გიორგი კეკელიძე სიბერეზე: ძალიან ცოტა დროა ბავშობიდან ბოლომდე, რომ რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს

  • 24 იანვარი 22:06

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს და აღნიშნავს, რომ ძალიან ცოტა დროა ბავშვობიდან სიბერემდე.

"დაიჯესტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანი ვერასდროს ვერ გაიგებს ბებერ სხეულს, რადგან ახალგაზრდად არის დაბადებული. ასე დაინახა და ისწავლა საკუთარი თავი. ძალიან ცოტა დროა ბავშობიდან ბოლომდე, რომ რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სახეებს კი მხოლოდ ვალდებულება ასერიოზულებს. სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები - მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ - ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში, სადილისას.
„გლახა ყოფილა სიბერე ნენაა“
კი, გლახა ყოფილა. არშემჩნეული სიბერე უფრო გლახაა. უფრო სწორად ვერ შემჩნეული. როცა სახლში მარტო ხარ და ეს სახლი სოფლის და ქალაქის განაპირას დგას, რაც, როგორც წესი, უფრო სოფელს ნიშნავს. ძროხა არის საძებნელი. მანქანამ ხომ არ დაარტყა სადმე. ეს ნახევრად ურბანული ძროხები ძირითად საძოვრად სტადიონს და სასაფლოებს მიიჩნევდნენ. იმ მხარეს უნდა გეძებნა. ღორები შორს არ მიდიოდნენ, იქვე ჭიშკართან იწვნენ ხოლმე და ძლიერ ძახილზე ძლივს ფხიზლდებოდნენ. ბებია ძველ ტაშტში წყალგარეულ ქატოს უსხამდა და თქვლეფდნენ. ქატოს რომ ასხამდა, ხვდებოდა, ხელები სტკიოდა, ძროხას რომ ეძებდა, ხვდებოდა – ფეხები. ეს ტკივილი ახსენებდა რაღაც საზღვარს, მაგრამ არაფერს ცვლიდა. ვერაფერს. მხოლოდ და ისევ:
- გლახა ყოფილა სიბერე, ნენა. - ამბობდა და სადღაც შორს იყურებოდა."- წერს კეკელიძე.