ბუხრინწების სიყვარულის ისტორია თბილისის ზოოპარკში 

  • 14 თებერვალი 20:13

ბუხრინწებს თავისი სიყვარულის ისტორია აქვთ. ისინი ჯერ თავს აწონებენ, შემდეგ უყვარდებათ და სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები არიან. 

"ბუხრინწები მონოგამი ფრინველები არიან. ანუ, რომ შეუყვარდებათ ერთმანეთი და შეთანხმდებიან, შენ ცოლი და მე ქმარი, ჩემი დანა და შენი კისერიო, სიცოცხლის ბოლომდე ერთად რჩებიან.

მაგრამ სანამ შეთანხმდებიან...

სასიყვარულო მიუზიკლებში წყვილები რომ ერთმანეთს ეფოლორცებიან, ხან ცეკვავენ, ხან მღერიან და ხან ხელჩაკიდებულები ერთმანეთს ეხუტებიან წყლიანი თვალებით, ამგვარი შეყვარებულობის პერიოდი აქვთ ბუხრინწებსაც. სატრფოს მოსახიბლად მამრი ჯერ ფრენის ილეთების დემონსტრირებას ახდენს და თან სარეკლამო შეძახილებით აფორმებს - ნახე, რა ბიჭი ვარ, ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა - ქალამნადო. მერე მდედრს გაედევნება და კარგა ხანს გრძელდება ეს დაჭერობანა. გაიქცევა გოგო კეკლუცად, სიცილ-კისკისით, გაენთება სიყვარულით თავბრუდახვეული ბიჭი უკან. გაიქცევა - გაენთება. გაიქცევა - გაენთება. და ამასობაში ისე უყვარდებათ ერთმანეთი და ისეთ აზარტში შედიან, სანამ ბუდემდე მიაღწევენ, თითქმის ყოველ წუთს წყვილდებიან. ჰო, ჰო, ზუსტად. ფილმებში რომაა, გზადაგზა რომ ყრიან ტანსაცმელებს გახელებულები, ისე.

 ჰოდა, ვალენტინობას გილოცავთ, მეგობრებო", - წერენ თბილისის ზოოპარკის სოციალურ ქსელში.