"ბათუმის მერი 40 დაქალთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა"

  • 14 თებერვალი 12:58

"კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები?", "აქაც მოგართმევდით კრუასანებს", - ამ ბანერებით მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები 13 თებერვალს ბათუმის მერიასთან მივიდნენ, რითაც აჭარის დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ლაშა კომახიძეს თეფშით კუარასანებიც მიუტანეს. ისინი ამბობენ, რომ ბათუმის მერი დაქალებთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა.


"ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოსდა იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. ჩვენ სიმბოლურად მას აქ მოვუტანეთ კრუასანები, შეეძლოთ არ წასულიყვნენ, აქაც მივართმევდით, მიეხედათ ქალაქისთვის, 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ქალაქში და ხედავთ რომ გზები კვლავ გაუწმენდავია. მოვუტანეთ კრუასანები მერს მიჩვეული იქნება", - განაცხადა "ალტერნატივას" წევრმა.


ბათუმის მერი და დეპუტატები, პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.  ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, პარიზში არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 16 თებერვლამდე გაგრძელდება. 


გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, მის სანახავად, თუ სხვა ღონისძიებაზე დასასწრებად პარიზში აჭარიდან დეპუტატები, ბათუმის მერი, მინისტრი, მისი მოადგილე, პოეტები და მხატვრები ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ.