"მე და ჩემს საყვარელ ადამიანს ერთ-ორკვირიანი განშორებები გვაქვს და ამას ჩვეულებრივად ვუყურებთ"

  • თბილისელები
  • 6 თებერვალი 15:43

მომღერალ მარიტა როხვაძე პირად ცხოვრებაზე ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუში საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– დადის ხმები, თითქოს საყვარელ ადამიანს დაშორდი. ეს მართალია?


– ჩვენ, სულ ვჩხუბობთ და ვიბუტებით. ერთფეროვნება არცერთს არ გვიყვარს, ამიტომ, ხან ნაჩხუბარი ვართ და ხან შერიგებული. ზოგადად, პირად ცხოვრებაში ურთიერთობებს "ექშენი" უხდება, უფრო საინტერესო ხდება (იცინის). არის რაღაცები, რაშიც ერთმანეთს ვერ ვეწყობით და ძირითადად, ამის მიზეზი ჩემი მოუცლელობაა. სწორედ ამაზე ბრაზდება ჩემი საყვარელი მამაკაცი. ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს და ეს ყველაფერზე აისახება – ურთიერთობებზეც, იმიჯზეც...


– ახლა რა ეტაპი დგას შენს პირად ცხოვრებაში, როგორც მე გავიგე, ცალ-ცალკე ცხოვრობთ?


– არა, კარგად ვართ, ნორმალურად და არც ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თუმცა, არც იმას უარვყოფ, რომ გვაქვს ერთ-ორკვირიანი განშორებები და ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამთ, ჩვეულებრივად ვუყურებთ. ეს განშორებები ხშირადაც არ ხდება და თუ ხდება, უფრო აძლიერებს სიყვარულს. ახლაც, რაც ახალი წელი დადგა, სულ დაკავებული ვარ, კონცერტები და გადარბენები მაქვს, მაგრამ, პირადისთვის სულ მოცლილი ვარ.


– მერე, რომ ამბობენ, თვალი თვალს რომ შორდება, სიყვარული ნელდებაო?


– ჩვენ არ ვაძლევთ ერთმანეთს იმის საშუალებას, რომ თვალი თვალს და გული გულს ხშირად მოშორდეს. როცა შორს ხარ, მონატრება გიასმაგდება და უფრო სხვანაირად ახარისხებ ურთიერთობას – რამდენად გიყვარს, რამდენად აფასებ და ასე შემდეგ. ასე რომ, მართალია, მე არ გამიგია ჭორი, თითქოს საყვარელ მამაკაცს დავშორდი და ვერც მოვიდოდა ჩემამდე, მაგრამ მართლა ტყუილია


– როგორ ფიქრობ, რამდენად გაგიმართლა ცხოვრებაში, რამდენად ბედნიერი ხარ და თუ გიგზავნის იღბალი იოლ წარმატებებს?


– იღბლიანი ვარ, რასაც ვაკეთებ მიფასდება, მაგრამ ჩემამდე იოლად, დაუმსახურებლად და ლანგრით არაფერი მოდის. არც მინდა, მოვიდეს. ხომ იცით, ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს. ყველაფერს შრომა სჭირდება. მე კი ჩემი შრომით ყველაფერს ვაღწევ. რაც შეეხება, ბედნიერი ვარ თუ არა, კონკრეტულად არც კი ვიცი, რაშია ბედნიერება. ხანდახან ისეთი სისულელეები მაბედნიერებს – თუნდაც, კარგი ფილმი ან მულტფილმი... მოკლედ, უცნაური რაღაცებიც მაბედნიერებს. ახლა, ჩემს ცხოვრებაში ქაოსია. დაღლილი ვარ, თუმცა საყვარელი საქმისგან დაღლა მიღირს. უბრალოდ, ხანდახან ძილი მინდება და დრო არ მყოფნის (იცინის). ძირითადად, ღამე მიწევს სიმღერა, დღე მძინავს და გაბრუებული ვარ. ვხუმრობ ხოლმე, არ მყოფნის დღე-ღამეში 24 საათი და დაამატეთ-მეთქი (იცინის).


– ადამიანებს თუ ენდობი და თუ გამხდარხარ "კეთილმოსურნეთა" მსხვერპლი?


– ადამიანებს დიდი ხანია, აღარ ვენდობი. ყოველთვის სარგებლობენ ჩემი კარგი დამოკიდებულებითა და კეთილგანწყობით. ბევრჯერ გავმხდარვარ, ეგერეთ წოდებული, "კეთილმოსურნე" ადამიანების მსხვერპლი. გულიც უტკენიათ, ჭორებიც აუგორებიათ, მაგრამ გამოვიმუშავე და აღარ ვაქცევ ყურადღებას. განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როცა მყარად დგახარ, წარმატებული ხარ და წინ მიდიხარ. ამ დროს ამჩნევ, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – ყალბი. ასე რომ, ყველას ცხოვრებაში დგება სამეგობროს "გადახალისების" მომენტი და ჩემთანაც დადგა.

წყარო: თბილისელები