რის გამო ახრჩობდა გოგი წულაიას მამა

  • თბილისელები
  • 4 თებერვალი 15:56

სახელი: გოგი.

გვარი: წულაია.

პროფესია: ინჟინერი, პოლიტიკოსი.

– ბავშვობა...


– ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორიც საბჭოთა პერიოდის ყველა ბავშვს. ძალიან ცელქი ვიყავი. მამაჩემმა იცოდა თქმა, როცა მინდოდა, სადმე გამეშვი, საპირისპიროს გეუბნებოდი, რომ სწორ გზაზე წასულიყავიო. მაშინდელი წყობის შინაგანი პროტესტი მქონდა და არ ვიკეთებდი წითელ ყელსახვევს. ამის გამო დამრიგებელმა ჯოხი დამარტყა, საპასუხოდ ჩანთა ვესროლე, მერე მეორედ უფრო მაგრად დამარტყა, მე კიდევ სკამი ვესროლე. ბოლოს, სახლში მოვიდა ჩვენთან და მამაჩემს მოუყვა ყველაფერი. მამა ამ ამბის გამო "ვანაში" მახრჩობდა, თან მეუბნებოდა: შენ რა გამოხვალ, მეხუთე კლასში მასწავლებელს სკამს ესვრიო (იცინის).


– ჩემი პროფესია განაპირობა...


– მამა იყო ინჟინერი და "ავტოქარხანაში" მუშაობდა. სკოლა რომ დავამთავრე, ქუთაისში სხვა პერსპექტივა არ არსებობდა, ამიტომ გარემოებიდან გამომდინარე, ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. რაც შეეხება პოლიტიკას – 1988 წლის 3 დეკემბერს პირველად წავედი აქციაზე. მას შემდეგ ვარ პოლიტიკაში: კომუნისტების, ზვიადის, შევარდნაძის, მიშას და ახლაც ბიძინას ოპოზიციაში. აწი რომ მთავრობა მოვა, იმის ოპოზიციაშიც ვიქნები. სასწაული რომ მოხდეს და ხელისუფლებაში მოვიდე, ისეთი ტიპი ვარ, მაინც ვერ გავჩერდები.


– პროფესიული ჩვევა...


– პერფორმანსების კეთება. რაც მე დავიწყე პერფორმანსები, მის მერე შემოვიდა მოდაში. შემიძლია, თამამად დავიტრაბახო, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტი პერფორმანსი მაქვს გაკეთებული. ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე საუკეთესო იყო შუა ქალაქში თევზაობა და კუბოს მიტანა პარლამენტის წინ. თითოეული მათგანი ჩემი იდეაა, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვახორციელებ.


– მეშინია...


– რომ ვთქვა, "უშიშარი ვითარცა უხორცო" ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. თვითონ ეს ფრაზა გვეუბნება, რომ უშიშარი არის ის, ვისაც ხორცი არ გააჩნია. შიში უნდა გქონდეს ყველაფრის, ოღონდ ამ შიშს რომ დაძლევ, აი, ესაა ვაჟკაცობა. ისე, შიში მაქვს იმის, რომ უსახელოდ არ წავიდე ამ ქვეყნიდან. გულით გეუბნებით, როცა გარდავიცვლები; მინდა, ქუთაისში, "მწვანე ყვავილას პანთეონში" დამკრძალონ, ეს ისეთივეა, როგორც თბილისში "დიდუბის პანთეონი".


– ცოდვა – ეს არის...


– სხვის ბედნიერებაზე შენი ცხოვრების აწყობა. კაცობრიობა ვითარდება კომფორტისთვის, მაგრამ ამ კომფორტის სხვის ხარჯზე მოწყობა – ლტოლვილის, სოციალურად დაუცველისა და ასე შემდეგ, ყველაზე დიდი ცოდვაა. კარგი ცხოვრება ვის არ უყვარს? მეც მიყვარს ღვინო, დუდუკი, ქალები, მაგრამ ამისთვის ყველაფერს არ ვკადრულობ.


– მწამს...


– უფლის, მეგობრობის, სიყვარულის. ჩვენ „ვბლატაობთ“ ხოლმე ჩვენი ტრადიციებით. ეს არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და მე მწამს ამ ყველაფრის. მწამს იმის, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე.


– მაღიზიანებს...


– უმადურობა, დაუნახაობა და გაუნათლებლობა. ოთარ ჭილაძეს აქვს ნათქვამი: „დანაშაულია, როცა არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი ვიციო“. ძალიან მაღიზიანებს, როცა ადამიანს თავისი უვიცობა არ აწუხებს.


– ბედისწერის გჯერათ?


– ბედისწერის მჯერა, მაგრამ მაგაზე ცხოვრებას არ ვაწყობ. "სტენტი" მაქვს ორჯერ ჩაყენებული, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი ბედისწერა. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა საკუთარი ბედი თავად უნდა გამოჭედონ. უფლისგან თავისუფლები ვართ, რა გზასაც გვინდა, იმას ვირჩევთ. თუ უფალმა გამომიჭედა ეს ბედი და რაღაცები დამიწესა, მაშინ სად არის ჩემი თავისუფლება? შესაბამისად, იმის არ მჯერა, რომ ადამიანს თავისი ბედი დაჰყვება.


– სიყვარული – ეს არის...


– "სიყვარული არის ღმერთი და თვით ღმერთია სიყვარული"... ყველაფერია ჩემთვის. ეს არის გრძნობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი. თუ ის ჩარჩოებშია მოქცეული, უკვე სიყვარული აღარ ჰქვია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩარჩოებში არაფერი არ უნდა იყოს მოქცეული.


– იდეალური ქალი არის...


– მე უფრო ძველებური ვარ, ამ თანამედროვე სტანდარტებს არ ვეთანხმები, მაგრამ არც ვებრძვი, რადგან ცივილიზაცია და განვითარება აუცილებლია, თან, რაც არ უნდა ვეჭიდო ამ პროცესს, მაინც ვერაფერი შეაჩერებს. ქალი სიყვარულისთვის, დედობისთვის და კეთილშობილებისთვის არის უფლის მიერ შექმნილი. მასში, სწორედ, სიმშვიდეს, სიკეთესა და სიყვარულს ვაფასებ. ჩემთვის „ბოქსიორი“ ქალი, რაღაცნაირად, მიუღებელია და ვთვლი, რომ ქალები ცხვირ-პირს არ უნდა უსისხლიანებდნენ ერთმანეთს.


– ქალს ალამაზებს...


– სიყვარული და ორსულობა. ორსული ქალი ყველაზე ლამაზია. ზოგადად, ქალი ბუნებრივადაა ლამაზი და მას დამატებითი კოსმეტიკები და პროცედურები აღარ სჭირდება. ამას არ ვებრძვი, უბრალოდ, მიუღებელია ჩემთვის. ისედაც ლამაზი შეგქმნა უფალმა და "ნაკოლკებით" რომ იხატავ სხეულს, გალერეა ხარ მოძრავი თუ ქალი ხარ? შენ უნდა გიყურებდე, თუ ნახატებს უნდა მივჩერებოდე? ამიტომ, ქალი ყველაზე ლამაზია, როცა არის ბუნებრივი, შეყვარებული და ორსული.

წყარო: თბილისელები