ალკოჰოლზე უარის თქმა ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ზრდის

  • 23 იანვარი 14:49

ალკოჰოლზე უარის თქმა ჭკუასუსტობის განვითარების რისკს ზრდის – ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევაც EurekAlert-ში გამოქვეყნდა.

თუ თქვენ კვირაში 14 ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს სვამთ, დიდი შანსია ინტელექტი დაგიქვეითდეთ და საბოლოოდ, ჭკუასუსტობამდე მიხვიდეთ. თუმცა ალკოჰოლზე სრულიად უარის თქმის შემთხვევაშიც შესაძლოა, ეს დაგემართოთ. უბრალოდ ამ დროს პროცესი სხვანაირად წარიმართება.

მეცნიერების ვარაუდით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ინტელექტის მოშლილობის ეს სახეობა აქვთ, 2050 წლისთვის დღევანდელთან შედარებით გასამმაგდება.

მკვლევართა აზრით, იმისათვის, რათა რისკები შემცირდეს, ალკოჰოლის გარკვეული დოზა უნდა მივიღოთ ისე, რომ ნორმას არ გადავაჭარბოთ.

საფრანგეთის ჯანდაცვისა და მედიცინის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის, Inserm-ის და ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ კავშირი საშუალო ასაკში ალკოჰოლის მოხმარებასა და ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობის განვითარებას შორის.

კვლევისას გამოიყენეს 9087 ადამიანის მონაცემები,  რომელთა შეგროვებაც 1985 წლიდან მიმდინარეობდა. მაშინ ეს ადამიანები 35-55 წლის ასაკის იყვნენ.

მეცნიერებმა შეაჯამეს ცდის პირების შესახებ 1985-2004 წლებში არსებული მონაცემები და დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვინც ალკოჰოლს ზომიერად მოიხმარდა, სხვებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ხვდებოდნენ საავადმყოფოში მსგავსი დიაგნოზით.

"თუ თქვენ კვირაში 1-დან 14 ჭიქამდე ალკოჰოლურ სასმელს სვამთ, ამან შესაძლოა მენტალური ჯანმრთელობა შეგინარჩუნოთ, თუმცა დოზის სისტემატური გადაჭარბების შემთხევაში გაცნობიერებული უნდა გქონდეთ რისკები" – აცხადებენ მკვლევარები.