ეკა მამალაძე 60 წლის ხდება - ქართველებს, ცუდად გვაქვს აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება გათხოვებაზე ფიქრი

  • სარკე
  • 7 თებერვალი 13:36

მომღერალ ეკა მამალაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. რამდენიმე თვეში მას 60 წელი უსრულდება.

ჯერ არ იცის, რამდენად გრანდიოზულად გადაიხდის ამ იუბილეს, მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ ცხოვრება ამ ასაკში მშვენიერია. 


ჟურნალ "სარკესთან" ეკა ამბობს, რომ ახლა მათ დედაშვილობაში ყველაზე ტკბილი და მზრუნველი ეტაპი დგას.


გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:


ეკა მამალაძე: მე არ მინდა დიდი და გრანდიოზული დაბადების დღე, მაგრამ გარშემომყოფები მეუბნებიან, რატომაც არაო. ჩემი ასაკის დამალვას აზრი არ აქვს, ამ ქალაქში არაფერი დაიმალება. 60 წლის ვხდები. ძალიან მომწონს ადამიანების რეაქცია, როდესაც ჩემს ასაკს ვამბობ. ამ თემაზე კარგად ვხალისობ. მივხვდი, რომ ადამიანი ვერასდროს გრძნობს თავის ასაკს. სულ გგონია, რომ ჯერ ისევ პატარა ხარ.


– ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გქონდათ ასაკზე გართულება?


– მახსოვს, 40 წლის რომ გავხდი, ძალიან ბევრი რამ გადავაფასე და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე. ბევრი კითხვა დამებადა ცხოვრების და საკუთარი თავის მიმართ. 40 წელი მართლა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, 50 წელზე არავითარი რეაქცია არ მქონია.


– ადრეულ წლებში როგორ წარმოგედგინათ თქვენი 60 წელი, ჰგავს დღევანდელობა წარსულის წარმოდგენებს?


– რაზეც ვოცნებობდი, ის ცხოვრებისგან არ მიმიღია, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს. ჩემი შვილები კარგ გზას ადგანან და შემდგარი პიროვნებები არიან. ნატალიას გაჩენით დიდი ოცნება ამიხდა. ორი ბიჭის შემდეგ გოგოზე ძალიან ვოცნებობდი. მინდა, მან ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოს.


– რაზე გწყდებათ გული, რა ოცნება ვერ აიხდინეთ?


– აღარ მინდა აუხდენელ ოცნებებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი. ბევრს ჰგონია, დედაჩემის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, სინამდვილეში კი, როცა ხარ ნანის შვილი, რთულია, რადგან სულ მას გადარებენ. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება გიწევს, ვიდრე სხვას, რადგან ჯერ ნანის სახელს უნდა გაუფრთხილდე და შემდეგ შენი საკუთარი სახელითაც უნდა თქვა სიტყვა. ნანის არაეთხელ უთქვამს, ალბათ მე ხელს უფრო გიშლი კარიერაში, ვიდრე პირიქითო.


ახლა ნატალიაც იმ ეტაპს გადის, რა ეტაპსაც წლების წინ მე გავდიოდი, მაგრამ მან კლასიკური ვოკალი აირჩია და იქ მეტი გასაქანი აქვს. ერთ ცნობილ მუსიკოსს ვუთხარი, მე დედაჩემსა და ნატალიას შუაში ვარ-მეთქი და მითხრა, ეს ძალიანაც კარგია, ამ ორ ადამიანს შორის ერთგვარი მედიატორი ხარ და ეს ადვილი არ არის, მთავარია, გენეტიკაში დაღმასვლა არ იყოს, თქვენთან სულ აღმასვლაა და ამას რა სჯობიაო.


– კოლეგებისგან გულისტკენა გამოგიცდიათ?


– როგორ არა, მაგრამ წყენა იმ წუთში გამდის. ყველა სიტუაციაში ვცდილობ, მოვძებნო ახსნა, ეს რატომ გააკეთა. თანაც დედაჩემი მყავს სახლში, რომელიც ყოველთვის მამშვიდებს. არ ყოფილა შემთხვევა, გაბრაზებული ან ნაწყენი მივსულიყავი სახლში და მას უფრო გაემძაფრებინოს ჩემი ემოციები, პირიქით, მეტყვის ხოლმე, კარგი, რა, არ ღირს ნერვიულობა, ნახე, მიხვდება ყველაფერს და აუცილებლად ინანებსო.


– ქალის ცხოვრებიდან ბევრი მნიშვნელოვანი როლიდან სამს გამოვყოფდი – დედა, შვილი და მეუღლე. რომელ როლში გრძნობთ თავს ყველაზე კარგად და სად დაუშვით ყველაზე მეტი შეცდომა?


