Digest Logo

გაჭრილი ტომრიდან ქალის დასახიჩრებული სხეული გამოჩნდა, პოლიციელს იარაღი ხელიდან გაუვარდა - სისხლიანი შურისძიება თბილისში

 14:23 პარ. 7 მაისი
ლენტი ავარია

ზურგზე მოკიდებული უზარმაზარი ტომარა მამაკაცმა ძლივს მიათრია მანქანამდე. ჯვალოს ნაჭერში შეფუთული უცნაური საგანი წვალებით მოათავსა საბარგულში და უხმაუროდ ჩაკეტა.

ვიწრო, მოასფალტებულ გზაზე არავინ ჩანდა. კაცმა სისხლით დასვრილი ხელები შარვალზე შეიწმინდა და სამანქანო გზასა და მეჩხერ ტყეს შორის აღმართულ ბარიერს თვალის დახამ-ხამებაში გადაევლო.

ვიწრო გზაზე პოლიციის მანქანამ გადაუხვია. რაც უფრო ახლოვდებოდა ძრავის ხმაური, უფრო შორდებოდა მამაკაცი სამალავს და ტყის სიღრმისკენ მიიწევდა. მოკლე ნაბიჯებს დგამდა, უნდოდა, საკუთარი თვალით დაენახა, როგორ გახსნიდნენ სამართალდამცველები საბარგულს.

– ეს რა ჯანდაბაა! – ხმამაღლა წამოიძახა პოლიციის კაპიტანმა და ტომარას ხელი შეახო. სისველე იგრძნო და სანათი თითებისკენ მიმართა, – მგონი, სისხლია! – დაიყვირა, – ჩქარა, დანა მოიტანე.

– დანა რად გინდა? – შეშინებული, წრიპინა ხმა ჰქონდა კაპიტნის მეწყვილეს, რომელიც მის გრანდიოზულ სხეულთან უცნაურ კონტრასტს ქმნიდა.

– შტერი ხარ, მოლაშხია? გაინძერი, ტომარა უნდა გავჭრათ! – იყვირა კაპიტანმა და გადამცემი მოიმარჯვა, რომ დამხმარე ძალა გამოეძახა.

რიგითმა დანა მიაწოდა ოფიცერს და როცა გაჭრილი ტომრიდან ქალის დასახიჩრებული სხეული გამოჩნდა, პოლიციელს იარაღი ხელიდან გაუვარდა.

– თინათინი! – კაპიტანმა ცხედარი თავისკენ მიიზიდა და შემზარავად დაიღრიალა.

პოლიციას სამალავიდან ადევნებდა თვალს უცნობი. მამაკაცს სახეზე ზიზღი გამოესახა. ჯერ უკანსვლით წავიდა, შემდეგ ზურგისკენ შეტრიალდა და სიბნელეს შეერია.

****

მანქანა, რომელშიც გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს, შემთხვევამდე ორი კვირით ადრე დაიკარგა. ავტომობილს ფერი და სანომრე ნიშნები შეცვლილი ჰქონდა.

– წინასწარ დაგეგმილი მკვლელობაა, – კაბინეტში ადგილს ვერ პოულობდა პოლიციის კაპიტნის, სოსო აქუბარდიას, პროკურორი მეგობარი, დიმა ლაბაძე. ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც სოსო წლების წინ განყოფილებაში მიიყვანა, მუშაობა დააწყებინა და მის კარიერულ წინსვლასაც თავად შეუწყო ხელი, – ვინც ეს დაგეგმა, ისიც იცოდა, რომ სოსო იმ ღამით მორიგეობდა, ცოლი მოუკლა და შემთხვევის ადგილზე თავადვე გამოიძახა.

– შურისძიებას ჰგავს, – თქვა პროკურორის თანაშემწემ საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე, – ყველა ის ადამიანი უნდა გადავამოწმოთ, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოსომ დააპატიმრა. მანქანაზე ანაბეჭდია აღმოჩენილი, ეს არის ჩვენი ერთადერთი ხელჩასაჭიდი. სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია შეადგინეთ და შემდეგ ანაბეჭდებს შეადარეთ, ნახეთ სათვალთვალო კამერები, შეუძლებელია, მანქანა მკვლელობის ადგილამდე ისე მისულიყო, კამერებით კონტროლირებადი რომელიმე მონაკვეთი არ გაევლო.

– გასაგებია, – წამოიშალნენ მაგიდის გარშემო შეკრებილი სამართალდამცველები მას შემდეგ, რაც თითოეულმა საკუთარი დავალება ჩაინიშნა.

მხოლოდ გამომძიებელი არ განძრეულა. პროკურორმა ინტერესით შეათვალიერა ხელქვეითი.

– მამუკა, როგორც ჩანს, რაღაცის თქმა გინდა, გისმენ, – თითები გადააჯვარედინა პროკურორმა.

– ანაბეჭდები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ, უკვე მოვძებნე ბაზაში. ათი წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნის, – მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.

– ბატონო? – გაეღიმა პროკურორს.

– ასეა, ექსპერტმა რამდენჯერმე გადაამოწმა.

– და ვინ არის ის მოსიარულე მკვდარი?

– ტარიელ ტაბაღუა, მეტსახელად ბეღურა.

პროკურორი სკამზე გადაქანდა. მამუკას გახედა, მაგრამ მისი სახის გარჩევა გაუჭირდა. წამში იგრძნო, როგორ დაიძრა სისხლი სხეულის ყველა ნაწილიდან და თვალებზე მიაწვა.

– შეუძლებელია, ტარიელ ტაბაღუა ათი წლის წინ დაიღუპა, – ძლივს ამოილუღლუღა პროკურორმა.

– თქვენ მას იცნობდით? – გაიკვირვა გამომძიებელმა.

– ჩემს სახლში წადი, ახლავე. ჩემი ცოლ-შვილი დაცულ ბინაში გადაიყვანე და პოლიციელებმა 24 საათი თვალი არ მოაშორონ, გასაგებია?!

– იქნებ, მითხრათ, რა მოხდა.

– წადი-მეთქი! – იყვირა პროკურორმა და საფეთქლებზე ხელები შემოიჭირა, რომ თავი არ გასკდომოდა.

გამომძიებელი ფერდაკარგული გავარდა კაბინეტიდან. პროკურორი კი ერთხანს სკამზე იკრუნჩხებოდა, ბოლოს ძალა მოიკრიბა, ტელეფონი აიღო და სოსოს დაურეკა.

– სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ!

***

სოსო აქუბარდია, დიმა ლაბაძე და ტარიელ ტაბაღუა ერთ უბანში გაიზარდნენ. სოლოლაკში, იტალიურ ეზოში, მათი სახლის ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ტაბაღუა ასაკით ყველაზე უმცროსი იყო. ბავშვობაში უმამოდ დარჩენილი დედის საყვარლების გარემოცვაში იზრდებოდა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ 13 წლის მოზარდმა დედის პარტნიორი ცივი იარაღით არ დაჭრა.

სანამ ტარიელი არასრულწლოვანთა კოლონიაში სასჯელს იხდიდა, მისმა მეგობრებმა ორჯერ გაძარცვეს უბნის მაღაზია და ერთხელ მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. სოსო აქუბარდია და დიმა ლაბაძე სამივე შემთხვევაში სასამართლოს გადაურჩნენ. უბანში ამბობდნენ, პოლიცია დროულად გავიდა კვალზე, მაგრამ ბიჭებმა მათთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს და სამართალდამცველებს ისეთი ინფორმაცია მიაწოდეს, წლების წინ თაროზე შემოდებული საქმეების გახსნაში რომ დაეხმარათო.

ასე იყო თუ ისე, სოსო და დიმა დაპატიმრებას გადაურჩნენ, ციხიდან დაბრუნებულ ტარიელს კი უბანში გაზრდილი და გადასხვაფერებული მეგობრები დახვდნენ. შეცვლილი იყო თავად ყოფილი პატიმარიც.

– თუ ჩვენთან ერთად იქნები, არაფერი გაგიჭირდება, დიდ ფულს ვიშოვით, ძმა, დიდ ფულს.

ტაბაღუა სასიამოვნოდ გაოცებული იყო იმით, რომ ძველმა მეგობრებმა არ დაივიწყეს, უფრო მეტიც, ნდობა გამოუცხადეს და გვერდში დაიყენეს. მართალია, ის საქმეები, რომლებიც სოსომ და დიმამ შესთავაზეს, მაინცდამაინც სარფიანად არ გამოიყურებოდა, მაგრამ არაფრის კეთებას ჯობდა. გარდა ამისა, ტაბაღუასთვის, რომელსაც ამქვეყნად მათ გარდა აღარავინ ებადა, მთავარი მეგობრობა იყო. მისთვის რომ გეკითხათ, ამ ადამიანებისთვის მოკვდებოდა კიდეც…

გათავისუფლებიდან პირველი რამდენიმე წელი ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, სანამ დიმა ლაბაძეს თურქი ბიზნესმენის გაძარცვის იდეა არ აეკვიატა. იალჩინ მამედოღლის თბილისის საქმიან წრეებში საკმაოდ კარგად იცნობდნენ, მისი ინტერესი კი, გარდა ინვესტიციის დაბანდებისა, ერთ ქართველ ლამაზმანსაც უკავშირდებოდა, რომლის სიყვარულსაც თურქი დაეტყვევებინა. ბიზნესმენი ქართველი ქალის ახირების გამო ათობით ათას დოლარს ფერწერულ ტილოებში იხდიდა, რისი წყალობითაც ქალს სახლში ნამდვილი ხელოვნების გალერეა ჰქონდა მოწყობილი.

– სახლი დაცულია, მაგრამ შიგნით შეღწევის გეგმა მაქვს. ყოველთვის, როცა თურქი თბილისშია, რესტორანში ვახშამს უკვეთავს. კურიერი საქმის კურსშია, ის სახლში შეღწევაში დაგვეხმარება. გასაძარცვად ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შევიდეს, ორი გარე პერიმეტრს ვუდარაჯებთ.

– საფრთხილო საქმეა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმა. პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საქმე გახსნას, – ტარიელი მშიშარა არ იყო, მაგრამ რისკების გათვლა შეეძლო.

– პოლიციის ამბავი მე მომანდე, – უცნაურად თავდაჯერებული ტონი ჰქონდა დიმას.

სოსოსაც არ ემჩნეოდა აღელვება. ტაბაღუა ერთხანს კიდევ ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნია და მეგობრებს გადახედა, ჩემი იმედი გქონდეთო.

იმ საღამოს გოგებაშვილის ქუჩაზე წლის ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა. ქეთათო კეკელიძის ბინიდან 250.000 დოლარის ღირებულების ფერწერული ტილოები გაიტანეს. დიასახლისი და მისი საყვარელი კი ნაცემები, სკამზე მიბმულები დატოვეს.

პირველი ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში უკვე ცნობილი იყო. შემთხვევის ადგილზე ტარიელ ტაბაღუას ანაბეჭდები აღმოჩნდა. მეორე დღეს თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადავარდა მდინარეში ცეცხლმოკიდებული მანქანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ტაბაღუას საკუთრებაში იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ავტომობილის მფლობელიც უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა.

საქმის მსვლელობა შეჩერდა…

***

– ბატონო დიმა, ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს, – პროკურორი სოსოსთან შესახვედრად მიდიოდა, როცა გამომძიებლის ზარი წამოეწია, – ბავშვები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ თქვენი მეუღლე შინ არ დაგვხვდა, ტელეფონიც გამორთული აქვს.

“მასაც მიაგნო”, – მთელი ძალით დაამუხრუჭა მანქანა პროკურორმა.

– გზები გადაკეტეთ, ყველა ავტომობილი შეამოწმეთ, სათვალთვალო კამერები ჩემი სახლის გარშემო. იპოვეთ, სასწრაფოდ იპოვეთ! – ღრიალებდა ლაბაძე.

– ტყუილად ეძებთ, ვერ იპოვით, – დიმას მანქანის უკანა სავარძლიდან ნაცნობი ხმა მოესმა. იქ ტარიელ ტაბაღუა იჯდა. დამწვარი სახის კანი ღრმად ჩამჯდარ თვალებს ნახევრად უფარავდა.

