"გზის საპირისპირო მხარეს რაღაც გდია, წამით იფიქრებ, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოუვარდა..."

  • mediamall.ge
  • 25 იანვარი 13:07, 2017 წელი
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საინტერესო ამბის შესახებ წერს, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ:

თელავისკენ მივდიოდი, ცივ-გომბორის გზით. მე და მძღოლი, ბატონი ვაჟა, ვსაუბრობთ ათას რამეზე: სამოქალაქო კულტურაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ცხინვალის რეგიონზე, მთავრობის ეთიკაზე და სხვა. უკვე მეორე წელია, რაც ვაჟას ვიცნობ. ბრწყინვალე ადამიანია, უკვე ჩემი მეგობარი და ყველა დროის ერთერთი ყველაზე საინტერესო მოსაუბრე ჩემს ცხოვრებაში.

 

მოკლედ, მივდივართ ამ ულამაზეს დახვეულ გზაზე და ამ დროს ვხედავთ, რომ წინ, ერთერთ მოსახვევთან, მოსპორტულო (თუ სპორტული) მანქანაა გაჩერებული, ნარინჯისფერი, უკან ფარფლით (თუ რაც ქვია). ზუსტად მაშინ, როცა ჩვენ ვუხვევთ, ვხედავთ იმასაც, რომ მანქანიდან ახალგაზრდა კაცი გადმოდის და გზას კვეთავს.

 

გზის საპირისპირო მხარეს რაღაც გდია, წამით იფიქრებ, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოუვარდა და უნდა რომ აიღოს. მაგრამ, შემდეგ ხვდები, რომ შეუძლებელია მანქანიდან იმ სიშორეზე, თან საპირისპირო მხარეს რამე გადავარდნოდა. ბოლოს ვუახლოვდებით და ვხედავთ, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს საშუალო ზომის, წვეტიანი ლოდი გდია.

 

კაცი მიდის, გადაკვეთს გზას, იღებს ლოდს და აგდებს მას ხევში. და ამ აქტით (რომლის შესრულებაც მარტივად შეიძლებოდა დაზარებოდა ცივ ამინდში სწრაფი მანქანით კომფორტულად მიმავალს) შესაძლოა რამდენიმე სიცოცხლესაც იხსნის პოტენციური კატასტროფისგან, რომელიც იქ სრულიად უმარტივესად მოხდებოდა ამ ლოდის პირობებში.

 

ვინც ცივ-გომბორის გზებს იცნობს, მან იცის, თუ რა სწრაფად დაღმავალი, ციცაბო და ვიწრო გზებია იქ, პატარა მოსახვევები, თან წლის ამ დროს ხშირად ალაგ-ალაგ მოყინულიც.

 

გმირობა არ არის აუცილებლად საგმირო საქმე, ან რთული საქმე. გმირობა შეიძლება იყოს მარტივი მაგრამ მუდმივი სამოქალაქო შეგნებით გამოწვეული ალტერნატიული რეალობა. მაგალითად, 5-6 კაცით მეტი ცოცხალი ადამიანი, ვიდრე ამ ლოდის იქ დარჩენის პირობებში შეიძლება ყოფილიყო შედეგად.

 

შეიძლება ვიღაცამ იცნოს კიდეც მანქანა და მძღოლი; შეიძლება თვითონ ნახოს, აქ იმდენი ხალხია. ასეა თუ ისე, ეს კაცი კარგი მოქალაქეა. პირადად მე, მისი ძალიან მადლობელი ვარ. მისით იწყება ჩვენი უკეთესობა.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge