
რომელ დეოკუპაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი ს.კაპანაძე საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს?! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებისთვის მითითებებს აძლევს.
აბაშიძის თქმით, კრემლის გზავნილი ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის იყო და არის ის, რომ საქართველოს ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა ცხინვალის დასაბომბად.
„დღეს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კრემლის აგრესიული რიტორიკა დაგმო. 7 აპრილს, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.
„დღეს ვესაუბრე დავით ზალკალიანს და მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენს საზღვრებთან განხორციელებული დესტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ. მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებაში.
ამის მიუხედავად, 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 რუსეთისადმი კაპიტულატურ რეზოლუციაზე ერთ-ერთი ხელმომწერი, გიგა ბოკერიასა და სერგი კაპანაძის თანაპარტიელი გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს. მრავალსტანდარტიანი კანდელაკი, რომელიც თავის დროზე ევროპელ ჩინოსნებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთვის არ მიეცათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, ახლა ჩვენ მთავრობას მოუწოდებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ეს ყურადღება ჩვენი დეოკუპაციის საკითხის წინ წასაწევად. რომელ დეოკუპაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც მისი ერთ-ერთი წევრი ს.კაპანაძე საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს?! რომელ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრობს ე.წ. „ევროპული საქართველო“, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნებმა 2011 წელს, ჰააგის ერთ-ერთ საერთაშორისო სასამართლოში, ჩააგდეს დავა საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ?!
ცნობისათვის, 2021 წლის იანვარში, სტრასბურგის სასამართლოში, საქართველომ რუსეთს დავა პირწმინდად მოუგო. კრემლის გზავნილი ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის იყო და არის ის, რომ საქართველოს ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა ცხინვალის დასაბომბად. წელს იანვარში, საერთაშორისო სასამართლოში, ქართულმა მხარემ ეს გეგმა-ნარატივი მთლიანად ჩამოუშალა რუსეთს იმის მიუხედავად, რომ ძალიან ხშირად ოფიციალური მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების, გიგა ბოკერიების, აკაკი მინაშვილებისა და მათნაირთა უპასუხისმგებლო განცხადებებს, უსინდისო ტყუილს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ“,- წერს აბაშიძე.