გიორგი კეკელიძე "შეშლილი ხალხისა" იყოს ამ დილაადრიან! ვიღაცისთვის ალბათ მეც ეგეთი ვარ

  • 26 იანვარი 14:41

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და წერს ლევან თაქთაქიშვილზე, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელზე.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან, ძალიან არ გვგანან. და არც უნდა გვგავდნენ. ისინი ნორმალურები, ამ სიტყვის ფიგურალური განცდით, არც არიან. აკვიატებული ხალხი, დიდ საქმეებს შეჭიდებული მანიაკისებრი ჟინით. მე ბევრს არ ვიცნობ ასეთს. ერთი-ორს. და მათ შორის ნამდვილად არის ლევან თაქთაქიშვილი. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი კაცი - უკიდურესად რთული და ახირებული. არ მახსენდება სამოქალაქო საკითხი, რაზეც მე და ლევანი ვთანხმდებოდეთ. ვერ ვიგონებ რამე მოვლენას, გინდ კარგს, გინდ ცუდს, რომელზეც ლევანი არ გამოვა და სრულიად უკუღმა არ ილაპარაკებს.
ეს ბევრს აღიზიანებს. ეჩხუბებიან. ემართლებიან.


და ამის პარალელურად:


არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც ამდენი წიგნი მოეძებნოს და გადაერჩინოს საკუთარი ქვეყნისთვის - ძველნაბეჭდი თუ ახალი.


არ არსებობს საქართველოში სპეციალისტი, ვინც ნებისმიერ გამოცემას კედლის იქით ცნობდეს თუნდაც გამოცვლილ გარეკანში.


ადამიანი, ვინც ბიბლიოთეკაში იძინებს, ყველა წერტილი იცის, კომუნისტების გადაღებილ კედლებს ფხეკს, სრულიად უნიკალურ მოხატულობებს აღმოაჩენს, ავეჯს და ნივთებს დაეძებს, საკუთარ ფულს ბოლომდე ხარჯავს და ერთი თეთრი არ უდევს ჯიბეში არასდროს - სულ ვალი კოლექციონერების და ბუკინისტების. მერე დავდივართ და ბიზნესმენებს ვეღრიჯებით, რომ გადაგვიხადოს.


და ეს ყველაფერი ჩვენ და ჩვენს შვილებს რჩება.


ჰოდა, ლევანი არ არის ნორმალური. და არც უნდა იყოს. აი, აგერ სოციალურ ქსელში, ნებისმიერ დღეს ერთი ფურცელი, ნივთი ან ბარელიეფის დეტალი რომ დაედო ხოლმე, აქაურობის სუპერვარსკვლავი გახდებოდა. ხან ვეუბნები, ვაძალებ, მაგრამ ყველაზე ხელოვნურად ეგ გამოსდის.


ახლა საფრანგეთში, ბურგუნდიაში ვართ. ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ბერნარ უტიე გვმასპინძლობს უნიკალური არქივით. ლევანი შევიდა და წამის უსწრაფესად გადმოალაგა ათიათასობით წიგნიდან უმთავრესები. ახალი ამბავი როდია. ჰოდა, ამ დილით მეღვიძება. ერთად ვართ პატარა ოთახში აქაური საოჯახო სახლის და ლევანი რაღაცას წერს დაჟინებით საკუთ FACEBOOK - ზე. აქ უთენიაა. ვიცი, მაგრამ სასწაულის იმედი მაქვს - ეგებ პაოლინის ლექსიკონი ან ბაქარის ბიბლია დადო. ვუთხარი, მანახე აბა, რა დაწერე მეთქი. მორცხვად მომაწოდა.


დავხედე და ლევანი წერს: "ვემხრობი სტალინის ძეგლის დაბრუნებას გორში!" თუ რაღაც ასეთი. ( ისე, ლევანი ის კაციცაა, ვისთან ერთადაც, დიდი ომით სტალინის პარტია გავაძევეთ ავლაბრის არალეგალური სტამბიდან და იქ მეხსიერების მუზეუმთან ერთად, ვახტანგის სტამბის მუზეუმს ვაკეთებთ).


ვეღარც გავბრაზდი. გამეცინა. აი, დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას. ხვალ, ზეგ, მაზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს. ლევანი ამოიგანგლება წიგნების მტვერში, მოივლის სარდაფებს და სხვენებს, გადამახდევინებს ბოლო ევროებს ფოსტაში წიგნების გამოსაგზავნად ( თვითონ უკვე გადახდილი ექნება) და საღამოს ისეთ რამეს დაწერს, სულ სხვაგან მყოფი სხვა კაცი გეგონება.
სხვები კი სწორად წერენ და არაფერს აკეთებენ. ან არასწორს.


ჰოდა, მე მირჩევნია ისევ ლევანთან ვიმეგობრო. მასთან და სხვა ცოტა გიჟ, ცოტა გაუგებარ ხალხთან ერთად ვაკეთო ის დიდი საქმე, რაც ახლა თუ არა, ოდესმე მაინც დაფასდება. რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ გვგვანან და მათ ვერაფრით შევცვლით, სისხლიც რომ დავღვაროთ და როგორც მივხვდი, არც უნდა შევცვალოთ. სხვანაირად ისინი ვერ იქნებიან რაც არიან.


მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
"შეშლილი ხალხისა" იყოს ამ დილაადრიან!
ვიღაცისთვის ალბათ მეც ეგეთი ვარ" - წერს გიორგი კეკელიძე.