15 თებერვალს მირქმის დღესასწაულია

  • 15 თებერვალი 00:01

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უდიდესია.

სახარების თანახმად, ქრისტეს შობის შემდეგ მეორმოცე დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და იოსებმა იესო ტაძარში მიიყვანეს, რათა ღმერთისთვის მსხვერპლი შეეწირათ.

ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, რომელიც მაცხოვარს მოელოდა. მას სულიწმიდამ ამცნო, რომ არ მოკვდებოდა, სანამ უფალს არ იხილავდა. სვიმეონი ტაძარში მივიდა, ყრმა იესო ხელში აიყვანა და თქვა:

"აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარება შენი".

უფლის მირქმასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.