"ჩვენთვის მთავარია, გავთხოვდეთ და იყოს მამრობითი სქესის, თორემ ადამიანი იქნება თუ ცხოველი, სულერთია"

  • თბილისელები
  • 10 თებერვალი 17:24

"კომედი შოუს" მსახიობები, თემო ნიქაბაძე და გივი პაპავა, კურსელები იყვნენ, მერე "მანსანკანს" თამაშობდნენ ერთად, დამეგობრდნენ და ახლა "კომედი შოუში" ისეთი "დები" არიან, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება.

– სად გაიცანით ერთმანეთი და პირველი დანახვისას, რა ასოციაცია დაგრჩათ ერთმანეთზე, რა მოგხვდათ თვალში?

თემო: ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. კურსელები ვიყავით და "მანსანკანის" გუნდში ერთად მოვხვდით. გივი რომ ვნახე, ხელი ჰქონდა მოტეხილი, თავი – გადაპარსული და რატომღაც მეგონა, კატორღიდან იყო გამოქცეული. თავიდან მორიდებულად ვიყავით, მერე სცენაზე ერთად ვიდექით, დავმეგობრდით და დღესაც ერთად ვართ.

გივი: თემო რომ პირველად დავინახე, მისი კეხიანი ნიკაპი მომხვდა თვალში (იცინის). დიდი ცხვირი კი აქვს, მაგრამ კარგი ადამიანია, ამიტომაცაა ჩემი მეგობარი.

– სანამ სკეტჩებში გამოჩნდებოდით, ქალის იმიჯი – ტანსაცმელი, კოლგოტი და მაკიაჟი თუ გქონდათ მორგებული?

თემო: მანამდე ქალის ფორმებითა და მაკიაჟით სახალისო ვიდეოებს ვიღებდით და სოციალურ ქსელში ვდებდით. ქალური მანერები იქიდან დავამუღამეთ, ასე რომ, არ გაგვიჭირდა. სხვათა შორის, კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ხალხს მოსწონდა.

გივი: დისკომფორტს ყველაზე მეტად კოლგოტის ჩაცმა მიქმნის. საშინელებაა კოლგოტისა და ბანდაჟის ჩაცმა. თან, სულ მობილიზებული მაქვს ფრჩხილის ლაქი – ვაიდა, კოლგოტს თვალი წაუვიდა...

თემო: ამიტომ, მაცვია მე რეიტუზი, მარტივად ვიცვამ და არც ბანდაჟი მჭირდება.

გივი: ზოგადად, არ მაკლია ფორმები, მაგრამ ქალი რომ ხარ, გამოკვეთილი ფორმები უნდა გქონდეს და მეც მიწევს ბანდაჟის ჩაცმა. ჩემი და მეუბნება: ეს რას მოვესწარი, ჩემზე მოკლე "იუბკები" გაცვიაო. სამაგიეროდ, მე მიხდება. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ გავისეირნო მოკლე კაბით ქუჩებში.

თემო: რთულია ქალობა, მეცოდება ყველა მანდილოსანი და სოლიდარობას ვუცხადებ.

– ქალები რატომ გეცოდება?

– წარმოიდგინეთ, უნდა ჩაიცვა კოლგოტი, იკეთო მაკიაჟი, ოჯახს მიხედო, საღამოს მოდის მთვრალი ქმარი და მიგათრევს საძინებელში. უარს ვერ ეტყვი, გეჩხუბება და ბოლომდე გიწევს ქალის მოვალეობის შესრულება. ამიტომაც არ მიყვარს დალევა, რომ ქალს დისკომფორტი არ შევუქმნა.

გივი: ჰოდა, ქალის ფსიქოლოგია უნდა იცოდე კარგად და გამოსავალს იპოვი. გირჩევთ: ჩაიცვით, ქალებო, კოლგოტი და ბანდაჟი სახლში და სანამ მთვრალი ქმარი იმას გაგხდით, კი გამოფხიზლდება (იცინის). უბრალოდ, ქალებისგან განსხვავებით, მე და თემოს ერთი პრივილეგია გვაქვს – არ გვიწევს სალონებში სიარული, თმა არ გვეზრდება, პარიკი გვახურავს (იცინის). ისე კი, ნამადვილად მეცოდებით ქალები – პომადა, "რუმიანა", თვალის "წენი" და საშინელი წამწამების ასაპრეხი. კოლგოტის შემდეგ, ყველაზე რთული წამწამების ტუშით აპრეხვაა და მერე – მისი მოშორება. სამი დღე ცრემლები მდის. კიდევ კარგი, თმის შეღებვა არ გვიწევს და პარიკი გვადევს.

თემო: ფულიც იზოგება და თან, სალონში რომ მივედით, გამოგვყარეს.

გივი: ჰო, რომ შემოგვხედეს, გვითხრეს: ზოომაღაზიაში მიბრძანდით და გრუმინგი ჩაიტარეთო.
– გივი – კეკა და თემო – ნიცა, რა გვარი ხართ?

თემო: აქ, გავიჭედეთ (იცინის). არ ვგავართ, მაგრამ ნამდვილი დები კი ვართ, თუმცა გვარი არ გვაქვს. ჩვენი წარსული ბუნდოვანებით არის მოცული.

გივი: გაურკვეველი წარმოშობის დები ვართ (იცინის). თუ გამოვქექეთ და შოტლანდიური წარმოშობის ვართ, კი მეშველება – თავისუფლად ვივლი ქუჩებში დაპლისული "იუბკით" (იცინის). იცით, ცუდი რა არის ჩვენთვის? სულ გვენატრება დედა და გვყავს კრიტიკული და მკაცრი მამა.

თემო: მამა მკაცრი და კრიტიკული იმიტომაა, რომ ვერ გვათხოვებს.

– რატომ, გივი ხომ გაათხოვა?

– გივი, კი გაათხოვდა, მაგრამ მე ვერ მათხოვებს. ჩაგვესიძა ვაჟბატონი, ვერ ვცილდებით დები ერთმანეთს და თან, სახლში "დაბმული" გვყავს. სხვათა შორის, ოჯახის წევრები მეუბნებიან, განვიცდით რომ ვერ თხოვდებიო (იცინის).

გივი: ჩვენთვის მთავარია, გავთხოვდეთ, იყოს მამრობითი სქესის და მიგვიღოს, თორემ ადამიანი იქნება თუ ცხოველი, არ აქვს მნიშვნელობა (იცინის).

– თემო, პირველი ღამის მერე, "დაფინგანებული" რომ ნახე შენი და არ გადაიფიქრე გათხოვება?
თემო: მეწყინა, მაგრამ რახან გათხოვდა, ამის ფინგანს დავეძებდი? (იცინის).

გივი: მთავარია, გავთხოვდი და მსხვერპლად რომ შევეწირე, რა პრობლემაა? (იცინის).

წყარო: თბილისელები