რაზე ოცნებობს 16 წლის გოგონა, რომელსაც არასდროს გაუვლია

  • 14 თებერვალი 23:24

თელაველი გოგონას ყველაზე დიდი ოცნება საკუთარი ფეხით სიარულია. დარწმუნებულია, რომ ოდესმე შეძლებს, დაუხმარებლად შემოიაროს საქართველოს ყველა კუთხე და შემდეგ ევროპაში წავიდეს.

ნუცა მაისურაძე 16 წლისაა. დამოუკიდებლად გადაადგილება არასოდეს შეეძლო, რადგან დაბადებიდან თანდაყოლილმა, ხერხემლის მძიმე პრობლემებმა, მას სიარულის შესაძლებლობა არ მისცეს. ნუცას დედა, ნინო მაისურაძე, ყვება, რომ გოგონას დაბადებამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება.


ბევრი გაჭირვებისა და ბრძოლის შემდეგ, დედამ შეძლო და ნუცა, საქართველოში ჩამოსულ თურქ ექიმებს აჩვენა.


"თურქმა ექიმებმა მითხრეს, რომ მისი სიარული შესაძლებელია. ოღონდ ამისათვის საჭიროა ოპერაცია, რომელიც 9.500 დოლარი ჯდება. ხომ არიან ადამიანები, ვინც ასეთ თანხას ერთ დღეში ხარჯავს. ჩვენ რომ ამის შესაძლებლობა გვქონდეს, წარმოგიდგენიათ, დედაც და შვილიც რამდენი წლის ნატვრას ავისრულებდით“, - ამბობს ნუცას დედა.


თავად ნუცა კი საქართველოს შემოვლაზე ოცნებობს.


"ჯერ სკოლაში მინდა სიარული, კარგი კლასი მაქვს. როცა გავივლი კი, საქართველოს ჩემი ფეხით შემოვივლი. მერე ევროპას, საფრანგეთსა და იტალიას ვნახავ“,- ამბობს 16 წლის გოგონა, რომლის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას, არცთუ ისე დიდი თანხა სჭირდება.


წყარო