პროკურორმა საქამრისკენ წაიღო ხელი, იარაღს წაეპოტინა, მაგრამ საფეთქელზე პისტოლეტის შეხება იგრძნო და შეჩერდა.

– ათი წელი ველოდი ამ დღეს, – ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი მკვლელმა და ცხვირის ნესტოები დაებერა.

– ყველაფერი გაუთვალისწინებლად მოხდა, დაბნეულები ვიყავით, – ხმა აღარ ჰქონდა პროკურორს.

– მართლა? რა გულუბრყვილო ხარ, პროკურორო, – როცა იმ კახპის ბინის გასაქურდად მარტო შემიშვით, უკვე გადაწყვეტილი იყო ჩემი ბედი, ხომ ასეა? – პისტოლეტის პირი უფრო ძლიერად მიაჭირა სახეზე.

– არა, – თავის გადარჩენას ცდილობდა დიმა.

– როცა ციხიდან გამოვედი და მითხრეს, რომ პოლიციასთან იყავით შეკრული, დავეჭვდი, მაგრამ არ დავიჯერე, მიყვარდით. როცა კეკელიძის სახლის გაქურდვა გადავწყვიტეთ, შენ და ის ნაბიჭვარი რისკებზე საერთოდ არ ფიქრობდით, მაშინაც დავეჭვდი, მაგრამ თქვენ მეტი არავინ მყავდა და ბედს მივენდე, – მკვლელს ხმა შეეცვალა. პროკურორს მოეჩვენა, რომ ცრემლი მოერია, თუმცა მისი თვალები ვერ დაინახა, – ქურდობის ღამეს ვითომ წარმატებას აღვნიშნავდით, უგონოდ დამათვრეთ და ცეცხლმოკიდებული მანქანიანად პირდაპირ მდინარეში გადამისროლეთ, მაგრამ ხედავ? გადავრჩი.

– ეს უბედური შემთხვევა იყო, – ერთმუჭადქცეული დიმა სავარძელზე ძლივსღა ჩანდა.

– მოკეტე! ის თქვი, ჯილდოდ რამდენი შეგხვდა იმ ნახატებიდან, 20 ათასი და სამსახური პოლიციაში? ან იმ ნაბიჭვარს რამდენი მისცეს, მეგობრის მოკვლად რომ უღირდა?

– კარგი, ვაღიარებ, შევცდით. რომ შემეძლოს იმ დღის დაბრუნება, სხვანაირად მოვიქცეოდი, დამიჯერე.

მკვლელმა გაიღიმა.

– მითხარი, სად არის ჩემი ცოლი, – მომენტით ისარგებლა დიმამ.

– მკვდარია, – დამარცვლით წარმოთქვა ტაბაღუამ და წინ გადაიხარა, რომ პროკურორის თვალები დაენახა.

ლაბაძემ მანქანის საჭეს დააყრდნო თავი.

– რატომ, ის უდანაშაულო იყო. მე და სოსო რატომ არ მოგვკალი?

– ეს უგუნური საქციელი იქნებოდა. თქვენ გმირებად შეგრაცხავდნენ. სამართალდამცველები, რომლებიც კრიმინალმა იმსხვერპლა! ახლა კი შვილებისთვის მთელი ცხოვრება იმის ახსნა მოგიწევთ, ვინ და რატომ დახოცა მათი დედები.

– მოგკლავ, – ჩაილაპარაკა პროკურორმა.

– შენ უკვე მომკალი!

ტარიელმა მანქანის კარი გამოაღო. გარეთ წვიმდა. კაცმა ქურთუკის საყელო წამოიწია და გზას ფეხით გაუყვა.


მასალა მომზადებულია ჟურნალ „სარკის“ მიხედვით.


VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„მართლა კოკაინზე ხართ ყველა ერთად“ - ვის...

23:05 კვი. 28 ნოემბერი

ბეგლარ ლოგუა


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი

დმანისთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

18:11 კვი. 28 ნოემბერი

პოლიცია

ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცი...

17:40 კვი. 28 ნოემბერი

ნიკა მელია