– საერთოდ არ მიყვარს უკან მოხედვა და განვლილი ცხოვრების ანალიზი. როგორც იყო და რაც იყო, ასე უნდა ყოფილიყო. როცა ვერაფერს შეცვლი, აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს. გუშინდელი დღე არასდროს მაინტერესებს. შეიძლება ასაკმა მოიტანა, მაგრამ ყოველი დღის და ელემენტარული სიხარულის დაფასება ვისწავლე.


– როგორია დღეს თქვენი და ქალბატონი ნანის ურთიერთობა, რა ფაზაა თქვენს დედაშვილობაში?


– დღეს უფრო მზრუნველი შვილი ვარ, ვიდრე ადრე. თვითონ ხუმრობს კიდეც, დედასავით მივლიო. ჩვენ ძალიან გვიყვარდა მოგზაურობა, ბოლო დროს ნანის ცოტა ეზარება, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ.


– ალბათ არასდროს შეგეშინდებათ 80 წლის გადაბიჯების, რადგან სახლში დედის სახით ბრწყინვალე მაგალითი გყავთ, როგორ შეიძლება იცხოვროთ ამ ასაკში.


– მე თვითონ მიკვირს ხოლმე ნანის გამოსვლების საზოგადოებაში. სახლში ხანდახან შეიძლება მოიწყინოს, თავს უფლება მისცეს, მოდუნდეს, მაგრამ თქვენც ნახეთ ალბათ, როგორ გამოიყურებოდა "მხოლოდ ქართულის" კონცერტზე თეთრ კაბაში. ისე იმღერა პირდაპირ ეთერში, რომ რამდენიმე მომღერალმა არ დაიჯერა და თქვა, ალბათ ჩანაწერი იყოო.


ნანი ჩემი სტიმულია და ალბათ მაგიტომაც არ მეშინია არანაირი ასაკის. ნანის ვერ ნახავთ სახლში დაუვარცხნელს და მოუწესრიგებელს. დილით რომ ადგება, სანამ არ მოწესრიგდება, არც შემოგხედავს. ჩემთანაც სულ იპრანჭება. ჩემგანაც ითხოვს, რომ სულ მოწესრიგებული ვიყო. ხანდახან ნერვებსაც კი მიშლის მისი შენიშვნები, რომ უმაკიაჟოდ და "უპამადოდ"სახლიდან არ გავიდე. გლობალურ თემებში ყოველთვის გახსნილია და მოგყვება ბოლომდე, ყოფით საკითხებში კი ხშირად აქვს თავისებურებები და ბევრი შენიშვნა იცის. ნანი 83 წლისაა და ბევრ რამეში ჩემზე თანამედროვეა, უყვარს მუსიკალური ექსპერიმენტები.


– კარგად გესმით ნატალიასი, რომელიც 27 წლისაა?


– კი, ძირითადად ყველაფერში ვუგებთ. მე და ნატალია ცოტა ხნის წინ ვიყავით მნიშვნელოვან მოსმენაზე საზღვარგარეთ. ნანის რომ ენახა, ჩვენ როგორ ვიქცეოდით იქ, ეს მისთვის ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა. როცა მე და ნანი საზღვარგარეთ კონცერტზე მივდივართ, წინა დღეს აუცილებლად უნდა დავისვენოთ, რომ კონცერტმა კარგად ჩაიაროს. მე და ნატალია კი შოპინგ ცენტრებში დავქროდით.


– ისევ ხართ პირადი ბედნიერების ძიებაში თუ თვლით, რომ ეს თემა გუშინდელი დღეა?


– არაფერი გვიანი არ არის. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ცუდად აღქმული, რომ თითქოს 60 წლის ასაკში როგორ შეიძლება სიყვარულზე და გათხოვებაზე ფიქრი. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ გამოჩნდა სიყვარული, ეს ჩემთვის მიუღებელი არ იქნება.


28 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი და ორი შვილით დავრჩი მარტო. როცა მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, გავაგრძელე კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს მეუღლეს და მის ოჯახს პატივს არ ვცემდი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი პირველი ქმრის, გოგის, დაბადების დღეს, 3 მაისს, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ. ეს ტრადიცია არც მაშინ დარღვეულა, როდესაც მეორე ქმარი მყავდა.


– როგორ ფიქრობთ, რა დაიწყება 60 წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, რისთვის გინდათ, რომ დრო გამონახოთ?


– სიმშვიდე მინდა და ვგრძნობ, რომ წინსვლაც იქნება.

წყარო: სარკე