული რაგბის განვითარებისთვის განკუთვნილი თანხები. დაგვიანდა გარკვეული რეაქციები, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. ვაიმედებ ქართული რაგბის გულშემატკივარს, რომ განსაკუთრებული ბზარი შიგნით არ არის. მაღალია მოტივაცია და საოცარი თაობა მოდის. უბრალოდ აღარ შეიძლება მეტი დროის დაკარგვა.

ისიც მინდა ვთქვა, რომ კარგი მორაგბე არ ნიშნავს კარგ მენეჯერს, რისი მაგალითებიც გვქონდა. მე არც ერთი პრეზიდენტის კრიტიკა არ მსურს – ყველამ აგური დადო ამ საქმის მშენებლობაში და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ყველა მორაგბეს, ვინც თამაშობდა და ის ღირსების შეგრძნება სწორედ მათ მოიტანეს, რომ რაგბიზე და სამშობლოზე ავლაპარაკდით. ირაკლი როგორც თამაშობდა მოედანზე, მე ვერ მექნება პრეტენზია, რომ მსგავსად ვითამაშებდი, თუმცა იგივე წლები მენეჯმენტში გავატარე და ადამიანების გარკვეული ნდობა იქიდანაც არის, რომ იციან რა რესურსი მაქვს და ხვდებიან, რომ უახლოეს პერიოდში დაინახავენ შედეგს.

უნდა გაიმართოს სტრუქტურა, შემოვიდნენ ჯგუფები სამუშაოდ და შედეგად კითხვები გამჭვირვალობაზე ვეღარ იარსებებს. დიდი ასპარეზი გველის წინ, რადგან იტალია და სხვებიც მუშაობენ, რომ საქართველომ ვერ აკრიფოს ის ძალა, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ არ მივიღოთ შესაბამისი ფინანსური თანადგომა რაგბის მმართველი ორგანიზაციების მხრიდან. მერწმუნეთ, რომ ამ მხრივაც ძალიან ძლიერი ვარ, რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ევროპაში გავატარე და მაქვს კონტაქტები, როგორც ბიზნეს, ისე სამთავრობო წრეებთან. ამ გზას სწრაფად გავიკაფავთ, მთავარია აქ დავლაგდეთ, ემოციები მოვთოკოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ჩვენს უფროს თაობას და თუ რამე მენეჯმენტში ისე ვერ წაიყვანეს, გამოვასწოროთ. თუ სხვა დანაშაული არსებობს, ყველაფერი ქვეყანაში არსებული კანონის მიხედვით გაირკვევა. ყველაზე ნაკლებად შევეცდები, რომ თავად სადმე გამოვჩნდე და პირადი ქულები დავიწერო. პირიქით, ბიჭები ჩემთან შემოვლენ და ნახავთ თითო პოზიციაზე რამდენ კანდიდატს განვიხილავ. არ არსებობს ჩემი და სხვისი მხარე. შეხვედრებზე იმდენი კარგი ინიციატივა მოვისმინე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარიდან იქნება ეს. მოკლედ, დიდ პერსპექტივას ვხედავ. დაველოდოთ 24 თებერვალს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და რაც შეიძლება სწრაფად გადავერთოთ სამუშაო პროცესზე.


ძალიან მიჭირს დაწერა, ეს სასტიკი განსაცდ...

3 წუთის წინ

მარიამ კუბლაშვილი

თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგია...

22:41

ელექტოენერგია

დანიშვნიდან 20 დღეში - გახარიას კახაბერ...

21:45

ქემოკლიძე


საბერძნეთში 40 წლის ქართველი ემიგრანტი ქ...

12:25

პოლიცია

პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

17:56

პოლიცია

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშ...

12:25

ძალადობა ბავშვთა სახლში

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია...

19:25

ნიკუშა შენგელაია და ეკა
ხვედელიძე

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელ...

17:55

მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და...

16:34

დუტა სხირტლაძე

პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო მიმართ...

20:25

პარლამენტის შენობა

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank რიგ...

18:39

აჭარაბეთი

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის...

18:04

ილიაუნისა და ჯეპრას
ერთობლივი ჰაკათონის ნიკო
ნიკოლაძის ჩეთბოტის
შესაქმნელად
გამარჯვებულები ცნობილია

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და...

16:27

გიგი უგულავას ცოლები

„იმედზე“ ინტერაქტივი გამოვიტანეთ... მარგ...

16:26

ინგა_გრიგოლია

პოლიტიკიდან ვაშინგტონში და შემდეგ სოფელშ...

16:02

საჯაიას ფოტოების კოლაჟი

მგონი დეენძრა და ვეღარ ხედავს ვისი მერკუ...

15:28

კაკულია და სარიშვილი

რა ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგ...

15:27

ლოლა წერეთელი

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება - დეტალებ...

14:22

ღარიბაშვილი