
იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში „რაცია“ ჩაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღვოდა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით“, - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.
მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
აღნიშნული ბრალდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა.