Digest Logo

ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა - თბილისში აფაქიების ოჯახი სადისტურად ამოხოცეს

 14:05 ოთხ. 10 თებერვალი
პოლიცია

ნოდარ სურმავამ „ჟიგული“ ავტოფარეხში გააჩერა, კარი ბოქლომით ჩაკეტა და დიღმის მასივის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შევიდა, რომელშიც ყველა ნათურა ჩამსხვრეული იყო და ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, რომ ეშმაკიც კისერს მოიტეხდა. 39 წლის სურმავა პარფიუმერიული ფაბრიკის დეგუსტატორი იყო და ზოგჯერ ძალიან გვიან ბრუნდებოდა სახლში. იმ დღესაც, შუაღამეს მოუწია შინ დაბრუნება, რადგან სამსახურში ახალი პროდუქციის ჩვენება-მიღება ჰქონდა, ნოდარი კი ამ ღონისძიების მთავარი მოქმედი გმირი იყო.

პარფიუმერიული ფაბრიკის დეგუსტატორი ნოდარ სურმავა განსაკუთრებული ნიჭით იყო ბუნებისგან დაჯილდოებული – მას განსაკუთრებული ყნოსვა ჰქონდა და მხოლოდ მის შეფასებაზე იყო დამოკიდებული ახალი საპარფიუმერიო პროდუქციის ქსელში გაშვება.

„ფუი, რა უკუნეთია“, – ჩაილაპარაკა ნოდარმა, რომელიც მეექვსე სართულზე ცხოვრობდა და ლიფტის მოშლილობის გამო დამტვრეულ კიბეებზე ფეხით უწევდა ასვლა. ნოდარი მეოთხე სართულის ბაქანზე იყო, როდესაც მეხუთე სართულზე მცხოვრები აფაქიების ბინის კარი გაიღო და დაიკეტა. იქიდან ვიღაც დაეშვა და ნოდარს სწრაფად ჩაუარა გვერდით.

„რა საზიზღარი სუნი ასდიოდა ამ კაცს“, – გუნებაში გაიფიქრა სურმავამ, გზა განაგრძო, კიდევ ორი სართული აიარა და თავის განათებულ ბინაში შევიდა. სამზარეულოში ნოდარს მეუღლე შეეგება და უთხრა:

– პირველის ნახევარია, შე კაცო, ამდენი ხანი სად ხარ?

– ახალი პროდუქციის ჩვენება-მიღება გვქონდა. მშია და მეძინება. ჩქარა ბაჟე გამოიტანე. სუნით ვგრძნობ, რომ ინდაურის ხორცითაა გაკეთებული, ცოტა კანი დაგბრაწვია, მაგრამ არა უშავს. კარგია თონის პურიც რომ გიყიდია.

ნოდარის ცოლი მიჩვეული იყო ქმრის ასეთ ლაპარაკს.

– რაღა შენ და რაღა მაძებარი „ავჩარკა“. არა, ის საიდანღა იყნოსე, რომ ინდაურის ხორცი ონდავ დამეწვა. თანაც, როგორ ხვდები, საპურეში რომელი პური დევს?

– ეგ ხომ ჩემი პროფესიაა, ძვირფასო, – მიუგო ნოდარმა ცოლს და ვახშმობას შეუდგა. მერე კი შხაპი მიიღო, ივახშმა და დაიძინა.

მეორე დღეს, შუადღეზე, ნოდარი ცოლმა გააღვიძა და უთხრა:

– ადექი, ნოდარ, გამომძიებელი გკითხულობს.

– ვინ გამომძიებელი?

– გუშინ აფაქიები დაუხოცავთ, მილიციაა მოსული და მეზობლებს კითხავენ.

– აფაქიები დაუხოცავთ?

– ჰო, ნოდარ, ადექი! აფაქიების ბინაში ოთხი გვამია. საცოდავები, სულ ნაკუწ-ნაკუწ აუქნიათ.

ნოდარი სასწრაფოდ ადგა, მოწესრიგდა და ქვევით, აფაქიების მოპირდაპირე ბინაში გაემართა, სადაც მილიციას ერთგვარი შტაბი ჰქონდა გახსნილი და მეზობლების დაკითხვას აწარმოებდა.

– მაიორი მერაბ ჯაში! – გაეცნო ნოდარს ორმოციოდე წლის გამომძიებელი, ხელი ჩამოართვა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ნოდარმა ჯაშის ყველა კითხვას უპასუხა და ბოლოს უთხრა:

– აფაქიების ბინიდან გამოსულმა კაცმა გვერდით რომ ჩამიარა, ვიფიქრე, რა ბინძური ვინმე უნდა იყოს ეს დაუბანელი-მეთქი. ისიც კი გავიფიქრე, „ბოინში“ ხომ არ მუშაობს, სისხლის სუნი რომ ასდის-მეთქი. თან, მოსკოვის მეორე პარფიუმერიული ფაბრიკის მიერ გამოშვებული ლოსიონი ესხა, რასაც მე საშინლად ვერ ვიტან. აი, სულ ეს იყო, ამხანაგო მაიორო.

მაიორი მერაბ ჯაში ერთხანს გაოგნებული უყურებდა ნოდარ სურმავას და უცნობი მამაკაცის ასეთი ზუსტი დახასიათება მისი ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. მაგრამ, როცა შეიტყო, თუ რა პროფესიის კაცთან ჰქონდა საქმე, უთხრა:

– ბოდიშს გიხდით კადნიერებისთვის. მართალია, რაც თქვენ მითხარით, ძიებაში დაგვეხმარება, მაგრამ, თქვენს ნიჭში რომ ბოლომდე დავრწმუნდე, ერთი ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო და თანახმა თუ იქნებით.

სურმავა მიხვდა, რისი შემოთავაზება უნდოდა გამომძიებელს და უთხრა.:

– თქვენ 2 „ფლორენას“ საპარსი კრემით გაიპარსეთ წვერი, იხმარეთ ჩვეულებრივი სპირტი, ხელები დაიბანეთ საპონ „მალიშით“ და კბილები „სუპერდენტის“ კბილის პასტით გაიხეხეთ.

გამომძიებელი უფრო მეტად გაოგნდა, მერე კი აღტაცებულმა უთხრა:

– ასეთი რამ არასოდეს გამიგია და ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. თქვენ ნამდვილი ჯადოქარი ხართ!

– გმადლობთ, მაიორო, – უთხრა ჯაშს სურმავამ, – ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ იმ უცნობს, მე რომ გვერდით ჩამიარა, ეს სისხლის და ოფლის სპეციფიკური სუნი, სავარაუდოდ, რაღაც დაავადების გამო შეიძლება ჰქონდეს. წაკითხული მაქვს, რომ რევმატიული დაავადების მქონე ადამიანის ოფლს აქვს ასეთი სუნი და თუ ის იყო მკვლელი, ვინც მე წუხელ გვერდით ჩამიარა, მაშინ თქვენ რევმატიზმით დაავადებული მამაკაცი უნდა ეძებოთ.

ჯაშმა მადლობა გადაუხადა სურმავას და თავისი ტელეფონის ნომერი მისცა. შემდეგ აფაქიების ბინაში დაბრუნდა, სადაც მამა-შვილების – 60 წლის ლევან აფაქიას, 30 წლის მალხაზ აფაქიას, 32 წლის გოდერძი აფაქიასა და ოჯახის დიასახლისის, 55 წლის ეთერ აფაქიას სხეულები ეყარა. უფრო სწორად მათი ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა, კრიმინალისტები კი მოკვლევის სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაწყევლილი ალმასი

აფაქიების საშინელმა მკვლელობამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია თბილისში და მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ კატეგორიულად მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს, ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა.

შევარდნაძემ საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელსაც მაიორი მერაბ ჯაშიც ესწრებოდა და საქმის ძიების დეტალებს პირადად გაეცნო. შევარდნაძისგან დაბრუნებული ჯაში საგამოძიებო ჯგუფის წევრებს შეხვდა, მათი ანგარიში მოისმინა და უთხრა:

– ქალაქში ათასნაირი ხმა ვრცელდება. იმასაც კი ამბობენ, რომ თითქოს ეს დანაშაული ვიღაც მანიაკმა ჩაიდინა, რომელიც ნაჯახითაა შეიარაღებული და ოჯახებში უვარდება ხალხს. ერთი სიტყვით, ამ საქმეს უფრო საფუძვლიანად უნდა მოვკიდოთ ხელი, რომ ხალხიც დამშვიდდეს და ხელმძღვანელობაც კმაყოფილი დაგვრჩეს.

– ამხანაგო მაიორო, – მიმართა ჯაშს ლეიტენანტმა თაზო ქვარცხავამ, როდესაც თათბირი დასრულდა და ჯაშის ხელქვეითები დავალებების შესასრულებლად წავიდ-წამოვიდნენ,– თქვენ მიხეილ აფაქია გელოდებათ, მოკლული ლევან აფაქიას ძმა.

– ამოიყვანე, – უთხრა ჯაშმა ქვარცხავას. ორიოდე წუთში კაბინეტში 65 წლის მიხეილ აფაქია შევიდა, მაიორმა მას ხელი ჩამოართვა, სკამზე დასვა და უთხრა:

– გისმენთ, ბატონო ჩემო.

ხანში შესულმა მამაკაცმა მოწევის ნება ითხოვა, გააბოლა და გამომძიებელს უთხრა:

– დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმის ოჯახის ტრაგედია ერთი საშინელი ამბის გამოძახილია, რომელიც 1915 წელს, ჯერ კიდევ ჩემი და ჩემი ძმის დაბადებამდე მოხდა. მამაჩვენი, ტიტე აფაქია, ძველი მარქსისტი იყო და რევოლუციურ მოძრაობაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს ჩაება. ის აქტიურად იბრძოდა ცარიზმის წინააღმდეგ და საბოლოოდ ბოლშევიკებს მიემხრო.

რევოლუციის მერე კი მთელი რიგი საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა და 1946 წელს გარდაიცვალა. ჩემი ძმა, ლევანი, პატარა იყო, მე კი კარგად მახსოვს, როგორ იწვალა იმ უბედურმა. განსაკუთრებით საშინელი იყო მისი აგონია, როდესაც ის ყვიროდა, ვიღაცეებს წყევლიდა და, სანამ სულს დალევდა, თქვა: ეს ყველაფერი წყეული ალმასის ბრალიაო.

ერთი სიტყვით, დავინტერესდი, მით უმეტეს, რომ ისტორიკოსი ვარ და, დავადგინე, რომ 1905 წლის 9 ნოემბერს მოსკოვში საშინელი დანაშაული მოხდა: საღამოს 10 საათზე ვაჭარ იური კუპრინის სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ის გაძარცვეს, ბინაში კი ოთხი ადამიანის ნაჯახით დაჩეხილი ცხედრები იპოვეს. ფეხზე დადგა მთელი მოსკოვის პოლიცია, „ოხრანკა“ და ერთ კვირაში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთა შორის ერთ-ერთი მამაჩემი იყო.

პოლიცია მათ ვაჭრის ოჯახის ამოწყვეტასა და ძარცვაში ადანაშაულებდა, მაგრამ სამხილის არარსებობის გამო ისინი გაათავისუფლეს. როგორც მაშინდელი გაზეთები წერდნენ, ვაჭარ კუპრინის სახლიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად ორმოცდაოთხკარატიანი ცისფერი ალმასიც დაკარგულა, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ინდოეთის ერთ-ერთი მმართველის კუთვნილება ყოფილა და, ვის ხელშიც მოხვედრილა, თურმე, ყველას უბედურება დაატყდა თავს. ამას თავი დავანებოთ და, უკვე ოცდაათიანი წლების მიწურულს, ჩვენს ოჯახში ერთ-ერთი ქეიფის მერე, როდესაც მამა საკმაოდ მთვრალი იყო, თავის ერთ სტუმარსა და ძველ მეგობარს იმ ამბავზე ესაუბრებოდა. მე იქვე, მაგიდის ქვეშ ვიყავი დამალული და მათი საუბრიდან შევიტყვე, რომ თურმე, მართლა ყოფილან მამა და მისი მეგობრები კუპრინის ბინაში და რევოლუციური იატაკქვეშეთის დავალებით ვაჭრის ქონების ექსპროპრიაცია მოუხდენიათ. როგორც მამა ამბობდა, ალმასი ვიღაც ჩვენიანმა მოიპარაო.

ასე რომ, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში შევიტყვე, თუ რა სასტიკი და სისხლისმსმელი მამა მყოლია და ალმასის ძებნას ჩვენს სახლში შევუდექი, რადგან, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვაჭრის სახლიდან ალმასი მამამ მოიპარა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ალმასი მართლაც მამას აღმოაჩნდა, რომელიც მას ტყავში ჰქონდა ჩასმული, წელზე შემორტყმული და საიდუმლოდ ატარებდა. გარდაცვლილ მამას ალმასი მე მოვხსენი და ყველასგან ფარულად შევინახე. ახლა კი ოფიციალურად მინდა, რომ სახელმწიფოს დავუბრუნო, – თქვა მიხეილ აფაქიამ, პიჯაკის ჯიბიდან უზარმაზარი ალმასი ამოიღო და მერაბ ჯაშს დაუდო წინ, თან დააყოლა: აი, ეს დაწყევლილი ალმასი. ჩაიბარეთ და მომაშორეთ, რომ მისი წყეულობისგან ჩემი ოჯახი მაინც გადარჩეს.

შურისმაძიებელი

აფაქიების ტრაგედიიდან ერთი თვე იყო გასული და ძიება, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. რადგან ვერც ოპერმუშაკებმა და ვერც გამომძიებლებმა მკვლელის კვალს ვერ მიაგნეს. ერთ დღეს მერაბ ჯაშის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. მაიორმა ყურმილი აიღო.

– ამხანაგო მაიორო, ნოდარ სურმავა ვარ, გახსოვართ?

– რა თქმა უნდა, მახსოვხართ, ნოდარ, თქვენს უნიკალურ ყნოსვას რა დამავიწყებს! რაშია საქმე, ხომ არაფერი გიჭირთ?

– ამხანაგო მერაბ, იმ კაცს მივაგენი!

– ვინ იმ კაცს?

– აფაქიების ბინიდან რომ გამოვიდა მათი მკვლელობის ღამეს.

– მართლა? სად, როგორ?

– მე ახლა წყალტუბოში ვისვენებ. ცოტა რევმატიზმმა შემაწუხა და ექიმმა მკურნალობის ორკვირიანი კურსი დამინიშნა. გუშინ ჩამოვედი, დღეს პირველად გავედი პროცედურებზე და ის კაცი შემხვდა.

– ნამდვილად ის კაცია, დარწმუნებული ხართ ამაში?

– ამხანაგო მერაბ, ჩემს ყნოსვას ჯერ არ მოვუტყუებივარ და რაღა ახლა შემეშლებოდა?

– კარგი, ნოდარ, ახლავე მოვდივართ! თქვენ კი ფრთხილად იყავით, თავი არ გაამჟღავნოთ და ბოროტმოქმედი არ დააფრთხოთ! – უთხრა ჯაშმა სურმავას, შემდეგ სასწრაფოდ შეკრიბა ოპერჯგუფი და ორი მანქანით წყალტუბოსკენ აიღეს გეზი.

იმავე დღეს, ღამის 3 საათსა და 45 წუთზე, თბილისიდან წყალტუბოში ჩასულმა ოპერჯგუფმა ერთ-ერთი პანსიონატის ერთადგილიან ნომერში ვალენტინ მირონოვი დააკავა, რომელიც ადგილობრივი მილიციის შენობაში მიიყვანეს და დაკითხეს.

მირონოვი თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ენერგიული მამაკაცი ჩანდა. ის თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, მრავალსაათიანი დაკითხვების მერე მოტყდა და ჯაშს უთხრა:

– დიახ, სწორედ მე გახლავარ ის პატარა ბიჭი, ვალენტინ კუპრინი, რომელსაც ბოლშევიკებმა ასე ვერაგულად დაუხოცეს მთელი ოჯახი. იმ საზარელ საღამოს მე ჩვენი კედლის სამალავში ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე. შემდეგ რა არ გადამხდა, სად არ ვიყავი, მაგრამ ჩემიანების მკვლელს ყველგან დავეძებდი და, მას რომ ვერ მივწვდი ცოცხალს, მისი ნაშიერები გავწყვიტე ზუსტად ისე, როგორც მან ამოხოცა ჩემი ოჯახი.

– დანარჩენების ოჯახებსაც უპირებდით ასე გასწორებოდით? – ჰკითხა შურისმაძიებელ მირონოვს ჯაშმა, – იქ ხომ კიდევ სამი თავდამსხმელი იყო?

– დანარჩენი სამი ჯერ კიდევ 40 წლის წინ გავისტუმრე იმქვეყნად, აფაქია კი ცოცხალი ვერ მოვიხელთე და მისი შთამომავლობა გავწყვიტე, – თქვა მირონოვმა და გააბოლა, – ახლა კი ყველაფერი დასრულდა. ჩემი მისია შევასრულე და შემიძლია, მშვიდად მოვკვდე.

ვალენტინ მირონოვს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა ის სასჯელის აღსრულებამდე გარდაიცვალა ციხეში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

თბილისელმა სტომატოლოგმა 21 კაცი დახოცა

ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში

64 წლის კაცმა შვილი დაჭრა, კანონიერი ქურდი კი საკუთარ სახლში მოკლა


„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

13 წუთის წინ

ჟორჟოლიანი ნანუკა

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

37 წუთის წინ

ბიჭი

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი

„ქალისაგან გაჟღერებული გინება საჭირო ტრა...

22:39 შაბ. 4 დეკემბერი

ბაია პატარაია