ვინ არის კაცი, რომელიც 42 კატასთან ერთად ცხოვრობს (ფოტოები)

  • 26 იანვარი 12:30

ბათუმელმა ახალგაზრდამ ლევან ჩხაიძემ (ეს ის ბიჭია, ბათუმში უპატრონო ძაღლებს სახლებს რომ უდგამს) ამჯერად ბათუმის სკოლა–ლიცეუმ "მასტერკლასის“ მოსწავლეებთან ერთად მახინჯაურის ტყეში მცხოვრები მამუკა მათითაშვილი გაახარა .

ასეთ ისტორიებს ალბათ მხოლოდ ზღაპრებში ვკითხულობთ, მაგრამ ფაქტია, აქ, ჩვენთან, აჭარის რეგიონში უწყლოდ, უსაბნოდ, უშუქოდ, სითბოს გარეშე ადამიანი ბედის ანაბარა ცხოვრობს... მამუკა ლტოლვილია აფხაზეთიდან და სრულიად მარტო, ძმის მიერ აშენებულ პატარა მიწურში 42 კატასთან და 3 ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

მას უკვე 7 წელია საბნის ნაცვლად დღისითაც და ღამითაც კატები ათბობდნენ, თუმცა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შეშა, ღუმელი,  თბილი ტანსაცმელი, საბანი, პროდუქტები და კატების საკვები აუტანეს. ველოსიპედების მაღაზიის მფლობელმა მინდია ცხადაძემ მამუკას სრულიად ახალი, საბარგულიანი ველოსიპედი აჩუქა – ფეხით რომ აღარ იაროს ქალაქამდე. ლევანმა ერთობლივად შეკრებილი ფულით მამუკას კატებს დიდი, ლამაზი და ფერადი სახლი აუშენა. ასევე შექმნილია საბანკო ანარიში, სადაც მოხალისეები მამუკას თანხას ურიცხავენ.

"სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, 8 წელი რუსეთში ვცხოვრობდი. მყავს ძმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, საქართველოში სახლი ამიშენა და აქეთ გადმოვცხოვრდი. არავინ მყავს ძმის გარდა. არც მეუღლე მყავს –არავინ გამოჩნდა ისეთი, ცოლად რომ მომეყვანა. მამამ გარდაცვალებამდე ორი კატა დამიტოვა – მოუარეო... დედალ–მამამლი იყვნენ და... გამრავლდნენ. ძალიან მიყვარს კატები, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მამის დანატოვრებს ქუჩაში ხომ არ გავყრიდი... დროთა განმავლბაში რამდენიმეს ვაჩუქებდი, ბევრის გაჩუქებას ვერ ვახერხებდი და დღეს 42 კატა მყავს, აქედან 2 ორსულადაა და კიდევ მატებას ველი. ვერც სამსახურს ვიწყებ, მარტო ხომ არ დავტოვებ ამდენ კატას. როცა ქალაქში რამდენიმე საათით ჩავდივარ, საკვები რომ ვუყიდო, გული სახლში მრჩება. ფანჯარასთან მელოდებიან – როდის გამოვჩნდები. გარეთ ვერ ვუშვებ, გაიქცევიან. სულ სალხში არიან და რა თქმა უნდა ვწვალობ, როცა ვცდილობ, სანიტარული ნორმები დავიცვა... რასაც მარტო ვახერხებ, ვასუფთავებ... მაგრამ მაინც ცუდი მდგომარეობაა. ლტოლვილობის ფული მერიცხებოდა თვეში ერთხელ და აქამდე თავი ასე გავიტანე... ახლა, რადგან ანგარიში გავხსენი, ალბათ ამასაც მომიხსნიან... გამოჩნდნენ ადამიანები ვინც გულით მიმიღეს, სიკეთის ხელი გამომიწოდეს და უზომოდ მადლიერ ვარ მათი. მინდა თითოეულს უდიდესი მადლობა გადავუხადო!“  – გვითხრა მამუკა მათითაშვილმა.

„სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასის“ მოსწავლეებთან ერთად, მოვინახულეთ მამუკა,  და ერთი დღე გავუფერადეთ. მადლობა ემიგრანტ ხათუნა კუტუბიძეს, რომელმაც ამ ადამიანისთვის ისრაელიდან გაიღო წვლილი. ის არის სამაგალითო ადამიანი და დედა, რომელიც შვილს სიკეთეს ასწავლის. მადლობა „მასტერკლასის“ მე–12 კლასის მოსწავლეებს. მინდა მოგმართოთ – თქვენ ხართ გზა, რომელსაც უნდა მიყვეს მომავალმა თაობამ! ასევე მადლობა სკოლა „განათლების“ მოსწავლეს ხატია ბერიძეს, რომელიც მოვიდა და სახალისო ფიზიკური დახმარება გაგვიწია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მორალურად მიდგას გვერდით. ჩვენ ვაფერადებთ გულებს და ეს მე მაბედნიერებს! მამუკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისე უხდიდა მადლობას მოსწავლეებს... ეს ის დღე იყო, როცა, მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი. როცა დავეხმარეთ ადამიანს, ვისაც არავინ ჰყავს საზოგადოების გარდა. როცა მის თვალებში ვხედავდი უზომო ბედნიერებას... როგორ შეიძლება, ამ დღეს ხაზი არ გავუსვა ჩემს ცხოვრებაში... დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ აკეთებს სიკეთეს! ძალიან რთულია მისი კეთება. ბევრ განსაცდელს, სირთულეს გახვედრებს, თუმცა მთავარია რწმენა, რომ შენ გინდა რაღაც გააკეთო და ამას 100%–ით გააკეთებ, თუნდაც ქვეყანა ინგრეოდეს!“, – ამბობს ლევან ჩხაიძე. 





წყარო