ანი გიუნტერი ავთო გვასალიას გამო ლამაზდება – “ასეთი მამაკაცის გვერდით მართლაც ღირს გაღვიძება!”

  • 26 იანვარი 15:54

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში “დილა მშვიდობისა, საქართველო” ანი გიუნტერი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წამყვანია. ახალი სეზონიდან კი სტუდიაში მისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია  მუშაობა, აქეთ-იქიდან მამაკაცები უმშვენებენ გვერდს.

კვირაში სამჯერ მისი მეწყვილე ახალგაზრდა ჟურნალისტი ავთო გვასალიაა. მართალია, ჯერ მხოლოდ 3 თვეა, რაც ანი და ავთო ეკრანზე დაწყვილდნენ, მაგრამ ამ მცირე დროში ძალიან კარგად გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ და დღეს სამუშაოს მიღმაც ბევრ დროს ატარებენ ერთად.


ავთო ანიზე 17 წლით უმცროსია, მაგრამ ეს ურთიერთგაგებაში ხელს არ უშლით. ანის გვერდით დგას მამაკაცი, რომელიც იმ კომპლიმენტებით ანებივრებს, რომელთა მოსმენაც მას ძალიან აბედნიერებს.


როგორია ანისა და ავთოს ტანდემი ეთერში და მის მიღმა, ამას მათთან ერთობლივი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც "სარკემ" მოამზადა.


– როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს დილის გადაცემაში? ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაღვიძებულზე, როდესაც გადაცემა მიგყავს, ვინ გიზის გვერდით და როგორი ხასიათის პარტნიორი გყავს.


ავთო: თუ მკითხავთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დილიდან კარგ ხასიათზე ვიყო, გიპასუხებთ: ანი გიუნტერი.


ანი: ყოველთვის მინდოდა ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიჭთან ერთად გადაცემის წაყვანა იმიტომ, რომ ვთვლი, მაყურებელს სჭირდება სხვადასხვა ენერგეტიკა. ქალისა და მამაკაცის შეთამაშება ეკრანზე ყოველთვის მომგებიანია. მიხარია, რომ ჩვენი ტანდემი შედგა.


ყოველ დილით მიხარია სამსახურში მოსვლა, რადგან ვიცი, როგორც კი ოთახში შემოვდგამ ფეხს, ავთო ჩამირთავს ჩემს საყვარელ სიმღერას ერიკ ბენეტის შესრულებით და უკვე პოზიტიურ განწყობაზე ვდგები. ავთოს ასეთი დახვედრით კარგი განწყობა მექმნება, რაც შემდეგ გადაცემაშიც მეტყობა. როდესაც პარტნიორს ირჩევ, გინდა, ისეთი გყავდეს, რომელთანაც ყოველ დილით გიხარია გაღვიძება. მართალია, მე მარტო ვიღვიძებ, მაგრამ ვიცი, რომ ავთოსთან ერთად კარგად გამოვფხიზლდები და საუკეთესო განწყობაზე დავდგები.


ავთო: მართლა ერთად ვფხიზლდებით. სახლიდან რომ გამოვდივარ, ისევ მძინავს. ანის დილის რეჟიმში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მე კი ახლა ვეჩვევი ამ ყველაფერს. თავიდან ძალიან მეშინოდა, დილით რამდენად ვიქნებოდი ისეთი ხალისიანი და ენერგიული, როგორიც ცხოვრებაში ვარ, იქნებოდა თუ არა ჩემი განწყობა გადამდები მაყურებლისთვის. ანიმ და სხვა თანაწამყვანებმა მოახერხეს, რომ დღეს დილის 5 საათზე გაღვიძება მიხარია.


ანი: ავთო ძალიან მეიმედება, ძალიან კომფორტული პარტნიორია. ზუსტად ვიცი, რაღაც რომ მოხდეს და სტუდიაში მოსვლა დავაგვიანო, ავთო ანი გიუნტერიც იქნება, საკუთარი თავიც და მაყურებელს არაფერს აგრძნობინებს. ის ყოველთვის შენზე ზრუნავს.


მაგალითად, როდესაც განახლებული დილის ეთერისთვის ვემზადებოდით, ღამეების თენებაც გვიწევდა. მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ შეიძლებოდა მომშიებოდა და საჭმელს იძახებდა. ამიტომაც ხმამაღლა ვამბობ, რომ ღირს ამ მამაკაცის გვერდით დაჯდომა, რადგან მშიერს და მწყურვალს არ დაგტოვებს. მის თაყვანისმცემლებს იმასაც ვეტყვი, რომ ასეთი მამაკაცის გვერდით მართლაც ღირს გაღვიძება.


ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რის შესახებაც პროდიუსერმა დღემდე არ იცის და ალბათ რომ წაიკითხავს, გაგიჟდება. გადაცემა მიგვყავდა და ყავა მოგვინდა. როდესაც დილის 9 საათიანი “კურიერი” უნდა გასულიყო, 20 წუთი მოგვეცა იმისთვის, რომ სტუდიიდან გამოვსულიყავით, საერთოდ დაგვეტოვებინა ტელეარხი და ყავის დასალევად კაფეში დავმსხდარიყავით. ავთოს მანქანაში ჩავსხედით მიკროფონებით და გავვარდით.


ასეთ სიგიჟეს ჩვენნაირები თუ გააკეთებდნენ. ეთერში შესვლა რომ დაგვეგვიანა, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. მაშინ მივხვდით, რომ ექსტრემალურ სიტუაციაშიც შეიძლება ერთმანეთის იმედი გვქონდეს.


– ხასიათებით ისე უგებთ ერთმანეთს, რომ ასაკობრივი სხვაობაც არ იგრძნობა?


ავთო: სწორედ ამაშია ჩვენი დუეტის ხიბლიც, რომ მართალია, ჩვენ შორის 17 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ენერგეტიკა ძალიან გვაერთიანებს. მე უფროსი მეგობრები მყავს.


ანი: მას იმდენად კარგი მამაკაცური თვისებები აქვს, რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის. ძალიან აფასებს მის გვერდით მყოფ ქალს და ძალიან მანებივრებს კომპლიმენტებით, თანაც იცის, რომ ეს ძალიან მიყვარს.


ავთო: მეც მიყვარს ლამაზი ქალები და რატომ უნდა დავიშურო კომპლიმენტები?! ისე მყავს განებივრებული, თუ სხვასაც ვეტყვი კომპლიმენტებს, სწყინს და ბრაზდება. ერთხელ ჩართვაში გვყავდა ერთი გოგონა, რომლის მისამართითაც ვთქვი, რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ხან ყვავილს შევადარე და ხან კიდევ, რა ვიცი, რას. ანის იმდენად არ ესიამოვნა, რომ ეთერშიც არ შეიკავა თავი და მიმითითა, რომ არცთუ სასიამოვნო იყო სხვების მიმართ კომპლიმენტების მოსმენა.


ანი: არასოდეს ვმალავ, რომ ვგიჟდები კომპლიმენტებზე! ძალიან მიხარია, რომ ამ სეზონზე სტუდიაში მამაკაცების მხრიდან კომპლიმენტებით განებივრებული ვარ.


– ალბათ ბევრს აინტერესებს და ავთო იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ, როგორ გამოიყურება დილის 6 საათზე ახალგაღვიძებული ანი გიუნტერი.


ავთო: ანიზე 10-15 წუთით ადრე მოვდივარ სამსახურში, ამიტომ კარგად ვიცი, როგორია ახალგაღვიძებული. თმა ისეთ მდგომარეობაში აქვს, რომ შეიძლება შეგეშინდეს. სახეზეც აწერია, რომ აშკარად ძილი უნდოდა და ცოტა აფორიაქებულია. ეტყობა, რომ რაღაც აკლია. ამ დროს ვრთავ მუსიკას და შემდეგ ეს ქალი ხდება ლამაზი ანი გიუნტერი.


– ანი, ამ სეზონზე ძალიან დაიტვირთეთ, თითქმის ყოველდღე გიწევთ ეკრანზე მუშაობა. ხომ არ გიჭირთ?


ანი: დატვირთვას ვერ ვგრძნობ, რადგან ჩემთვის ეს არამხოლოდ სამსახურია, აქ ისეთი ადამიანები შევიკრიბეთ, სამსახურის გარეთაც გვიხარია ურთიერთობა. მაგალითად, ხშირად შემიძლია სამსახურის შემდეგ ავთოს დავურეკო და ვუთხრა: “მშია და წამოდი, სადმე ვჭამოთ”.


ავთო: მართალია, ჯერ 3 თვეა გასული, მაგრამ ძალიან მივეჩვიე დილის ცხოვრების რეჟიმს, მოვერგე ფორმატს და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ის ადამიანები რომ არ გიყვარდეს, რომლებთან ერთადაც მუშაობ, ძნელი იქნებოდა დილის 5 საათზე ადგომა და მაყურებლისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა.


– ავთო, რა არის ანიში, როგორც ქალში ისეთი, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ?


ავთო: ანი ძალიან ერთგულია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალს საკუთარი თავი უყვარს. ბევრი ქალი მინახავს, რომლებიც ლამაზებიც არიან, მოვლილებიც, მაგრამ არ ეტყობათ, რომ საკუთარი თავი უყვართ და ჰარმონიაში არიან. ანის კი ყოველთვის ეტყობა, რომ საკუთარ თავთან აბსოლუტურ ჰარმონიაშია.


– ამბობენ, ანის მძიმე ხასიათი აქვსო.


ავთო: ზოგჯერ რაღაც არ მოეწონება და ბრაზდება. მაგალითად, პირდაპირ ეთერში ანიმ ყავა გადაგვასხა, ეს აღვნიშნე და ცოტა ეწყინა.  ანის პირდაპირობაც ძალიან მომწონს.


– ანი, ავთოსთან ურთიერთობაში გაქვთ გაპრანჭვის მომენტი? გავრცელებული შეხედულებით, სამუშაო გარემოში კოლეგებს შორის გაპრანჭვა და კეკლუცობა მიღებული არ არის.


ანი: არ ვეთანხმები ასეთ წარმოდგენას – ეს არის პატივისცემა პარტნიორის მიმართ. პირიქით, ავთომ მოტივაციაც გამიზარდა, რომ სამსახურში უფრო გაპრანჭული ვიყო. ერთხელ ვიღაცამ აღნიშნა, რომ ძალიან გაპრანჭული ვიყავი სამსახურში. ავთომ კი მას უთხრა, ანი სახლშიც ასე დადისო. ძალიან მესიამოვნა და მთელი დღე ეს სიტყვები მახსენდებოდა.


– ანი, ავთოში რა მამაკაცურ თვისებებს ხედავთ, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია?


ანი: ავთო არის ადამიანი, რომელიც სხვის კომფორტზე ფიქრობს. ეს თუ ადამიანს არ აქვს, 60 წლის ასაკშიც ვერ ისწავლის. ძალიან მზრუნველია და მისი იმედი ყოველთვის გაქვს.


– თქვენი ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა ხომ არ გამხდარა ჭორის მიზეზი, არ გსმენიათ რაიმე თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე?


ანი: ჯერ არ ჭორაობენ, ჯვარი გვწერია! თუმცა არც ამაზე ვინერვიულებდით და ყველაფერს იუმორით შევხედავდით.


– რა ხდება თქვენი სამუშაოს მიღმა, როგორია თქვენი პირადი ცხოვრება?


ანი: მე მამაკაცების თანდასწრებით, თუნდაც ეს მამაკაცი ჩემი მეგობარი იყოს, პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ.


ავთო: არ მოვისმენ, შენს მკითხველს გაუზიარე.


– ანი, ეკრანზე აშკარად შეცვლილი ხართ. ამის გამო ამბობენ კიდეც, რომ სახეზე რაღაც პლასტიკური პროცედურა ჩაიტარეთ. მართალია?


ანი: არ ვიცი, ეს კომპლიმენტად მივიღო თუ არა, მაგრამ თუ კარგად გამოვიყურები ეკრანზე, ეს მახარებს. ალბათ ეს იმის დამსახურებაა, რომ გავხდი. სახეზე მხოლოდ ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ, სხვა არაფერი შემიცვლია.


– მაშინ აშკარად შეყვარებული ხართ, რადგან ძალიან ლაღი და თავდაჯერებული ხართ ეკრანზე.


ანი: ჩემი პირადი მარტო მე მეკუთვნის და ამით ვარ ბედნიერი. თუ სახეზე მეტყობა, რომ სიყვარულით სავსე ვარ, ასე იყოს.


– ავთო, თქვენი პირადიც სიყვარულით სავსეა თუ ჯერ – არა?


ავთო: დღეს არის ჩემს ცხოვრებაში გოგო, რომელიც განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევს, თუმცა ჯერ ურთიერთობა იმ ეტაპზე არ არის, რომ ეს საჯარო გავხადო. ორივე მხრიდან არის იმპულსები და ყველაფერი კარგად მიდის.


– “რუსთავი 2”-ში ხომ არ მუშაობს, ტელევიზიამ ხომ გაპოვნინათ სიყვარული?


ავთო: სხვათა შორის – კი.


წყარო